ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოქალაქე ივანიშვილის „ვარდის კოკორი“


"3-4 წელიწადში ვერ გააკეთებთ 15-20 წლის გასაკეთებელს“
"3-4 წელიწადში ვერ გააკეთებთ 15-20 წლის გასაკეთებელს“

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სია საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია, პარტიის დამფუძნებელმა, არაოფიციალურმა ლიდერმა, მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

ივანიშვილმა ჯერ ვრცელი ღია წერილით მიმართა თანამემამულეებს, შემდეგ, პირისპირ ესაუბრა "რადიო თავისუფლებას, დღეს კი პირდაპირ ეთერში, ქართული ტელევიზიების ჟურნალისტებს შეხვდა.

ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ მას და მის გუნდს, რომელიც ქვეყანას ბოლო ოთხი წელია მართავს, ისევ აქვს საზოგადოების ნდობა. სწორედ ამიტომ, ივანიშვილი აპირებს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომელიც ოფიციალურად ხვალ აიღებს სტარტს, საქართველო “სოფელ-სოფელ შემოიაროს” და საზოგადოება ხელახლა დაარწმუნოს რომ ხმა ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცენ.

"მაქვს განსაკუთრებული როლი და ისევ ვგრძნობ საზოგადოების ნდობას"

“ჩემს გარეშე რა შედეგს მიიღებდნენ, რამდენად შეიძლება დაეხმაროთ ჩემი ჩარევა, ეგ რთული გასაზომია, ციფრებით გითხრათ, თუ ბევრით და ცოტათი გავზომო ძალიან მიჭირს. თუმცა, რატომღაც დღესაც ასე მგონია, რომ მაქვს განსაკუთრებული როლი. რამეთუ, ისევ ვგრძნობ, რომ საზოგადოებას აქვს ჩემი ნდობა.“

დღევანდელი შეხვედრა მედიასთან
დღევანდელი შეხვედრა მედიასთან

ბიძინა ივანიშვილი, ერთის მხრივ, აცხადებს, რომ ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარ კონკურენტად არ აღიქვამს, რომ „ნაციონალებს“ მის ხელთ არსებული კვლევების მიხედვით, საარჩევნო ბარიერის გადალახვაც უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, მეორეს მხრივ, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ამბობს, რომ მოსახლეობასთან არასწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ „ნასაკირალის პრეცედენტი“ განმეორდეს.

გურიის ამ დაბაში, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალებთან“ 230 ხმით წააგო. ხელახალი არჩევნები ნასაკირალში საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც არჩეული „ოცნების“დეპუტატი, 2015 წელს, ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ივანიშვილი ამბობს, რომ ეს ლოკალური მარცხი შემაშფოთებელი პრეცედენტია, რომელიც ოქტომბერში აღარ უნდა განმეორდეს.

"ნასაკირალის არჩევნების შედეგები შემაშფოთებელი იყო"

„ჩემთვის უფრო შემაშფოთებელი იყო ნასაკირალში ჩატარებული არჩევნები...მთავრობამ წააგო პირწმინდად ეს არჩევნები, არა იმიტომ, რომ ბევრი შეცდომები დაუშვა. თუმცა, მთავრობის შეცდომებზეც შეიძლება, ვისაუბროთ. უბრალოდ, ამომრჩეველმა არ და ვერ გაიგო. ეს არის ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი.

გამგებელი, რომელმაც დიდი უპირატესობით მოუგო წინა არჩევნებში ნაციონალების წარმომადგენელს, იგივეს, ვინც გაიმარჯვა ახლა ამ არჩევნებში, ახლა ციხეში იმყოფება კორუფციაზე, ხელისუფლებამ მოახერხა და პასუხი აგებინა მისსავე გუნდის წევრს. საზოგადოებამ ნაცვლად იმისა, რომ სწორად შეეფასებინა ეს, დასაჯა მმართველი გუნდი ამისათვის“.

როგორც ბოლო წერილში, ისე ტელე დისკუსიებში, ყოფილი პრემიერი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკვე აღარ პირდება ამომრჩეველს, ყბადაღებულ „უკეთესს“, „საგრძნობლად უკეთესს“ და „ძალიან კარგ“ მომდევნო წლებს.

ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ამბობს, რომ ეკონომიკის ისე განვითარებას, რომ კეთილდღეობა მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს, მინიმუმ 15-20 წელი მაინც სჭირდება.

„აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა, მაგრამ 3-4 წელიწადში, ბოდიში მოიხადეთ, ვერ გააკეთებთ, 15-20 წლის გასაკეთებელს.“

60 წლის ბიძინა ივანიშვილის ქონება, ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, თითქმის 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან მთელი კაპიტალი რუსეთში დააგროვა, სადაც 1988 წელს წავიდა.

1998 წელს კი უკან დაბრუნდა და საქართველოში ბანკი და ტელევიზია დაარსა. 2003-2007 წლებში, ის აქტიურად აფინანსებდა პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებას. 2011 წელს ოპოზიციაში გადავიდა და კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, რომელმაც 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

2012 წლის ოქტომბრიდან - 2013 წლის ნოემბრამდე ივანიშვილი საქართველოს პრემიერი იყო. ეს მაღალი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა, არ მალავს, რომ დღემდე, როგორც მმართველი პარტიის, ისე მთავრობის არაფორმალურ მმართველად რჩება. ივანიშვილის ერთადერთი სტატუსი დღეს „მოქალაქეა“.

კითხვაზე, თუ რას იზამს, თუ „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ივანიშვილმა დღეს ასეთი პასუხი გასცა:

"თუ მხარი არ დაგვიჭირეს დავუბრუნდები ჩემს ცხოვრებას"

„როგორც ვნახავ, რომ არ დაგვიჭირა საზოგადოებამ მხარი, თქვენც დაგემშვიდობებით, საზოგადოებასაც და დავუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, როგორიც მსურდა და სადაც ვიყავი.“

XS
SM
MD
LG