საფრანგეთის პოლიტიკური პარტიები ცდილობენ შექმნან ერთიანი ფრონტი, რომელიც მიზნად ისახავს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნული მოძრაობისთვის" (RN) გზის გადაკეტვას, მას შემდეგ რაც მან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში.
RN-მ და მისმა მოკავშირეებმა, კვირას გამართულ არჩევნებში ხმების 33%-ით გაიმარჯვეს, რასაც მოსდევს მემარცხენე ბლოკი 28%-ით და ორივე ეს კოალიცია, ბევრად უსწრებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტთა ალიანსს, რომელმაც 22% დააგროვა.
მიმომხლივლები აცხადებენ, რომ ეს დიდი მარცხი იყო მაკრონისთვის, რომელმაც ვადამდელი არჩევნები დანიშნა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ლე პენის პარტიამ დიდ გამარჯვებას მიაღწია.
შეძლებს თუ არა იმიგრაციის მოწინააღმდეგე, ევროსკეპტიკოსი ნაციონალისტური მოძრაობა შექმნას მთავრობა, ახლა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებით მოახერხებენ სხვა პარტიები ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთის ასობით საარჩევნო ოლქში, მეორე ტურისთვის გაერთიანებას.
მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტისა და მაკრონის ცენტრისტული ალიანსის ლიდერებმა კვირას ღამით განაცხადეს, რომ მომდევნო კვირას, მეორე ტურში ისინი საკუთარ კანდიდატებს მოხსნიან იმ ოლქებში, სადაც სხვა კანდიდატებს უკეთესი შედეგი აქვთ, RN-ის დასამარცხებლად.
თუმცა, გაურკვეველია, იმოქმედებდა თუ არა ასეთი პაქტი ყველა შემთხვევაში, თუ მაგალითად კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონის, ახალი სახალხო ფრონტის ერთ-ერთი წამყვანი წევრის, ულტრამემარცხენე საფრანგეთის დაუმორჩილებლობის (LFI) პარტიიდან იქნება.
მიმომხლილველთა შეფასებით, მელანშონი საფრანგეთის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამყოფი ფიგურაა, რომელიც აშინებს ამომრჩევლებს გადასახადების ფართო ხარჯვის წინადადებებით და კლასობრივი ომის რიტორიკით.
RN მიღწევებს მიესალმნენ ნაციონალისტები და ულტრამემარჯვენე ჯგუფები მთელ ევროპაში, მათ შორის იტალიის “ლიგა” და ესპანეთის “ვოქს”. პედრო სანჩესმა, ესპანეთის სოციალისტმა პრემიერმა თქვა, რომ მემარცხენე პარტიებს მაინც შეუძლიათ დაბლოკონ RN-ის გამარჯვება.
კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეინიშნება.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საფრანგეთის არჩევნებს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების კურსს და ტენდენციები, რომლებიც ადრე გამოიკვეთა ევროპის რიგ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშიც, დასტურდება“, - განაცხადა პესკოვმა. „ჩვენ დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ფრანგი ამომრჩევლის პრეფერენციები ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია”, - თქვა მან.
"ეროვნული მოძრაობა" ახლა უფრო ახლოს არის ძალაუფლებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
მეორე ტურის არჩევნების შედეგები აჩვენებს, მოახერხებენ თუ არა მემარცხენეები და მაკრონის ცენტრისტები გაერთიანებას, რათა “ეროვნულ მოძრაობას” გზა არ გაეხსნას მთავრობაში პოზიციების დაკავებისკენ. საფრანგეთი საპრეზიდენტო სისტემის ქვეყანაა და ამიტომ, ბევრი გადაწყვეტილება პრეზიდენტის პრეროგატივაა. მაკრონი ხელისუფლებაში 2027 წლამდე რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული "რესპუბლიკური ფრონტი" ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ წარსულში წარმატებული იყო, ანალიტიკოსები არ არიან დარწმუნებულნი, რომ ფრანგი ამომრჩევლები, მეორე ტურისთვის, პოლიტიკური ლიდერების მითითებების შესაბამისად მისცემენ ხმას.
Facebook Forum