საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად შეერთებული შტატების კონგრესიდან კიდევ ერთი ორპარტიული განცხადება ვრცელდება.
განცხადებაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში და მისი დემოკრატი კოლეგა, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი, საქართველოს მთავარობას „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“ მოუწოდებენ.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში მისი ლიდერი ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალების და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევრო-ატლანტიკური გზისგან", - ამბობენ ისინი.
"ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად ასევე ცალკე განცხადება გაავრცელა წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრეგორი მიკსმა და კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა.
განცხადებაში კონგრესმენები ამბობენ, რომ "ქართველი ხალხის მიერ წლობით გაწეული მძიმე სამუშაო" ახლა საფრთხის წინაშეა.
"საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა", - აცხადებენ კონგრესმენები, წარმომადგენელთა პალატიდან.
ისინი "ქართულ ოცნებას" ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებენ.
"პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას. ვშიშობთ, რომ სხვა მცირე პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონში, ფართო შეშფოთება და გამოხმაურებები 23 თებერვალს გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრას მოჰყვა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. სპეცრაზზმა რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დააკავა. მელია ამ დროისთვის რუსთავის 12-ე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.
Facebook Forum