მიხეილ გორბაჩოვმა, საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა, ცივი ომის დასრულებაში პოზიტიური როლი ითამაშა, მაგრამ მან ეს „იძულების ქვეშ“ გააკეთა, რადგან კომუნიზმი ჩამოშლის პროცესში იყო - ამბობს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების „სოლიდარობის“ ყოფილი ხელმძღვანელი ლეხ ვალენსა.
ვალენსა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული, პოლონეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც „პროფკავშირებისა და ადამიანის უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლის გამო“ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია ამბობს, რომ გორბაჩოვმა დადებითი გავლენა მოახდინა, თუმცა მის მოტივებთან დაკავშირებით, ეჭვებს გამოთქვამს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ის დადებითად უნდა განვსაჯოთ, მან დადებითი როლი ითამაშა, მაგრამ ეს იძულების ქვეშ იყო. ეს არ მომხდარა მისი ნებით, ეს არ იყო მისი სურვილი, ის ვითარებამ აიძულა“ - აცხადებს ვალენსა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.
ვალენსა ფიქრობს, რომ გორბაჩოვის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზანი, ჩამოშლის პირას მყოფი კომუნიზმის და საბჭოთა კავშირის გადასარჩენად გზების ძიება იყო.
საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი სამშაბათს, 91 წლის ასაკში, მოსკოვის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
1985-დან, 1991 წლამდე პერიოდში, გორბაჩოვმა შეერთებულ შტატებთან შეიარაღების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები აწარმოა და რკინის ფარდის ჩამოშლაში, დასავლეთის ძალებს პარტნიორობა გაუწია. დაინგრა ბერლინის კედელი, დაყოფის ერთ-ერთი ყველაზე ხილული ფიზიკური გამოხატულება, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა. 1991 წლის 25 დეკემებერს, გორბაჩოვმა სატელევიზიო მიმართვის დრო განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებდა.