ბელარუსის ცნობით, უკრაინამ მეტი ჯარი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა განალაგა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჟიტომირის რეგიონში, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება. მომხდარზე განცხადება რუსეთშიც გააკეთეს. კრემლში თვლიან, რომ უკრაინის ქმედება შემაშფოთებელია.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ თავისი ძალების მობილიზება შაბათს დაიწყო.
უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის სპიკერმა ორშაბათს, 1 ივლისს, თქვა, რომ ასეთი განცხადებები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „საინფორმაციო ოპერაციის“ ნაწილია და რომ კიევს ძალები ბელარუსის საზღვართან იმისთვის ჰყავს განთავსებული, რომ თავიდან აიცილოს რაიმე პროვოკაცია.
ბელარუსის განცხადების და გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვაზე პასუხისას, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა და რომ დიალოგი მოსკოვსა და მინსკს შორის, მათ შორის ამ ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოებს შორის, მჭიდროა.
"ჩვენი თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში არიან. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების მიზეზი არა მხოლოდ მინსკისთვის, არამედ მოსკოვისთვისაც, რადგან ჩვენ ნამდვილად მოკავშირეები და პარტნიორები ვართ."
პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან, რომელიც ყაზახეთში 3-4 ივლისს გაიმართება და სხვა თემებთან ერთად, ამ საკითხსაც განიხილავენ.
ბელარუსმა, რუსეთის ახლო მოკავშირემ, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვის ომს, გასულ კვირას თქვა, რომ უკრაინასთან საზღვარს აძლიერებს და რომ ქვეყანამ, საბრძოლო მზაობის შესამოწმებლად, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების განყოფილება განათავსა.