ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს, ამბობს შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩავარდნის შემდეგ? როგორ გაგრძელდება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები? ამ თემებზე ჯორჯ კენტს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ შაბათს, "ტვ პირველზე", გადაცემაში "ხევდვა ვაშინგტონიდან".
ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, კენტი ამბობს, რომ "ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას".
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქვეყნისთვის სასწორზე მომავალი განვითარებაა. "საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის".
შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ ქევყანაში დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა იმ ფონზე, როცა პოლიტიკური დაპირისპირება უკვე თვეებია გრძელდება, ჯორჯ კენტმა თქვა:
"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რაც მოსმენაზე სენატორ რიშს ვუთხარი. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს".
სრული ინტერვიუ ჯორჯ კენტთან:
Facebook Forum