ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად" - უკრაინის ყოფილი ელჩი 


უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება. მან გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა და უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

"ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველა შევიცვალეთ. და ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს.

უკრაინას მხარს უჭერს მსოფლიო, უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას, პუტინის რუსეთის ირგვლივ იზოლაციის წრე იკუმშება. ჩვენ ვიცით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დღეს ყველაფერი ჯარზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული და არასდროს დაგვავიწყდება, რომ უკრაინელ მცველებთან ერთად დგანან ქართველები და ისინი სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მარადიული ხსოვნა გმირებს"- წერს უკრაინის ყოფილი ელჩი საქართველოში.

დოლგოვმა ვრცელ წერილში საქართველოში ჩამოსვლაც გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომელთანაც დიპლომატი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

"მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. ჩვენ ერთად ავიყვანეთ უკრაინულ-ქართული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ერთად გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები, ვცდილობდით არ დაგვეკარგა დინამიკა როგორც ვაჭრობაში, ასევე კონტაქტებში. მადლობა ყველას, ვისთანაც მქონდა საშუალება მემუშავა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს"! - წერს დიპლომატი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG