ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჭიდაობას რა უნდაო: ქართველებს ორი ოქრო, რუსებს - არცერთი


გორელი გენო პეტრიაშვილი თურქ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აქგიულს ამარცხებს
გორელი გენო პეტრიაშვილი თურქ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აქგიულს ამარცხებს

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი ორმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ მოიპოვა. ეს ისტორიული ამბავი პარიზში, ბერსის ბულვარზე მდებარე - AccorHotels Arena-ზე მოხდა.

ქართული ჭიდაობის ისტორიაში აქამდე რვა შემთხვევა იყო, როცა მსოფლიო ჩემპიონატიდან ორი ჩემპიონით დავბრუნდით. პირველად ეს 63 წლის წინ მოხდა. 1954 წელს, ტოკიოში, ოქროს მედლები, ვახტანგ ბალავაძემ და და არსენ მეკოკიშვილმა მოიპოვეს. ბოლოს, კი თავისუფლებში, ორი მსოფლიო ჩემპიონი 1990 წელს გვყავდა, როცა ისევ ტოკიოში, ლერი ხაბელოვმა და დავით გობეჯიშვილმა იმარჯვეს.

27 წლის შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქში, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. პირველი ოქროს მედალი სამშობლოს, 23 წლის გორელმა გოლიათმა გენო პეტრიაშვილმა მოუპოვა, მეორე ოქრო კი ყვარლის მკვიდრმა, 25 წლის ზურაბ იაკობიშვილმა აიღო. პარიზში, ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი გორელი ვლადიმერ ხინჩაგაშვილი.

ოქროს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთვაარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე
ოქროს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთვაარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებში ბრინჯაოს მედლებს: 26 წლის აბაშელი რევაზ ნადარეიშვილი და 23 წლის ნორიოელი რობერტ კობლიაშვილი დაეუფლნენ. კობლიაშვილს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რუსეთის სახელით მოასპარაზე, ოლიმპიური ჩემპიონი ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე, ტრავმის მიზეზით არ გამოუცხადდა.

„თავისუფლების“ გუნდურ ჩათვლაში საქართველომ აშშ-სა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, ბერძნულ-რომაულში კი მეოთხე ადგილს დასჯერდა.

125 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი თბილისში დღეს დაბრუნდა და ფინალში, თურქი მეტოქის ტაჰა აქგიულის სიძლიერეზე გაამახვილა ყურადღება:

საბრძოლველად კარგად განვეწყვე, ძალიან რთული შეხვედრა იყო, ტაჰა აქგიული ყველა მომენტს კარგად გრძნობს, მაგრამ გარდამტეხ დროს შევძელი მომგებიანი ქულების აღება და საბოლოოდ გავიმარჯვე“
გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში

„მე და აქგიული აქამდე ხუთჯერ შევხდით ერთმანეთს. იმას უფრო მეტჯერ აქვს ჩემთვის მოგებული, იმიტომ რომ ძლიერი სპორტსმენია, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის გამარჯვებული.

პარიზში საბრძოლველად კარგად განვეწყვე, ძალიან რთული შეხვედრა იყო, ტაჰა აქგიული ყველა მომენტს კარგად გრძნობს, მაგრამ გარდამტეხ დროს შევძელი მომგებიანი ქულების აღება და საბოლოოდ გავიმარჯვე.“

გორელი გენო პეტრიაშვილის გამარჯვება მძიმე წონაში მართლაც გამორჩეული მოვლენაა, თუ მხედველობაში მივიღებთ, ამ ახალგაზრდის თავზე რა ქარტეხილებმა გადაიარა.

ზუსტად 12 წლის წინ, 2005 წლის 19 აგვისტოს, 11 წლის გენო, ქარელის რაიონის სოფელ ნულიდან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ოსურ-ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ოკუპირებული ჯავის რაიონის მიმართულებით გაიტაცა.

ტყვეობაში გენომ 99 დღე გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ 2005 წლის 25 ნოემბერს მოხერხდა. შემდეგ იყო ტყვეობით გამოწვეული უზარმაზარი სტრესის დაძლევის, ოჯახსა და საზოგადოებაში ხელახალი ადაპტაციის ურთულესი წლები, რომელიც ჭიდაობამ და გამზრდელმა მწვრთნელმა ნუგზარ სხიერელმა გადაატანინა.

2012 წელს, 18 წლის ასაკში პეტრიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო; 2014 წელს, კი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მიაყოლა, თუმცა, ეს ოქროს მედალი გენოს პრედუქტალის გამო ჩამოართვეს, რომელსაც პეტრიაშვილი ტყვეობის შემდეგ რეგულარულად სვამდა და რომელიც FILA-მ (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ) იმ წელს, აკრძალულ პრეპარატთა სიაში შეიტანა.

