ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდო


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს, 1 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რომლებიც რუსეთის რეგიონებზე უკრაინის საზღვართან თავდასხმებში მონაწილეობდნენ.

სამინისტრომ განაცხადა, რომ 18 დრონი ბრიანკის რეგიონში, 9 კურსკის და კიდევ 9 ბელგოროდის თავზე ჩამოაგდო.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დაზიანებულია სახლები ორ სოფელში და რომ თავდასხმების შემდეგ, რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბრიანსკის და კურსკის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ მათ რაიონებში დაშავებულები არ ყოფილან და არც რაიმე ტიპს დაზიანებას ჰქონია ადგილი.

რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს, ფრონტის ხაზზე წინ წაიწიეს. რუსეთის თქმით, მისმა ძალებმა კონტროლი აიღეს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის რეგიონში, სოფელ სტეპოვა ნოვოსელივკაზე და დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში - ნოვოპოკროვკაზე.

ხარკივსა და დონეცკში არსებული ვითარების შესახებ უკრაინის მხრიდან კომენტარი ამ დროისთვის არ გაკეთებულა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ორშაბათს სარაკეტო განგაში გაავრცელა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებიც რუსეთის საჰაერო თავდასხმების ხშირი სამიზნეა.

დნიპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა, სერჰი ლისაკმა ორშაბათს თქვა, რომ რუსული ძალები რაკეტებითა და არტილერიით თავს დაესხა ქალაქ დნიპროს. გუბერნატორის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, გვიან ღამით, გაიმეორა თავისი მოწოდება დასავლური ქვეყნების მიმართ, რომ შეამსუბუქონ შეზღუდვები, რომლებიც უკრაინულ ძალებს დასავლური იარაღის გამოყენებაზე დაუწესეს. ზელენსკის სურს, რომ მისმა ჯარებმა რაც შეიძლება მეტი დასავლური იარაღი გამოყენონ რუსეთის შიგნით, სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის.

”საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხის დასაცავად. შორი დისტანციური დარტყმები და თანამედროვე საჰაერო თავდაცვა არის საფუძველი ყოველდღიური რუსული ტერორის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისაც ეს ესმის",- განაცხადა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG