ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი განქორწინება


დაფუძნებიდან ოთხი წლის თავზე და საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, მმართველი კოალიაცია აღარ არსებობს. „ქართული ოცნება“, რომელსაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსები და პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის სურვილი აერთიანებდა, ისევ მარტივ მამრავლებად დაიშალა.

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა წინა კვირას მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლად წარდგება. მანამდე, რესპუბლიკელები ინარჩუნებენ სამ პორტფელს პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტში და პარლამენტის თავჯდომარის პოსტს.

დღეს, რესპუბლიკელების გზას უკვე „ეროვნული ფორუმი“ გაუყვა, თუმცა, უმრავლესობა და პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტი ახლავე დატოვა. წინასაარჩევნო კაპმანიაში „ფორუმიც“ დამოუკიდებლად ჩაერთვება. უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ ანალოგიურ განცხადებას „მრეწველები“ და „კონსერვატორები“ გააკეთებენ.

ნათელია, რომ ყოფილი პრემიერი და უკვე ყოფილი კოალიციის ლოკომოტივი, ბიძინა ივანიშვილი მომავალ არჩევნებზე მთელ ფსონს საკუთარ პარტია - „ქართულ ოცნებაზე“ ჩამოვა.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, რა ნიშანს დაიკავებს განახლების რეჟიმში მყოფი ეს პარტია, განსაკუთრებით, ევრო-ატლანტიკურ საგარეო კურსთან დაკავშირებით.

„ერთის მხრივ არის დეკლარირებული პროდასავლური კურსი, მაგრამ რომ შეხედავ პარტია "ქართულ ოცნებას", მეტისმეტად აშკარაა ეს კონტრასტი, დეკლარირებულ კურსსა და ამ ადამიანების საუბარს შორის. ამიტომ რაღაც უხერხულობას ეს ქმნის. მაგრამ, როგორც ჩანს, ბიძინა ინავიშვილს და გარკვეულ ლიდერებს პარტიაში იმედი აქვთ, რომ ამას ეშველება, ანუ პარტიის დაანონსებული განახლება მოხდება და ქართული ოცნების იმიჯი შეიცვლება.“

„დღეს, რომ ყოფილიყო მინიმალური შანსი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენს კი არა, თუნდაც, იმის ნახევარ ხმებს აიღებს, რაც წინა არჩევნებზე აიღეს, შანსი იყო, რომ ისევ ერთად წავსულიყავით არჩევნებზე.
სოზარ სუბარი

ახალი სახეები ამომრჩეველს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აპრილის ყრილობაზე უნდა წარმოუდგინოს. „ოცნების“ მომავალი საარჩევნო სია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, გამომდინარე იქედან რომ სწორედ ამ სიით გასული პერსონალიებით უნდა დაკომპლექტდეს, მომავალი მინისტრთა კაბინეტი და არჩეული იქნას პარლამენტის ახალი თავჯდომარე.

„ოცნების“ განახლებული საარჩევნო სიის ფორმირებაში, აქტიურად არის ჩაბმული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ასევე გადაწყვეტილია, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთვება.

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი, მთავარი პოლიტიკური ოპონენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი რეიტინგია

„დღეს, რომ ყოფილიყო მინიმალური შანსი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენს კი არა, თუნდაც, იმის ნახევარ ხმებს აიღებს, რაც წინა არჩევნებზე აიღეს, შანსი იყო, რომ ისევ ერთად წავსულიყავით არჩევნებზე.

მაგრამ, აღარ არის ამის შანსი, მორჩა, დამთავრდა. ამიტომაც, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, კოალიციის ყოფილი პარტნიორები, მივდივართ, ყველანი ჩვენ-ჩვენი დღის წესრიგით.“

კოალიცია „ქართული ოცნება“ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კოალიციამ ხმების თითქმის 55 პროცენტი მიიღო და ხელისუფლებაში მოვიდა. 2013 და 2014 წლებში, კოალიციამ საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებიც მოიგო.

რღვევის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, როცა კოალიციიდან "ხალხის პარტია" გავიდა. 2014 წელს, მათ "მწვანეთა პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" მიყვნენ, 2016 წელს კი კოალიციის დაშლა, "რესპუბლიკელებისა" და "ეროვნული ფორუმის" გასვლით გაფორმდა.

XS
SM
MD
LG