ჩემპიონობის ჩამორთმევამ და 6 თვიანმა დისკვლიფიკაციამ გენო ვერ გატეხა, მომდევნო წლებში პეტრიაშვილმა 2-2 ჯერ მოიგო მსოფლიოს (2013, 2015) და ევროპის ჩემპიონატების (2013, 2017) ბრინჯაო. 2016 წელს, პირველად კარიერაში ევროპის ჩემპიონი გახდა, შარშანვე, რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

პარიზში, მსოფლიოს პირველ ოქრომდე პეტრიაშვილმა რუსეთის ჩემპიონი ხიზრიევი გაანადგურა (13-2), ასევე, იოლად სძლია კანადელ ჯარვისს (10-0) და სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს (12-2).

125 კგ წონით კატეგორიაში, 2017 წლის ფინალული შეხვედრა: პეტრიაშვილსა და თურქ ლეგენდას, მსოფლიოს 2 გზის, ევროპის 4 გზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აქგიულს შორის, ჭიდაობის ექსპერტთა აზრით, პარიზის ჩემპიონატის ერთ-ერთი მშვენება იყო.

თურქი მოჭიდავე თავიდანვე 4-0 დაწინაურდა, თუმცა, გენომ ორი 2 ქულიანი გდებით აქგიულს პირველივე პერიოდში გაუთანაბრა და მეორე პერიოდში წინაც გავიდა - 8-4. ოლიმპიური ჩემპიონი დანებებას არ აპირებდა და შეხვედრის დასრულებამდე 52 წამით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა 8-8.

პეტრიაშვილი აქგიულთან გადამწყვეტ ქულებს იღებს
პეტრიაშვილი აქგიულთან გადამწყვეტ ქულებს იღებს

ეს ანგარიში უკვე თურქს აძლევდა ხელს. თუმცა გენომ 22 წამით ადრე აქგიული ილეთზე დაიჭირა და საბოლოოდ ურთულეს ფინალში 10-8 იმარჯვა. ანალოგიურად მოუგო პეტრიაშვილმა აქგიულს 2016 წლის ევროპაზეც, მაშინ ქართველი 0-6 აგებდა.

თურქი ოლიმპიური ჩემპიონი პარიზში მარცხმა იმდენად გამოიყვანა მწყობრიდან, რომ ქართველს ხელი არ ჩამოართვა, თუმცა, ეს შეცდომა დაჯილდოების ცერემონიაზე გამოასწორა.

კიდევ უფრო უღირსად მოიქცნენ 65 კგ წონით კატეგორიაში, ახალი ჩემპიონის ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილის დამარცხებული მეტოქეები: რუსეთის ნაკრების წევრი, ეთნიკური ოსი ალან გოგაევი, რომელმაც ქართველთან ნახევარფინალი ბოლო წამზე წააგო და პოლონეთის სახელით მოასპარეზე, ეთნიკური დარგუელი მაგომედმურად გაჯიევი. იგი იაკობიშვილთან ფინალში 1-3 დამარცხდა.

სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას: გაჯიევი უკვე გაქცეულია, ახლა გოგაევი გარბის
სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას: გაჯიევი უკვე გაქცეულია, ახლა გოგაევი გარბის

დაჯილდოვების შემდეგ, ტრადიციული სამახსოვრო ფოტოს გადაღებისა მათ ქართველი ჩემპიონი და კუბელი ბრინჯაოს მედალოსანი ალეხანდრო ვალდესი მიატოვეს, გასახდელისკენ ჯერ გაჯიევი გაიქცა, შემდეგ მას გოგაევიც მიჰყვა. მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი ამბობს:

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე შევძელი და ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიე, ოქროს მედალი ავიღე. დიდი მადლობა ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს, ჩემს პირველ მწვრთნელს და ფედერაციას“
ზურაბ იაკობიშვილი, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე შევძელი და ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიე, ოქროს მედალი ავიღე. დიდი მადლობა ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს: გიორგი იანტბელიძეს, დავით ოთიაშვილს და დავით პოღოსიანს, ასევე ჩემს პირველ მწვრთნელს გივი მეტრეველს და ფედერაციას.“

მსოფლიო ჩემპიონატი პარიზში, რუსული ჭიდაობის სკოლის სერიოზული ჩავარდნით აღნიშნა. პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვერც თავისუფალ და ვერც ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრებმა ოქროს მედალი ვერ მოიპოვა.

