უკრაინის შეიარაღებული ძალების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში უკრაინული ჯარის კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს.
იური სობოლევსკი, ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უკრაინის ეროვნულ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ხერსონში, ბერისლავსა და კახოვკაში. თუმცა, სხვა დეტალების გამჟღავნებისგან ადგილობრივი ხელისუფლება თავს იკავებს.
"ახლა ჩვენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მხარი უნდა დავუჭიროთ. ახლა არ არის დრო ჩვენი ბიჭების კონკრეტულ წარმატებაზე ვისაუბროთ" - თქვა სობოლევსკიმ. უკრაინის სამხედრო ლიდერები მოუწოდებენ ყველას, მაქსიმალურად ნაკლები ინფორმაცია გაასაჯაროვონ იმ შეტევებისა თუ წარმატების შესახებ, რომელიც ქვეყნის სამხრეთში შეიძლება ფიქსირდებოდეს. სობოლევსკის თქმით, ჯარს ახლა ყველანაირი მხარდაჭერა სჭირდება, რადგან კონტრშეტევა ძალიან ბევრ რესურსს მოითხოვს.
კრემლი სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ბრიფინგზე ითქვა, რომ უკრაინის სამხრეთში კონტრშეტევა ჩავარდა და უკრაინამ მძიმე დანაკარგები განიცადა როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ადამიანური რესურსის მხრივ. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის 3 ვერტმფრენი და 4 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
დამოუკიდებელი წყაროებით აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო "როიტერი".