ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს იმუნიტეტი აქვს ოფიციალური და არა პირადი ქმედებებისთვის


ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს, 1 ივლისს დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი არ შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ, პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის. თუმცა, იმავე სასამართლოს თქმით, შესაძლებელია, რომ ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს კერძო ქმედებებისთვის. ეს საეტაპო გადაწყვეტილებაა, რომელიც განსაზღვრავს რა დროს შეძლებს ტრამპი იმუნიტეტის გამოყენებას და რა დროს ვერა.

მოსამართლეებმა გადაწყვეტილება 6-3-ის წინააღმდეგ თანაფარდობით მიიღეს. კოლეგიის მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გააუქმეს ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფდა ტრამპის იმუნიტეტზე მოთხოვნას და მის დაცვას სისხლის სამართლის ბრალდებებისგან. გადაწყვეტილებას მხარი ექვსმა კონსერვატორმა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო სამი ლიბერალი მოსამართლე წინააღმდეგი წავიდა.

"ვასკვნით, რომ ჩვენი კონსტიტუციური სტრუქტურის მიხედვით, საპრეზიდენტო ძალაუფლების ბუნება მოითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდეს გარკვეული იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, მისი თანამდებობის პერიოდში [მიღებული] ოფიციალური ქმედებებისთვის", - წერს რობერტსი.

ტრამპი გადაწყვეტილებას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა და დაწერა: "დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!"

რობერტსმა თქვა, რომ ტრამპის საქმე შემდგომი განხილვისთვის ქვედა სასამართლოებს დაუბრუნდება.

სასამართლომ გააანალიზა ტრამპის საბრალდებო დასკვნაში შემავალი ოთხი კატეგორია: მისი დისკუსია იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებთან, 2020 წლის არჩევნების შემდეგ; მისი სავარაუდო ზეწოლა მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტზე მაიკ პენსზე, რათა დაებლოკა ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამოწმების პროცედურა; მისი სავარაუდო როლი თავისი ამომრჩევლების შეკრებასა და მათი ქცევის მართვაზე და ასევე მისი შესაძლო ჩართულობა დემონსტრანტების ნაწილის მიერ, 2021 წლის 6 იანვარს, ამერიკის კაპიტოლიუმში შევარდნასა და ძალადობაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს იმუნიტეტი აბსოლუტურად იცავს იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებთან საუბრის ეპიზოდში. მაგრამ, ქვედა სასამართლოებს დაუბრუნა საქმე, რათა დაადგინონ, აქვს თუ არა ტრამპს იმუნიტეტი დანარჩენ სამ კატეგორიაში შემავალ შემთხვევებში.

ამ ხასიათის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება, მე-18 საუკუნის შემდეგ პირველად მიიღო. ბოლოს, სწორედ მე-18 საუკუნეში განაცხადა უზენაესმა სასამართლომ, რომ ყოფილი პრეზიდენტები შეიძლება დაცულნი იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ნებისმიერ შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG