საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზალკალიანი Twitter-ზე წერს:
“სახელმწიფო მდივან ბლინკენთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ.
აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით კრიტიკული მნიშვნელობისაა და მტკიცე რჩება. ველოდებით [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის გასაძლიერებლად", - აღნიშნავს ზალკალიანი.
აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით კრიტიკული მნიშვნელობისაა და მტკიცე რჩება. ველოდებით [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის გასაძლიერებლადდავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი
ზალკალიანისა და ბლინკენის სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა ხუთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - ღია საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ლიბერალური აკადემიისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ წერილის გაგზავნა ამერიკელი სენატორების სახელზე.
მესამე სექტორი სენატორებს სთხოვს უფრო აქტიურად ჩაერთონ, საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში, ასევე სთავაზობენ კონკრეტულ გეგმას კრიზისის განმუხტვისთვის:
- გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს ქვო, ანუ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან.
- უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა (მელია და რურუა) პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით, რომლებიც მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
- დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერით. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.
- წახალისებულ უნდა იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა.
- მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღწერილი რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში - ნათქვამია წერილში.
- ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წარუმატებელი მედიაციის შემდეგ, ამერიკელების გააქტიურება საქართველოსში პოლიტიკური კრიზისის დროულად დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია:
-
ევროპა მაქსიმალურად ცდილობდა აქ კრიზისის გადაჭრას, მედიაციის პროცესი აქტიურად ჩაატარა, თუმცა ამ მომენტისთვის ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ჩვენი აზრით, თუკი ამერიკის ასეთივე ჩართულობა იქნება, შესაძლებელია მეტის მიღწევა მოხერხდესქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი
„როგორც ვნახეთ, ევროპა მაქსიმალურად ცდილობდა აქ კრიზისის გადაჭრას, მედიაციის პროცესი აქტიურად ჩაატარა, თუმცა ამ მომენტისთვის ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. - ჩვენი აზრით, თუკი ამერიკის ასეთივე ჩართულობა იქნება, შესაძლებელია მეტის მიღწევა მოხერხდეს“ - მიაჩნია ქეთი ხუციშვილს.
„ამ კრიზისის დასასრულებლად „ქართული ოცნება“ უნდა დათანხმდეს ძალაუფლების განაწილებას, უარი თქვას არადემოკრატიულ ქმედებებზე, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე, და აიღოს კონკრეტული გადაუდებელი რეფორმების განხორციელების ვალდებულება“, – ვკითხულობთ ამერიკელი სენატორების სახელზე გაგზავნილ წერილში.
წერილის ავტორთა რწმენით, საქართველოში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი ხელს მხოლოდ კრემლს აძლევს იმ ფონზე, როცა ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორებია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფად გაწევრიანებისთვის.
ქართულმა არასამთავრობო სექტორმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ რონ ჯონსონს წერილით მაშინ მიმართა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, ხოლო ვაშინგტონში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
Facebook Forum