ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს 10 მედლიდან 9 ძიუდოისტებმა მოუპოვეს


მზია ბებოშვილი
მზია ბებოშვილი

რუსეთის დელეგაციის ტრიუმფით აღინიშნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც წინა კვირაში თბილისმა უმასპინძლა. 1991 წლიდან მოყოლებული, როცა ბრიუსელში ფესტივალი პირველად ჩატარდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდული ოლიმპიადა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაიმართა.

საქართველოს დედაქალაქში სპორტის 9 სახეობაში, ევროპის 49 ქვეყნის 3800-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. საბოლოოდ, რუსებმა 37 მედალი მოიპოვეს, აქედან 17 ოქრო და საერთო ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს. მეორე ადგილზე - 24 მედლით (12 ოქრო) იტალია გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები კი საფრანგეთმა (22 მედალი - 9 ოქრო) და უნგრეთმა (23 მედალი- 9 ოქრო) გაიყვეს. აღსანიშნავია, მოლდოველი ახალგაზრდების კარგი გამოსვლა, მათ თბილისში 5 ოქროს და 2 ვერცხლის მედლის აღება შეძლეს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შაბათს, ოლიმპიურ სოფელში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვის შემდეგ კერძო აღნიშნა:

„ეს ექვსი დღე იყო საკმაოდ დატვირთული, მაგრამ საკმაოდ საინტერესო. ღირსეულთა შორის ღირსეულებმა გაიმარჯვეს და მათ შორის, მისასალმებელია ის, რომ ოთხი ოქროს მედალი ჩვენც გვხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდა ამ ღონისძიების ჩატარებით. ის, რომ წარმატებულ ევროპულ ქალაქებს შორის, თბილისმაც ღირსეულად უმასპინძლა ამ ფესტივალს, დასტურია იმისა, რომ ჩვენ მართლაც ევროპული ქალაქი ვართ.“

რას შეეხება საქართველოს დელეგაციის გამოსვლას - ოლიმპიურმა ფესტივალმა კარგად გამოაჩინა, რომ ქართულ სპორტში ძალიან ღრმა კრიზისია. კალათბურთში ბოლო ადგილზე გავიდნენ როგორც საქართველოს ჭაბუკთა, ისე გოგონათა ნაკრები გუნდები. სამწუხაროდ, იგივე შედეგი აჩვენეს ქართველმა ახალგაზრდებმა ხელბურთსა და ფრენბურთში.

წარუმატებელი იყო ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთსა და მძლეოსნობაში. სპორტულ ტანვარჯიშში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო 17 წლის თბილისელმა დიმიტრი გოვოროვმა.

დანარჩენი ცხრა მედალი, აქედან ოთხი ოქრო კი საქართველოს ძიუდოს სკოლამ მოუტანა. აღნასანიშნავია გოგონათა ბრწინვალე გამოსვლა. 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ მზია ბებოშვილი და ეთერ ლიპარტელიანი. 44 კილოგრამ კატეგორიაში კი ბრინჯაო მოიპოვა ნატალია ყიფშიძემ. ჭაბუკებიდან ოქროს მედლებს რობინზონ ბეგლარიშვილი (60კგ) და ონისე სანებლიძე(90 კგ) დაეუფლნენ.

თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, მზია ბებოშვილი ქალთა ძიუდოს ნამდვილი აღმოჩენა და ამომავალი ვარსკვლავია. ივლისის დასაწყისში 17 წლის გოგონამ ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ახლა ოლიმპიური ფესტივალი და მალე მსოფლიო ჩემპიონატი ელოდება.

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მიხარია, რომ ვასახელე ჩემი სამშობლო და პირველი ადგილი დავიკავე. დღეიდან უკვე მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყებ და იმედი მაქვს, რომ იქაც ამ შედეგს გავიმეორებ.“

საქართველოს ბიუჯეტს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპიძლობა დაახლოებით, 65 მილიონი ევრო დაუჯდა. ამასთან, მთავრობამ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, 500 ჰექტრამდე მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა ჩინეთის კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“, რომელმაც ოლიმპიური სოფელი ააშენა.

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ჩინური კომპანია ოლიმპიურ სოფელში საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს უკვე საკუთარ ფასებში გაყიდის.

საქართველოს დედაქალაქის სპორტულ ინფრასრუქტურას კი შეემატა ახალი საუცურაო აუზი, მძლეოსნობის სტადიონი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი, ჩოგბურთის კორტები და ხელბურთის სასახლე.

XS
SM
MD
LG