ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აცხადებს, რომ ბაიდენ-პუტინის სამიტზე საუბარი ჯერ ადრეა


რუსეთმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ადრეა საუბარი ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადებაზე, შეხვდეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. კრემლმა ვაშინგტონს მოუწოდა, მის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ დააწესოს, წერს გამოცემა „რია ნოვოსტი“.

13 აპრილს, ბაიდენმა სატელეფონო საუბარში რუს კოლეგას სამიტი შესთავაზა, ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საკითხების განსახილველად და მოუწოდა მოსკოვს, შეამციროს დაძაბულობა უკრაინის საზღვარზე, სადაც რუსული ჯარის მობილიზაცია ხდება.

მოსკოვსა და ამერიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „მკვლელი“ უწოდა. საპასუხოდ მოსკოვმა ვაშინგტონიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. ის ამერიკის დედაქალაქში ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

„ჯერ ადრეა ამ შეხვედრის რეალურობაზე საუბარი. ეს წინადადებაა და ის უნდა იქნას შესწავლილი“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთი ემზადება ახალი სანქციებისთვის ვაშინგტონიდან, მას შემდეგ რაც ბაიდენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსკოვი გადაიხდის ფასს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო. მოსკოვი ჩარევის მცდელობას უარყოფს.

ახალი სანქციები ამ დრომდე არ დაწესებულა. სანქციების ანონსს რუბლის დავარდნა მოჰყვა. თუმცა, ბაიდენის და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსული ვალუტა გამყარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG