ერთ კვირაზე მეტია ჭიათურაში ოთხი ათასამდე გაფიცული მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაორმაგებას ითხოვს. რამდენიმე მოლაპარაკებამ მაღაროელებსა და მაღაროების მფლობელ კომპანია „ჯორჯიან მარგანეზს“ შორის შედეგი ვერ გამოიღო.
დღეს, ჭიათურაში მადნის მოპოვებაზე დასაქმებულ ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია 300-დან 1000 ლარამდე ანაზღაურებას იღებს. გაფიცულებმა უარი თქვეს „ჯორჯიან მარგანეზის“ წინადადებაზე. გაფიცვის შეწყვეტის სანაცვლოდ, ხელფასი 23 პროცენტით გაზრდოდათ.
პროტესტის ნიშნად ითხვისის მაღაროში, 2 კილომეტრის სიღრმეში, რვა მაღაროელმა მჯდომარე აქცია დაიწყო და არც შიმშილობის დაწყებას გამორიცხავენ. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაღაროელი მერაბ იაკობიძე ამბობს:
„ეს პროტესტი გამოიწვია იმან, რომ გენერალურ დირექტორს სურდა ლოკაუტის გამოცხადება (ლოკაუტი - დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარიa შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე - ზ.წ).
ლოკაუტის შემთხვევაში, ჩვენ წარმოებაში შემოსვლის უფლება აღარ გვექნებოდა. ჩვენ მოგვივიდა ეს ინფორმაცია, დავასწარით მათ, ჩამოვედით მაღაროში. აწი გინდ ლოკაუტი მიიღოს, რაც უნდა ის მიიღოს...
სანამ ჩვენი საქმე არ გადაწყდება, აი ეს რვა კაცი ხვალ გახდება თექვსმეტი! თუ ორი დღის განმავლობაში არ გამოვლენ კონტაქტზე, არ დაგველაპარაკებიან, მე პირადად უვადო შიმშილობას გამოვაცხადებ.“
ჭიათურელი მაღაროელები დაბალი ხელფასის გარდა უმძიმესს სამუშაო პირობებსაც აპროტესტებენ. მათი თქმით, ყოფილ „ჭიათურმანგანუმის“ საწარმოში ისევ გასული საუკუნის 30-40 იან წლებში აშენებულ ინფრასტრუქტურაში უწევთ მუშაობა.
სერიოზული პრობლემაა სპეცტექნიკა და სპეცტანსაცმელი - უმეტეს მაღაროებში მუშებს ვაგონების ხელით დატვირთვა უწევთ. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული საწარმოში არ განაახლებულა საშხაპეები და საპირფარეშოები. ასევე სრულად იგნორირებულია შრომის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური ნორმები. მღვიმეების მაღაროს თანამშრომელი ლია გაფრინდაშვილი ამბობს:
„შეჭამეს ჭიათურა, გაანადგურეს და ხალხი მიიყვანეს უკიდურეს დონემდე. არ გავჩერდებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
სანამ არ გაზრდიან ხელფასებს და პრემიებს. დაგვპირდნენ და დღეს ისევ გვატყუებენ. ჩვენ მათ აღარ ვუსმენთ, ვაგრძელებთ პროსტესტს მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.“
საქართველოს სახელმწიფომ გაკოტრების რეჟიმში მყოფი „ჭიათურმანგანუმი“, 2006 წელს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასა და ვარციხე ჰესთან ერთად, 132 მილიონ დოლარად გაყიდა.
ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ მყიდველი ბრიტანული კომპანია „სტემკორის“ შვილობილი „ჯორჯიან მარგანეზი“ იყო. თუმცა, სინამდვილეში კვიპროსის ოფშორში დაფუძნებული „ჯორჯიან მარგანეზი“ უკრაინული „პრივატ ჯგუფის“ (Privat Group) შვილობილი კომპანია აღმოჩნდა.
უკრაინელი მილიარდელების - გენადი ბოგოლუბოვის, იგორ კოლომოისკის და ალექსეი მარტინოვის სამრეწველო-ფინანსური ჰოლდინგი ერთ-ერთი უდიდესია უკრაინაში და საქართველოში ასევე „ტაო პრივატ ბანკს“, რუსთავის ავტობაზრობას, გუდაურის სამთო-სათხილამურო კომპლექსსა და საფეხბურთო კლუბ - „ზესტაფონს" ფლობს. „ჯორჯიან მარგანეზის“ ქართველი ლობისტები, ძმები ილია და კორნელი კოკაიები არიან.
დღეისათვის, „ჯორჯიან მარგანეზის“ სამთო მინაკუთნი ჭიათურის რაიონში 16,430 ჰექტარს შეადგენს, რომელიც აუთვისებელ საბადოებსაც მოიცავს. „კომერციული საიდუმლოების“ მოტივით 2007 წელს საქართველოს მთავრობასა და „ჯორჯიან მარგანეზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება დღემდე გასაიდუმლოებულია. შესაბამისად, გაურკვეველია რა ვალდებულებები ჰქონდა უკრაინელ ინვესტორს და რა შესრულდა.
„ჯორჯიან მარგანეზის“ ქართველი დირექტორი, აკაკი გურჯიძე, რომელის გადადგომასაც მაღაროელები მოითხოვენ, ინვესტორის ვალდებულებების შესახებ განმარტავს:
„მათი ვალდებულება ძირითადად იყო, რომ მომხდარიყო წარმოების სრული გადაიარაღება. ასევე, ჭიათურაში წარმოება უნდა მისულიყო იმ დონემდე, რომ მინიმუმ 400 ათასი ტონა კონცეტრატი უნდა გამოეშვა, საიდანაც მინიმუმ 200 ათასი ტონა უნდა გადამუშავებულიყო ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში.“
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება 1879 წელს ცნობილი ქართველი პოეტისა და მწერლის, აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან არა ერთი ადგილობრივი თუ უცხოელი საქმოსანი გამოჩნდა, რომელიც იჯარით ან შესყიდვის გზით ცდილობდა ხელში ჩაეგდო მადნიანი მიწის ნაკვეთები.
საბჭოთა წლებში ჭიათურა მანგანუმით ამარაგებდა მთელი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ფოლადის მწარმოებელ ქარხნებს. წლების განმავლობაში მანგანუმის ინტენსიური მოპოვების მიუხედავად, დღესაც, სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, ჭიათურაში მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია ევროპაში და დაახლოებით 215 მილიონ ტონას შეადგენს.