საქართველოში საარჩევნო რეფორმაზე 2020 წლისთვის იფიქრებენ. ამაზე მეტყველებს ნაბიჯები, რაც 2016 წლის არჩევნების წინ გადაიდგა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რომლის აუცილებლობასაც ხედავდა როგორც პრეზიდენტი, ისე ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში (ზოგი ხელისუფლებაში მოსვლამდე, ზოგი კი ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ), ამჯერად ადგილი არ ექნება. ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება იმეორებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, რომელმაც მმართველობის მთელი პერიოდის მანძილზე საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცლილებისკენ ნაბიჯი არ გადადგა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სასურველია საქართველოში იყოს სამხარეო-პროპორციული საარჩევნო სისტემა. ხელისუფლება ამგვარ რეფორმას, რომელმაც შესაძლოა შედეგად კოალიციური მთავრობა მოიტანოს, სარისკოდ მიიჩნევს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს კანონს ხელი მოაწერა და ეს ქმედება იმით განმარტა, რომ კანონი ასრულებს იმ ნორმებს, რისი გათვალისწინებაც საკონსიტუტიო სასამართლომ მოითხოვა. „პირველი: ეს ცვლილებები არანაირად არაა ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია.რადგან ჩვენ ყველას ერთად გვესმის და მიგვაჩნია, რომ საუკეთესო ვიცით, რა არის, რატომ არ დავადგინოთ ეს საუკეთესო დღეს, არამედ მოვითმინოთ კიდევ 4 წელიწადი, ბოლომდე გასაგები ჩემთვის ეს არაა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
კანონის არსებულ ვარიანტი ყოფილისგან იმით განსხვავდება, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიცვლება, რადგან მეტ-ნაკლებად დაახლოვდეს ამომრეველთა რაოდენობა ცალკეულ საარჩევნო ერთეულში. თუმცა ტერიტორიების დაყოფა საკმაოდ ხელოვნურად გამოიყურება და სავარაუდოდ, ბევრ ტექნიკურ პრობლემასაც გამოიწვევს არჩევნების წინ. კოალიცია ქართული ოცნების გარდა არსებული საარჩევნო კანონი არავის მოსწონს. ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს: „მე მოვისურვებდი პრეზიდენტს ჰქონოდა უფრო მეტად პრინციპული პოზიცია. მას სწორი შეფასებები აქვს, სწორი ანალიზი აქვს, თუმცა, ამავე დროს, არ აღმოაჩნდა ის პოლიტიკური ძალა და უნარი, რომ ვეტო დაედო იმ კანონისთვის, რომელიც არღვევს საარჩევნო უფლების ძირითად პრინციპებს.“
ამერიკის ხმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელს ლევან ნატროშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო რეალურ ცვლილებას კანონისთვის ვერ მოიტანდა, რადგან იგი დაძლეული იქნებოდა პარლამენტის მიერ, თუმცა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო რეფორმის გატარება იმ დროში, რაც არჩევნებამდეა დარჩენილი შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ პოლიტიკური ნება ამ შემთხვევაში, დეფიციტს წარმოადგენს. „მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ფაქტობრივად, მორგებულია ხელისუფლებაზე. პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში საკმაოდ სუსტები არიან იმისთვის, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტი წარმოადგინონ რეგიონებში. ამ მხრივ, სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის უპირატესობა აქვს ხოლმე. გარდა ამისა, მაჟორიტარული დეპუტატობის კანიდატების უმრავლესობა, საკმაოდ დიდი ჯგუფი, როგორც წესი, ბიზნესმენები, მდიდარი ადამიანები არიან, ვისაც დიდი გავლენა აქვს რეგიონში და როგორც ვხედავთ, ხელიდან ხელში გადადიან: ერთი ხელისუფლებიდან მეორეში და 4-5 მოწვევის პარლამენტის წევრებად წარმოგვიდგებიან, როგორც წესი. ხელისუფლება ხედავს მისთვის ძალაუფლების დაკარგვის რისკს საარჩევნო რეფორმაში. როდესაც იცის, რომ უფრო მეტი ხმის მიღება შეუძლია არსებული საარჩევნო სისტემის მიხედვით არჩევნებზე, ვიდრე იმ სისტემით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომაც ხელისუფლებას არ აქვს კანონის რეფორმირების მოტივაცია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად აქტიური,“- ამბობს ლევან ნატროშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც წინასაარჩევნო დროის ათვლა უკვე დაწყებულია, კანონის რეფორმა არასტაბილურობის ეფექტს იქონიებდა.