ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყიბულელი მაღაროელები საკუთარ უფლებებს იცავენ


ტყიბულელი მაღაროელები საკუთარ უფლებებს იცავენ
ტყიბულელი მაღაროელები საკუთარ უფლებებს იცავენ

ხელისუფლებას იგნორირებული აქვს თემა - შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

3 თებერვალს , მას შემდეგ, რაც ”საქნახშირის” ადმინისტრაციამ ტყიბულის მეშახტეების მოთხოვნები დააკმაყოფილა, მათ გაფიცვა შეწყვიტეს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს ტყიბულის მაღაროებში 3 აფეთქება მოხდა, რომელსაც 9 მაღაროელი ემსხვერპლა, 2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი დამცავი ჯებირის ჩამოშლის გამო დაიღუპა. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა მოხდა 22 იანვარს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ:

” აფეთქების ბოლო შემთხვევას სერიოზული ხალხი გამოიძიებს, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეულები და არა ისინი, ვინც თბილისში ზის და ფულს იღებს ტყიბულის მფლობელებისგან და ამიტომ პრობლემა არ აქვთ, რომ ათასგვარი სისულელე და ტყუილი ჩაწერონ”.

მაღაროელთა გაფიცვის მიზეზებზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საუბრობს:

”გაიფიცნენ, პროტესტი გამოთქვეს , პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა გაფიცვა. პროტესტს ისინი გამოთქვამდნენ კარგა ხანია, იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რაც ტყიბულის შახტებში ხდება. მაგრამ მთავარი ის არ არის, რომ მაღაროელები გაიფიცნენ. მთავარია ფონი, რაც ქვეყანაშია შექმნილი იმისთვის, რომ ასეთი სახის საპროტესტო აქციები იყოს მრავლად. ამისთვის ყველაფერია გაკეთებული საკანონმდებლო სივრცეში, რომ ადამიანებს პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმა ჰქონდეთ. მთავარია ის, რომ საკანონმდებლო სივრცეში ზოგადად ხელისუფლებას აქვს იგნორირებული თემა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს შრომის ინსპექცია, არ არის რატიფიცირებული შახტებში უსაფრთხოების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 177 კონვენცია. აქედან გამომდინარე ხელისუფლების გულგრილობა გადადის ბუნებრივია მეწარმეებზეც. მათ აქვთ დაუსჯელობის სინდრომის განცდა. კომისიები, რომლებიც ასეთ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით იკრიბება - იგნორირებულია, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, რათა კომისიაში დასაქმებულთა წარმომადგენელი და პროფკავშირები ჩაერთულიყვნენ - მათ მოწმეებად საკუთარი ხალხი მოჰყავთ და ყოველთვის დასაქმებულს ბრალდება ყველაფერი. აი ეს გახლავთ წინაპირობა, რატომ მოხდა ტყიბულში გაფიცვა."

გაფიცვის შედეგები ასეთია: მაღაროელებმა ”საქნახშირთან” მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავს იმ ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რის გამოც მაღაროელებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ეს არის შრომის უსაფრთხოება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, ხელფასების მატება და სხვა.

XS
SM
MD
LG