ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკა მელია პატიმრობაში და ოპოზიციის ახალი გეგმა


ნიკა მელია საკანში
ნიკა მელია საკანში

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სასამართლომ, რომელიც 13 აპრილს გაიმართა, კვლავ პატიმრობაში დატოვა. ოპოზიცია თვლის, რომ როგორც თავად სასამართლო სხდომები, ისე გადაწყვეტილებები, პოლიტიზირებულია და მას სამართლებრივ წესრიგთან კავშირი არ აქვს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ოპოზიცია თავადაა დაინტერესებული საკითხის პოლიტიზირებით და მთავარი პოლიტიკური ოპონენტის პატიმრობაში ყოფნით.

ამირან გულუაშვილმა, პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „25 თებერვალს ჩვენი გაჟღერებული შეთავაზება იყო, რომ თუ დაცვის მხარე შეასრულებს 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრულ პირობებს, ანუ 40 ათასი ლარის გირაოს, დავაყენებთ ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობას.“ ეს სიტყვა ნიკა მელიამ პროკურორს შეაწყვეტინა. სასამართლო სხდომაზე ის ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას იმაში, რომ მას ხელისუფლება პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იყენებს.

"მელიები" პროტესტზე
"მელიები" პროტესტზე

„პოლიტიკურ გუნდს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დავეპატიმრებინე“,- ამბობდა მელია, თუმცა ეს მოსაზრება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ გაიზიარა. მან ძალაში დატოვა 17 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება პატიმრობის მისჯის თაობაზე, რის გაცხადების შემდეგაც, მელიამ მას „მონა“ უწოდა“. მოსამართლემ იგი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

სასამართლო სხდომის შემდგომ, ბრიფინგზე პროკურორი ამირან გულუაშვილი ნიკა მელიას განთავისუფლების სამართლებრივ მექანიზმებს შემდეგნაირად განმარტავდა: „ბრალდების მხარის 25 თებერვლის, ისევე, როგორც 8 აპრილის შეთავაზება გულისხმობდა შემდეგს: თუ დაცვის მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ეს მზადყოფნა, ჩვენის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც ახალი გარემოება და ამ ახალი გარემოების საფუძველზე ჩვენ მივმართავდით სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი. ამგვარი მზადყოფნა დაცვის მხრიდან არ დაფიქსირებულა. ანუ, ლოგიკურად, იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წინაშე, წინარედ, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც ეთანხმება გირაოს გამოყენებას.“

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკითხის დაყვანა გირაოს გადახდა-არ გადახდამდე სრული ნონსენსია და ხელისუფლებას ეს იმისთვის სჭირდება, რომ ოპოზიციური მორჩილების აქტის დემონსტრირების მოწმე გახდეს.

პოლიტიკური მოლაპარაკების სასწორზე ერთ-ერთ საკითხად ნიკა მელიას განთავისუფლებაც დევს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნასთან ერთად.

ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020
ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020

„არავითარი გირაო არ არსებობდა, იტყუებოდნენ, უნდოდათ დაპატიმრება. უნდოდათ დაპატიმრება იმიტომ, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. ეს ამბავი გრძელდება ახლა. გრძელდება ვაჭრობა. ესაა მანტიაში შეხვეული საზიზღრობა, რომელსაც სასამართლო, უბრალოდ, დააბრალეს და დაარქვეს",- აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკა მელიას საკითხზე კომენტირებისას იგივეს ამბობენ, რასაც უკვე თვეების მანძილზე: „საოცრება ის არის, რომ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, ისეთი რეზისტენტულობა, წინააღმდეგობრივი პოზიცია გამოავლინა ნაც-მოძრაობამ და მათ მიერ მივლენილმა ადვოკატებმა, რომ პრაქტიკულად, მოსამართლესაც რომ ჰქოდეს აზრად ნიკა მელიას განთავისუფლება, ვერ შეძლებს ამას... ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა მუდმივად გააგრძელოს სპეკულაცია ამ თემაზე“, - ამბობს გიორგი ვოკლსკი „ქართული ოცნებიდან“.

