საპარლამენტო არჩევნებამდე 18 დღით ადრე, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღიად მოუწოდა ამომრჩეველს, რომ არ დაუშვან, „ერთპარტიული“ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა, სადაც მანდატების უმრავლესობა (2/3) ერთ პოლიტიკურ ძალას ექნება. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში “ქვეყანა უკან დაცურდება და ღრმა კრიზისამდე მივა”.
48 წლის დავით უსუფაშვილი, რომელმაც პარლამენტის თავჯდომარის პოსტი 2012 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით დაიკავა, ოთხი წლის თავზე, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ზუსტად იგივე შეცდომას უშვებს, რაც მმართველობის პირველ წლებში, მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა.
2004 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეტაპობრივად უარი თქვა „ვარდების რევოლუციის“ დროს შეძენილ კოალიციურ პარტნიორებზე (რესპუბლიკელებზე, კონსერვატორებზე, გაერთიანებულ დემოკრატებზე) და მთლიანად საკუთარ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეყრდნო. დავით უსუფაშვილის აზრით, ანალოგიურად მოქმედებს დღეს ივანიშვილიც.
დღეს, აღმოჩნდა, რომ ბრძოლაში ერთად წასული პარტნიორები: რესპუბლიკელები, ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და სხვები, აღარ არიან საჭირო და სამაგიეროდ, უფრო ღირებულნი გახდნენ, მოწინააღმდეგე ბანაკიდან, „ნაცმოძრაობიდან“ აქეთ გადმობარგებული ხალხი. ზუსტად ეს გააკეთა მიშა სააკაშვილმა 2004 წელს"დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე
„რატომ ემთხვევა ასე ერთი-ერთში, ის არჩევანი, რომელსაც დღეს აკეთებს „ქართული ოცნება“, იმასთან, რაც თავის დროზე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა? დღეს, აღმოჩნდა, რომ ბრძოლაში ერთად წასული პარტნიორები: რესპუბლიკელები, ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და სხვები, აღარ არიან საჭირო და საინტერესო. სამაგიეროდ, უფრო ღირებულნი გახდნენ, მოწინააღმდეგის ბანაკიდან, „ნაცმოძრაობიდან“ აქეთ გადმობარგებული ხალხი. ზუსტად ეს გააკეთა მიშა სააკაშვილმა 2004 წელს.
„პარლამენტში უნდა იყოს ერთი მონოლითური ძალა, იმიტომ რომ ქვეყანას არა აქვს საპარლამენტო დებატების დრო! ჩვენ რეფორმები გვაქვს გასატარებელი! ამას ამბობდა მიშა და ამას გვეუბნება დღეს ბიძინა ივანიშვილი,“ განაცხადა უსუფაშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა, ოფიციალურად 2016 წლის აპრილში დაიშალა. თუმცა, რღვევა გაცილებით ადრე, 2014 წელს, დაიწყო, როცა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადადგა და მას „თავისუფალი დემოკრატები“ გაჰყვნენ.
დაპირისპირების ბოლო აკორდი მსოფლმხედველობრივ შეუთავსებლობასთან ერთად, საარჩევნო სიაში „კოალიციურ კვოტებზე“ შეუთანხმებლობა გახდა, რის შემდეგაც - ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ ერთპარტიული სიის ფორმირება დამოუკიდებლად გადაწყვიტა და რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი და მრეწველები გარიყა.
დღეს, ყოფილი პრემიერი, რომელიც საკუთარი ტელევიზიის ეთერით, უკვე ოც დღეზე მეტია აქტიურად არის ჩაბმული, საკუთარი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციაში, უკვე მოურიდებლად ესხმის თავს - ყოფილ მოკავშირეებს.
განსაკუთრებით, რესპუბლიკურ პარტიას, თავისუფალ დემოკრატებს და ეროვნულ ფორუმს, რომლებიც 2011 წლის ოქტომბერში, „ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებად“ თავად ივანიშვილმა აირჩია და რომლებთან ერთადაც - მოიგო 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
რესპუბლიკელებს - ივანიშვილმა „განათლებით დამძიმებული თავები“, ურეიტინგო და „ცუდი პოლიტიკური პარტნიორები“ უწოდა; „თავისუფალი დემორატები“ კორუფციასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობაში დაადანაშაულა, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერზე კი თქვა, რომ პოლიტიკაში „მილიონის“ საშოვნელად იყო მოსული.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ მომავალ პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობისა და სატელიტი, ფორმალური ოპოზიციის (პატრიოტთა ალიანსი, პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის) გასვლისთვის იბრძვის.
რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა აეხსნა, თუ რატომ უჭერს მხარს მხოლოდ "ქართულ ოცნებას," როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში.
მხარს ვუჭერს ქართულ ოცნებას, რადგან, დღეს, ეს არის ერთადერთი გუნდი, სამწუხაროდ, ვისაც ხელეწიფება ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში მრავალპარტიულობასთან, რასაც ოპონენტები მსაყვედურობენ"ბიძინა ივანიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე"
„მე ვუჭერს მხარს ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს, რომელიც არის „ქართული ოცნებიდან“ წამოყენებული, მხარს ვუჭერს ამ პარტიას, რადგან, დღეს, ეს არის ერთადერთი გუნდი, სამწუხაროდ, ვისაც ხელეწიფება ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს.
ეს არ მოდის წინააღმდეგობაში მრავალპარტიულობასთან, რასაც ოპონენტები მსაყვედურობენ, რომ თითქოს ადრე სხვანაირად ვამბობდი და ახლა სხვანაირად ვამბობ.“
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ბოლო 26 წლიან ისტორიაში, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში, ძირითადად, ერთ პარტიას ჰქონდა: საპარლამენტო ანაც საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ასეთი იყო, 1990, 1995, 1999, 2004 და 2008 წლის მოწვევის პარლამენტები, სადაც მაშინდელი მმართველი პარტიები: მრგვალი მაგიდა - თავისუფალ საქართველო, (1990 წელი, 250 ადგილიდან 124 დეპუტატი), მოქალაქეთა კავშირი (1995-235-108; 1999-235-131) და ნაციონალური მოძრაობა (2004-235-150; 2008-150-119) ყველაზე მეტი დეპუტატით იყვნენ წარმოდგენილნი.
მრავალპარტიული საქართველოს საკანონმდებლო ორგანო სულ ორჯერ იყო: პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობის შემდეგ, 1992 წელს, როცა 150 ადგილიან პარლამენტში, ხმების განაწილების პრეფენციის წესით 24 პოლიტიკური ჯგუფი შევიდა;
და, 2012 წელს - მაშინ 150 მანდატიდან 85 ადგილი - რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტიან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეხვდა, 65 კი - „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც მთავარია, საქართველოში ხელისუფლება პირველად არჩევნების გზით შეიცვალა.