საპარლამენტო არჩევნებამდე 145 დღით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველმა, ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული გააცნო. სიის პირველი ნომერი ყოფილი საგარეო მინისტრი (2008) და პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე (2008-12) დავით ბაქრაძეა, რომელიც ბოლო წლებში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი იყო.
მეორე სიაში - ელენე ხოშტარიაა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე (2010-12) და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი. ამ ასოციაციის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე, „ნაციონალების“ სიაში რიგით მეცხრეა. 2010-12 წლებში, კაპანაძეს საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეჭირა.
რომან გოცირიძეს, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსა (2005-07) და პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველს (2010-13) სიაში მესამე პოზიცია უკავია. ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ განმარტა, თუ რა ამოცანა ჰქონდა პარტიას, ახალი საარჩევნო სიის ფორმირების დროს
„ჩვენი ამოცანა საერთო იყო, რომ იმ გამოცდილებასთან ერთად, რომელიც აქვს ამ პოლიტიკურ ძალას, ჩვენ დაგვემატოს ის ხალხი, რომელსაც სპეციფიურად, დამატებითი, ძალიან ღრმა კომპეტენცია აქვთ.“
"ჩვენი ამოცანა იყო დაგვემატოს ხალხი, რომელთაც ღრმა კომპეტენცია აქვთ"გიგა ბოკერია
„ნაციონალების“ პირველ ათეულში კიდევ რამდენიმე პერსონაა, პოლიტიკურ კარიერაში - ექს პრეფიქსით. სიაში მეოთხეა ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავჯდომარე (2010-12) და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი (2014). მეხუთე - გიორგი ტუღუში, ყოფილი სახალხო დამცველი (2009-12) და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი (2012).
მეექვსე პოზიციაზეა ოთარ კახიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი (2010-12). ბოლო ოთხი წელია, კახიძე ადვოკატის სტატუსით, სასამართლოებში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი უახლესი გარემოცვის ინტერესებს იცავს.
ბელგიასა და ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩს (2010-13) სალომე სამადაშვილს სიაში მეშვიდე ადგილი უკავია. მერვე - ირაკლი აბესაძეა, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე (2013) და თბილისის საკრებულოში პარტიის ფრაქციის თავჯდომარე. ათეულში მოხვდა „ნაციონალურმა მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, ფილოსოფოსი სერგო რატიანიც.
სიაში მეთორმეტეა - იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2010-12) და პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი (2013) დიმიტრი ძაგნიძე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გახმაურებულ საქმეში, ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილების ადვოკატია. რიგით მეთექვსმეტეა ბესიკ წერედიანი - ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ყოფილი დირექტორი (2010-13).
ოპოზიციურ ფრთაზე, „ნაციონალების“ კონკურენტი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრმა, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალების“ ახალ სიაში, ის რეალურად ახალ სახეებს ვერ ხედავს.
"ნაციონალების სიაში სიახლეს ვერ ვხედავ"ზურაბ აბაშიძე
„დიდი ხანია ამ ხალხს ვუყურებ და ვიცნობ, სიაში სიახლე რაში მდგომარეობს ვერ გეტყვით, ეს ალბათ, თვითონ უნდა ახსნან. რომ დავანებოთ ჩემს პარტიულ კუთვნილებას თავი და ამ თემაზე ვისაუბრო რიგითი მოქალაქის პოზიციიდან, ჩემთვის პირადად, სიახლეს ვერ ვხედავ.“
რაც შეეხებათ ახალ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იქნებიან: ქართული ენისა და ლიტერატურის დევნილი პედაგოგი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ეთნიკური ოსი სოფიო სიუკაევა. ამჟამად იგი თერჯოლის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის და ადგილობრივი საკრებულოს წევრიცაა. მისი ოჯახი კი ოკუპირებულ ჯავის რაიონში ცხოვრობს.
ასევე: თბილისის 123-ე და 53-ე საშუალო სკოლების ყოფილი დირექტორები: ნინო კვიტაიშვილი და მარიამ რამინაშვილი. ამ უკანასკნელმა 2014 წელს, თანამდებობიდან ხმაურიან გათავისუფლებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. სიაშია პეგაგოგი ლელა ქებურია, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი (2012), რომელიც ბოლო ერთი წელია, პარტიის ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციას ხელმღვანელობს.
საარჩევნო სიის გამოქვეყნებამდე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ყოფილმა უფროსმა (2006-10) და მინისტრის ყოფილმა მოადგილე (2012), პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ. მას არ დაუმალავს რომ საარჩევნო სიის ფორმირება, პარტიის სხვა ლიდერებთან მწვავე დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
2016 წლის 8 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნები პირველია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მას შემდეგ რაც პარტიამ 9 წლიანი მმართველობის (2003-2012) შემდეგ, ძალაუფლება დაკარგა და ოპოზიციაში გადავიდა.