ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“- გახარიას მხარდამჭერებმა პარტია დატოვეს


„ქართული ოცნების“ 6-მა დეპუტატმა, რომლებიც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მხარდამჭერებად ითვლებოდნენ, დღეს თქვეს, რომ პარტიას ტოვებენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა თქვეს, რომ ახალ პარტიას გახარიასთან ერთად ქმნიან. გიორგი ხოჯევანიშვილმა, ყოფილი პრემიერის თანაგუნდელმა განაცხადა, რომ ჯერ საუბარი პარტიის ახალი წევრების ვინაობაზე ნაადრევია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას მაისში გეგმავს.

ხოჯევანიშვილის თქმით, გუნდი დაიწყებს მზადებას, იქნება ეს თვითმმართველობის თუ სხვა არჩევნები. ჟურნალისტების შეკითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, გიორგი ხოჯევანიშვილმა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერენ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც „განმუხტავს რადიკალიზაციას და განხეთქილებას საზოგადოებაში“.

ჟურნალისტების კიდევ ერთ შეკითხვაზე, დატოვებენ თუ არა მმართელ პარტიას სხვა დეპუტატებიც, ხოჯევანიშვილმა უპასუხა, რომ მიმდინარე მოვლენები აძლევს ამის ფიქრის საშუალებას.

გახარიას გუნდის წევრები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათი გუნდის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და მათი გამოყოფა მხოლოდ პარლამენტში ფასადური ოპოზიციის ყოფნის სურვილითაა გამოწვეული.

დღეს, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ცვლილებებზე, კომენტარი ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, რყევები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში და „ქართულ ოცნებაში“ ბუნებრივია, იმ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ამ გუნდმა შექმნა „თავისი მავნებლური, უპასუხისმგებლო ნაბიჯებით ქვეყანაში“.

ბოკერიას აზრით, იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან დამოუკიდებლობა დაამტკიცონ, გახარიას მომხრეებმა თავიანთი მკაფიო აზრი უნდა დააფიქსირონ ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თემებზე.

„თავისთავად ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით, ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას, ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის პოზიტიური" - აცხადებს ბოკერია.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რა გათვლები აქვს, ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს".

დღეს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა, რომლებიც თავს უწოდებენ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს და მასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG