გუშინ, ტყიბულის შახტში, ქვანახშირის მოპოვების დროს, სოფელ ხრესილის მკვიდრი, 35 წლის მეშახტე ლევან ნეფარიძე დაიღუპა. მასთან ერთად მყოფმა მეორე მეშახტემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რომლის მფლობელობაშიც არის ტყიბულის შახტები, ტრაგედია, მეექვსე მომპოვებელ უბანზე, „სამთო დარტყმის შედეგად“, ჭერის ჩამონგრევამ გამოიწვია და ორი მეშახტე მოიყოლა.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო, „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა მომხდარი უკვე შეაფასა, როგორც „უბედური შემთხვევა“. უცნაურია, მაგრამ იგივე შეფასება გააკეთა ტყიბულის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემაც. ვალერი კუხალაშვილი ამბობს:
„შექმნილია ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი კომისია. მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის მოკვლევა. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მიკრო-სამთო დარტყმას, რის შედეგადაც მოხდა, სამთო მასის ანუ ფელანის უეცარი მოშლა. ეს მოხდა საწარმოო პროცესის მსვლელობისას და საქმე გვაქვს უბედურ შემთხვევასთან.“
დარგის ექსპერტების აზრით, გამოძიების დასრულებამდე, მომხდარის ავტომატურად „უბედურ შემთხვევად“ გამოცხადება, „საქნახშირის“ მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობას უფრო ჰგავს. ექსპერტები ამბობენ, რომ ხშირად შახტში ასეთი ჩამონგრევის მიზეზი გამაგრებითი სამუშაოების ჩაუტარებლობაა, კომპანია კი „სამთო დარტყმებს“ აბრალებს.
„საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის შახტებს 2006 წლიდან მართავს, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ, უკვე სამი მოწვევის პარლამენტის წევრის, „ნაციონალი“ დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა.
თეთრი წყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, 2008 წლიდან, დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმაა. აღსანიშნავია, რომ გელა ბეჟუაშვილი ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს ამ თანამდებობას.
საწარმოო შემთხვევებისა თუ ტრავმების გამო პასუხისმგებლობისგან თავის არიდება „საქნახშირის“ პოლიტიკად იქცა. ბოლო 4 წლის მანძილზე, ტყიბულის შახტებში 15 მეშახტე დაიღუპა. მათგან, 2009 წელს - 1, 2010 წელს - 8 და 2011 წელს - 5 მეშახტე. დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულს აღემატება. თუმცა, არცერთი ტრაგედია ბოლომდე გამოძიებული არ არის.
„შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვა; ხარისხიანი სამუშაო იარაღებით, სპეცტანსაცმლით, დამხმარე და დამცავი საშუალებებით, დროული და რეგულარული უზრუნველყოფა; ასევე; მეშახტის დასახიჩრების ან დაღუპვის დროს, ფაქტის გამოკვლევის პროცესში პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლების ჩართვა“ - ხელფასების მომატებასთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მასობრივი გაფიცვის დროს, რომელიც ტყიბულელმა მეშახტეებმა 2012 წლის ნოემბერში მოაწყვეს.
ტყიბულელი მეშახტე, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების მხრივ, მას შემდეგ ტყიბულში არაფერი შეცვლილა:
„წარმოდგენა არა აქვს ადამიანს რა ხდება იმ შახტში. როგორ ადგილებზე და სად ვმუშაობთ. ბოდიში და ვირთხებივით დავძვრებით. და როდის დაარტყამს ეს სამთო დარტყმა და მოგვკეტავს იქეთ, უფსკრულში, გამოუსვლელ ადგილას, საიდანაც შანსი არ არის ცოცხალი რომ გამოხვიდე, არავინ იცის. თან ეს ყველაფერი 28 ლარად.“
ტყიბულში ქვანახშირის საბადო 1825 წელს აღმოაჩინეს, 1847 წლიდან კი მისი ექსპლუატაცია დაიწყო. გასული საუკუნის 50-იან წლებში, ოთხ შახტში, ქვანახშირის მოპოვებამ, წელიწადში 3 მილიონ ტონას გადააჭარბა. ტყიბულის ქვანახშირს ძირითადად რუსთავის მეტალურგიული და ტყვარჩელის თბოელექტროსადგური იყენებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეწყდა.
2006 წელს, ტყიბულის შახტები 45 წლის ვადით, ძმები ბეჟუაშვილების „საქნახშირს“ გადაეცა. ლიცენზირებული მარაგის ჯამური მოცულობა ტყიბული-შაორის მაღაროზე - 330 მილიონ ტონას აღემატება, დაძიებული მარაგები - 280 მილიონ ტონას, საერთო გეოლოგიური მარაგი კი 1 მილიარდ ტონას აღწევს.
„საქნახშირში“ ამჟამად 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ქვანახშირის მოპოვება დღესაც ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგია. ტყიბულის ქვანახშირის ყველაზე დიდი მომხმარებელი ამჟამად, კასპში მდებარე „ჰაიდელბერგცემენტია“, რომელსაც გერმანელებთან ერთად, ასევე ძმები ბეჟუაშვილები ფლობენ.