მელია
მელია

"ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ნებისმიერ დროს შეძლებს საპატიმრო დაწესებულების დატოვებას. „თუ მას სურს, რომ გამოვიდეს [ციხიდან], ამისთვის მხოლოდ ამ სურვილის დაფიქსირებაა საჭირო. რაც შეეხება მის აღსასრულებლად გზებსა და მექანიზმებს, ეს გამოინახება".

ნიკა მელიას ოპოზიციური სპექტრი პოლიტ-პატიმრად მიიჩნევს. ხელისუფლებისთვის კი საქართველოში პოლიტ-პატიმრები არ არიან. „თუკი აქამდე მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეიდან ის არის პოლიტიკური ტყვე, რადან პროკურატურის პოზიციის თანახმად, პატიმრობა არაა აუცილებელი საქმის განხილვისთვის. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ნიკა მელია დატოვა პატიმრობაში. ნიკა მელიას ხელისუფლება იყენებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე სავაჭროდ. ესაა ტრიუკი უცხოელი პატრნიორებისთვის, თითქოსდა მელიამ თვითონ დაიპატიმრა საკუთარი თავი,“- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი, ნიკა მელიას ადვოკატი.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ჯერ ვერ მიაღწიეს პოლიტიკური სიმწიფის იმ ნიშნულს, როდესაც შეთანხმებები ოპონენტებს შორის ძალის დემონსტრირების გარეშეა შესაძლებელი.

ნიკა მელია
ნიკა მელია

„ქართული ოცნება ახლა კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან ის ხედავს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს საქართველოში ჯერ კიდევ არ გააჩნიათ მასების მობილიზების უნარი. საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, სამწუხაროდ, მასების მობილიზება და მასობრივი ეფექტის მოხდენა, გაცილებით უფრო მყარი არგუმენტია, ვიდრე პოლიტიკურად დალაგებული საუბარი. „ქართულ ოცნებას“, ამ შემთხვევაში, კონსტრუქციული საუბრისკენ უფრო მეტ ბიძგს მისცემდა, ის, თუ ოპოზიციური პარტიები შეძლებენ მასების მობილიზებას და ამ მუხტის შენარჩუნებას დიდი ხნით. ქართულ რეალობაში ეს ასეა,“- აცხადებს შალვა ძებისაშვილი.

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, თებერვალში სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადებით მიმართა პარლამენტს. იმ დროს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისის პროცესების განხილვა ბევრი ეჭვის საფუძველს ქმნიდა. ნიკა მელიას მიმართ დაწყებული საქმისწარმოება სწორედ 20 ივნისის საპროტესტო გამოსვლას უკავშირდება.

„20 ივნისის საქმეს ორი განზომილება აქვს. ერთი არის მასობრივი არეულობის მიმართულება, რომელსაც შსს იძიებს და მეორე გამოძიება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მეორე გამოძიებაში არაერთი პირი იყო დაზარალებული, ვინც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მხოლოდ და მხოლოდ სამ პირს აქვს ბრალი წარდგენილი და მათ მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებია გამოყენებული. ერთ მხარეს ნელი, მდორე გამოძიების პროცესი, მეორე მხარეს კი აქტიური გამოძიება, სადაც საპატიმრო ღონისძიებებიცაა გამოყენებული, ჩვენი აზრით, გარკვეულ უსამართლობას აჩენს,“- აცხადებს გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.

ოპოზიციის შეკრება
ოპოზიციის შეკრება

ნიკა მელიას სასამართლო სხდომის შემდგომ, ოპოზიციამ, პარტია „ლელოს“ ოფისში, გაფართოებული შეხვედრა გამართა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 15 მაისის აქციისთვის სრული ძალებით მობილიზება გადაწყვიტეს. ამ პროცესში ჩაერთვებიან მხარდამჭერები რეგიონებიდანაც, სადაც გასვლით და აქტიურ შეხვედრებს ოპოზიცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყებს. ახლა ოპოზიციას აქვს თავისი გეგმა. ეს გეგმა გულისხმობს საქართველოში ნაცად და აპრობირებულ მეთოდს: მასობრივ შეკრებებს, ეგრეთ წოდებულ თავების დათვლას, რაც მარტივი ამოცანა სულაც არაა კოვიდ-პანდემიისა და კომენდანტის საათის პირობებში.

XS
SM
MD
LG