ქართული ოცნება ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის შეთანხმებაში ასახვა, არის მართლმსაჯულებაში ჩარევა. მმართველი პარტიის თქმით, მიუხედავად ამისა, პარტნიორების დამოკიდებულების გათვალისწინებით, ისინი ამას არ შეეწინააღმდეგებიან.
„ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რურუას შეიწყალებს თუ პოლიტიკური პარტიები საქართველოში ევროკავშირის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
„ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს", - თქვა ზურაბაშვილმა.
ქართული ოცნება აცხადებს, რომ ისინი გეგმავენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს. თუმცა ამბობენ, რომ მის შინაარსში დამატებითი ცვლილებები არ უნდა შევიდეს.
"ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხმებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“, - ამბობს ის.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს პარტნიორებმა მკაფიოდ თქვან, რომ „საპარალამენტო არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა“.
"ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და რისთვისაც, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში, იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს", - ამბობს თალაკვაძე.
18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, მხარეებს საქართველოში ახალი დოკუმენტი შესთავაზა, რომელიც საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის, ვადამდელი არჩევნების ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირების და პოლიტიკური პარტიმრების გათავისუფლების პირობებს მოიცავს.
Facebook Forum