ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადამწყვეტი ბრძოლა „მერყევი ამომრჩევლისთვის“


გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 26-დან 34 პროცენტამდე მერყეობს. ზურაბ ქურციკიძის (EPA) ფოტო
გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 26-დან 34 პროცენტამდე მერყეობს. ზურაბ ქურციკიძის (EPA) ფოტო

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს 8 ოქტომბერს საკუთარ ხმას.

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, 2016 წლის აპრილში, „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ რაოდენობა 60 % აღწევდა. ეს იყო რესპოდენტთა ის რაოდენობა, რომელმაც კვლევის დროს „უარი თქვა“ პასუხის გაცემაზე ან განაცხადა, რომ „არ იცის“ ვის მისცემს ხმას.

უკვე ივლისის ბოლოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვაში, ასეთი კატეგორიის ამორჩეველთა რაოდენობამ - 57 % შეადგინა.

აგვისტოს ბოლოს ჩატარებული, გერმანული GFK-ს კვლევაში „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ წილი - 26,7 %, იმავე პერიოდში, ამერიკული JPM-სა და ქართული GORBI-ის ერთობლივ სოციოლოგიურ კვლევაში კი - 34 % იყო.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ „გადაუწვეტელმა ამორჩეველმა“, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომავალი არჩევნების შედეგებზე:

"სკეპტიკოსი ამომრჩევლის ხვედრითი წილი, დღესდღეობით, აჭარბებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრეთა რაოდენობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, რომელმაც საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ვერცერთმა პოლიტიკურ ძალამ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა ახალ პარლამენტში"
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგიის პროფესორი

„ამ კვლელების მიხედვით, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე გადაუწყვეტელი ამომრჩეველია ამ ქვეყანაში. ანუ, სკეპტიკოსი ამომრჩევლის ხვედრითი წილი, დღესდღეობით, აჭარბებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრეთა რაოდენობას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო შედეგია, რომელმაც საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ვერცერთმა პოლიტიკურ ძალამ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა ახალ პარლამენტში და ჩვენ შეიძლება გვყავდეს კოალიციური მთავრობა.“

თუ გავავლებთ პარალელს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, სოციოლოგების აზრით, მაშინ „გადაუწვეტელმა ამორჩეველმა“ მართლაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

2012 წლის ივლისს-აგვისტოში, NDI-ის გამოკითხვის დროს, ასეთი კატეგორიის ამომრჩევლის რაოდენობა - 43 % აღწევდა. კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“, 4 წლის წინ - 22 % თქვა რომ „არ იცოდა“ ვინ იქნებოდა მისი რჩეული და 21 % - საერთოდ „უარი განაცხადა“ პასუხზე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტის, სოციალური მეცნიერებების დოქტორის კეტლინ ფრანკოვიკის აზრით, NDI-ის ივლისს-აგვისტოს გამოკითხვის შედეგები თავდაყირად დააყენა 2012 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებამ, რის შემდეგაც, „გადაუწვეტელი და მერყევი ამორჩეველის“ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და არჩევნებშიც გაიმარჯვა.

ამ მოსაზრებას არ იზირებს, დღეს უკვე პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. იგი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ 2012-შიც არჩევნების უპირობო ფავორიტი იყო და ახლაც ასეა. გუშინ, ოზურგეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ თემაზეც ისაუბრა:

"ჩემი თანაგუნდელი ამბობდა, რომ არა ის ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ციხიდან გამოვიდა ჩვენ არჩევნებს ვერ მოვიგებდითო. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ის ვიდეოკადრები არ ყოფილა გამაოგნებელი ქართული საზოგადოებისთვის, ყველამ ყველაფერი იცოდა, გამაოგნებელი იყო უცხოელებისთვის“
ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი

„მახსოვს ერთ-ერთი ჩემი თანაგუნდელი ამბობდა, რომ არა ის ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ციხიდან გამოვიდა ჩვენ არჩევნებს ვერ მოვიგებდითო. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ისე დაემთხვა, რომ ჩვენ ციხის კადრების გამოსვლამდეც გვქონდა კვლევა და მერე ჩავატარეთ და არცერთი პროცენტი ქართულ ოცნებას ამის გამო არ მომატებია. ის ვიდეოკადრები არ ყოფილა გამაოგნებელი ქართული საზოგადოებისთვის, ყველამ ყველაფერი იცოდა, გამაოგნებელი იყო უცხოელებისთვის.“

მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან თამამი პროგნოზების, ახალ პარლამენტში 100 დეპუტატის შეყვანასთან დაკავშირებით, ექსპერტების აზრით, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ისე მმართველი პარტია, დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით, აქტიურად იბრძვიან „გადაუწვეტელი და მერყევი ამომრჩევლის“ მიმხრობისთვის.

პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ამაზე მეტყველებს, გახმაურებული სასამართლო საქმეების დასკვნითი პროცესების წინასაარჩევნოდ განხილვა და დღეს, ხელისუფლების კონტროლირებად სატელევიზიო არხებზე, ივანიშვილის მიერ დაფინანსებული, 24 სერიანი ფილმის გაშვების ფაქტიც.

ცნობილია, რომ სერიალში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „დანაშაულებრივი მოღვაწეობაა“ ასახული და მისი ჩვენება ოქტომბრამდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG