ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნაციონალების“ გემიდან ძმები ბეჟუაშვილებიც გადახტნენ


გელა და დავით ბეჟუაშვილები
გელა და დავით ბეჟუაშვილები

გელა ბეჟუაშვილი ჯერჯერობით, დაზვერვის სამსახურის უფროსად რჩება. დავით ბეჟუაშვილი - უფრაქციო დეპუტატებს შეუერთდა

ბმული


44 წლის ქართველი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი მე-14 დეპუტატი გახდა, რომელმაც საპარლამენტო უმცირესობა - „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ბეჟუაშვილმა ეს ნაბიჯი, ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დასრულებისთანავე გადადგა.

დავით ბეჟუაშვილი ერთგვარი რეკორდსმენია. 1999 წელს იგი პარლამენტში, მაშინდელი მმართველი პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის“ მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა; 2004, 2008 და 2012 წლებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის სტატუსით.

ბეჟუაშვილის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურამ დიდძალი თანხების მითვისების გამო, სისხლის სამართლის საქმე, ჯერ კიდევ 2000 წელს აღძრა და რამდენჯერმე მოითხოვა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა, თუმცა უშედეგოდ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა კოლეგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას სწორედ ეს ისტორია გაიხსენა:

„დიდი ხანია დათოს ვიცნობ 1997 თუ 1998 წლიდან. მე ის პერიოდიც მახსოვს, როცა დათო ბეჟუაშვილის წინააღმდეგ შემოვიდა პროკურატურიდან მოთხოვნა უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით. 2001 თუ 2002 წელი იყო.

დათოს ედავებოდა მაშინდელი ხელისუფლება, უნდოდათ იმუნიტეტის მოხსნა. დათო ჩვენი თანაგუნდელი და თანამოაზრე იყო, ძალიან რთულ პერიოდში. ახლაც, ძალიან რთული პერიოდი გამოიარა ჩვენთან ერთად. წარმოიდგინეთ ერთი წელი იყო ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების შემდეგ.

მან რამდენიმე თვით ადრე გულახდილად გვითხრა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მთელ რიგ საკითხებზე ჩვენთან კარებს კეტავს.“

დავით ბეჟუაშვილი გელა ბეჟუაშვილის უმცროსი ძმაა, რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ეკავა მაღალი თანამდებობები საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; ვარდების რევოლუციის შემდეგ კი გახდა პირველი სამოქალაქო პირი, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

მოგვიანებით ასევე იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008 წლის თებერვლიდან კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსია.

საინტერესოა, რომ ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის მიუხედავად, გელა ბეჟუაშვილი ისევ ინარჩუნებს თანამდებობას

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, იყო თუ არა მოთხოვნა ახალი პრეზიდენტისგან, რომ გელა ბეჟუაშვილმა თანამდებობა დატოვოს, დაზვერვის უფროსის თანაშემწე დავით ცინცაძე გვპასუხობს:

„სხვა დამატებით კომენტარს მე ვერ მოგცემთ. ფაქტს გეუბნებით, რომ გელა ბეჟუაშვილს განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით არ დაუწერია და ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.“

არაოფიციალური მონაცემებით, ძმები ბეჟუაშვილების ქონების საერთო ღირებულება მილიარდ დოლარს აღწევს. მათი აღზევება კი 1998 წლიდან იწყება, როცა ბეჟუაშვილები ძალიან იაფად და იოლად დაეუფლნენ, სახელმწიფო კომპანია „საქტრანსგაზმრეწვის“ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას. მათ შორის, გაზის გამანაწილებელ ქსელსა და მილსადენს, რომლითაც რუსეთიდან საქართველოსა და სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხდებოდა.

1998 წელს, სატენდერო კომისიის წევრის, მირიან ყარაულაშვილის მტკიცებით, ბეჟუაშვილს სახელმწიფო კომპანიის დაუფლებაში აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც მაშინ ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავჯდომარე იყო (სააკაშვილი და გელა ბეჟუაშვილი თანაკურსელები იყვნენ კიევის უნივერსიტეტში - ზ.წ).

ამ კომპანიის მეშვეობით, რომელსაც მოგვიანებით „საქგაზი“ ეწოდა, ბეჟუაშვილებმა უზარმაზარი კაპიტალი დააგროვეს. „საქგაზი“ გახდა შუამავალი საქართველოს დედაქალაქის რუსული გაზით მომარაგების საქმეში. ძვირი, გაორმაგებული გაზის საფასური, წლების მანძილზე აცარიელებდა თბილისელების ჯიბეებს და ძალიან მალე გააკოტრა „თბილგაზი“. ასევე, ვალები აჰკიდა სხვა მსხვილ ქართულ საწარმოებს.

2000-2003 წლებში პროკურატურამ რამდენჯერმე მოითხოვა დავით ბეჟუაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა, ერთ-ერთ ეპიზოდში, გამოძიება მას 2 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა, თუმცა ვერაფერს გახდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბეჟუაშვილების ქონება არნახულად გაიზარდა. მათი ჰოლდინგის - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის GIG ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია: ათამდე თბო და ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე 345 მეგავატია (მაგალითისთვის: 147 მილიონ ლარად შეფასებული გარდაბნის თბოელექტროსადგური ბეჟუაშვილმა 12 მილიონად შეიძინა - ზ.წ).

ასევე, „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის ნახშირის მაღაროებს ამუშავებს; „ინტერტრანსის“ მეშვეობით, ჰოლდინგი აკონტროლებს საქართველოს რკინიგზით შემოსული კონტეინერების განბაჟების პროცესს. მათი საკუთრებაა ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანაც.

ბეჟუაშვილებს ასე სერიოზული წილი უჭირავთ საქართველოს ცემენტის, კირის, ღორღის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმის და ალკოჰოლური სასმელების ბაზრებზე. ძმების კომპანია „გლობალტრანსს“ ბოლო წლებში მოგებული აქვს ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერი.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ დეპუტატებზე, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს:

„ადამიანს აქვს უფლება გამოიცვალოს პარტია. ისინი სარგებლობენ იმ უფლებით, რომელიც არის. რომ გითხრათ რომ პირველი სიყვარული მაქვს მათ მიმართ ასე არ არის.“

ძმები ბეჟუაშვილები ასევე მსხვილი აქტივებით იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს მედია და სარეკლამო ბაზარზეც. წლების მანძილზე ისინი წილებს ფლობდნენ ტელეკომპანიებში: „რუსთავი2“, და „იმედი“, დღემდე ინარჩუნებენ აქციებს ტელეკომპანია „მზეში“, „პირველ სტერეოსა“ და „პირველ რადიოში“.

დავით ბეჟუაშვილის წამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობა - 51 დეპუტატამდე შემცირდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე „ნაციონალებს“ უკვე 14 დეპუტატი განუდგათ.

არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში, პარლამენტში, „ნაციონალები“ 50-ნი დარჩნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურ ფრაქციას კიდევ ერთი მილიონერი კობა ნაყოფიაც ტოვებს.

მაჟორიტარები, რომლებმაც ნაცმოძრაობა დატოვეს

კახა ოქრიაშვილი (დმანისი) - დამოუკ. მაჟორიტარები
გოდერძი ბუკია (ხობი) - დამოუკ. მაჟორიტარები
გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხი) - დამოუკ. მაჟორიტარები
სერგო ხაბულიანი (ცაგერი) - დამოუკ. მაჟორიტარები
ენზელ მკოიანი (ნინოწმინდა) - დამოუკ. მაჟორიტარები
გიორგი გოზალიშვილი (ლაგოდეხი) - დამოუკ. მაჟორიტარები
რევაზ შავლოხაშვილი (წალკა) – ოცნება კონსერვატორები
გოჩა ენუქიძე (ამბროლაური) - უფრაქციო
იაშა შერვაშიძე (ქედა) - უფრაქციო
მარიკა ვერულაშვილი (ყვარელი) - უფრაქციო
გიორგი ფეიქრიშვილი (გარდაბანი) - უფრაქციო
გურამ მისაბიშვილი (სენაკი) - უფრაქციო
ანზორ ბოლქვაძე (ხულო) - უფრაქციო
დავით ბეჟუაშვილი (თეთრიწყარო) - უფრაქციო

XS
SM
MD
LG