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოში, ოკუპირებულ ცხინვალში დაბადებული ეთნიკური ოსი ჯამბოლათ თედეევია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს კი ეთნიკური ქართველი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ქუთაისელი გოგი კოღუაშვილი წვრთნის. ბოლო 16 წელია, რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც, ასევე ქართული ფესვების მქონე, ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ მამიაშვილია.

საბოლოოდ 5 ვერცხლით და 5 ბრინჯაოთი - რუსებმა მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე იაპონია გავიდა, მეორეზე - აშშ, მესამეზე - თურქეთი, მეოთხე ადგილი კი საქართველოს ხვდა წილად.

ქართული ჭიდაობის ლეგენდა ვახტანგ ბალავაძე
ქართული ჭიდაობის ლეგენდა ვახტანგ ბალავაძე

ქართველი მსოფლიო ჩემპიონები თავისუფალ ჭიდაობაში

სსრკ-ს დროშით

1954 (ტოკიო) - ვახტანგ ბალავაძე (73 კგ), არსენ მეკოკიშვილი (87კგ)

1957 (სტამბოლი) - ვახტანგ ბალავაძე (73 კგ)

1959 (თეირანი) - გიორგი სხირტლაძე (79 კგ)

1961 (იოკოჰამა) - ვლადიმერ რუბაშვილი (62 კგ)

1963 (სოფია) - გურამ საღარაძე (78 კგ)

1965 (მანჩესტერი) - გურამ საღარაძე (78 კგ)

1969 (მ.დ პლატა) - ზარბეგ ბერიაშვილი (74 კგ), შოთა ლომიძე (100 კგ)

1971 (სოფია) - ლევან თედიაშვილი (82 კგ), შოთა ლომიძე (100 კგ)

1973 (თეირანი) - ლევან თედიაშვილი (90 კგ)

1974 (სტამბოლი) - ლევან თედიაშვილი (90 კგ)

1975 (მინსკი) - ლევან თედიაშვილი (90 კგ)

1985 (ბუდაპ) - ლერი ხაბელოვი (100 კგ), დავით გობეჯიშვილი (130 კგ)

1987 (კლერმონი) - ლერი ხაბელოვი (100 კგ)

1990 (ტოკიო) - ლერი ხაბელოვი (100 კგ), დავით გობეჯიშვილი (130 კგ)

1991 (ვარნა) - ლერი ხაბელოვი (100 კგ)

საქართველო დროშით

2002 (თეირანი) - ელდარ კურტანიძე (96 კგ)

2003 (ნიუ იორკი) - ელდარ კურტანიძე (96 კგ)

2005 (ბუდაპეშტი) - რევაზ მინდორაშვილი (84 კგ)

2015 (ლას ვეგასი) - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ)

2017 - ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

ქართული ჭიდაობის ლეგენდა გივი კარტოზია
ქართული ჭიდაობის ლეგენდა გივი კარტოზია

ქართველი მსოფლიო ჩემპიონები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

სსრკ-ს დროშით

1953 (ნეაპოლი) - გივი კარტოზია (79 კგ)

1955 (კარლსრუე) - გივი კარტოზია (79 კგ)

1958 (ბუდაპეშტი) - გივი კარტოზია (79 კგ), როსტომ აბაშიძე (87 კგ)

1961 (იოკოჰამა) - ავთანდილ ქორიძე (67კგ)

1962 (ტოლიდო) - როსტომ აბაშიძე (97კგ)

1963 (სოფია) - როსტომ აბაშიძე (97კგ)

1966 (ტოლიდო) - რომან რურუა (63 კგ)

1967 (ბუქარესტი) - რომან რურუა (63 კგ)

1969 (მარ-დელ-პლატა) - რომან რურუა (62 კგ)

1970 (ედმონტონი) - რომან რურუა (68 კგ)

1978 (მეხიკო) - ვახტანგ ბლაგიძე (52 კგ)

1981 (ოსლო) - ვახტანგ ბლაგიძე (52 კგ), მიხეილ სალაძე (100 კგ)

1982 (კატოვიცე) - თემურ ყაზარაშვილი (48 კგ), თემურ აფხაზავა (82 კგ)

1983 (კიევი) - თეიმურაზ აფხაზავა (82 კგ)

1987 (კლერმონი) - გურამ გედეხაური (100 კგ)

საქართველო დროშით

2001 (პატრახი) - მუხრან ვახტანგაძე (85 კგ)

2002 (კრეტეი) - მანუჩარ კვირკველია (66 კგ)

2007 (ბაქო) - დავით ბედინაძე (60 კგ), რამაზ ნოზაძე (96 კგ)

ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი ფინალში მაგომედმურად გაჯიევს ამარცხებს
ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი ფინალში მაგომედმურად გაჯიევს ამარცხებს

XS
SM
MD
LG