საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე, ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარლამენტში უკვე მეათე მანდატი დაკარგა.
გუშინ საპარლამენტო უმცირესობის დატოვების შესახებ, პარლამენტის ბიუროს, ოფიციალურად, მარიკა ვერულაშვილმა მიმართა. 41 წლის ვერულაშვილი პარლამენტში, ყვარლის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შედეგად მოხდა, სადაც ქართული ოცნების კანდიდატს 805 ხმით აჯობა.
მარიკა ვერულაშვილი არ არის ჩვეულებრივი დეპუტატი, იგი წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილის გვერდით იყო. 2000 წელს, მაშინ როცა სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, ვერულაშვილმა ამ სამინისტროს პრესსამსახური ჩაიბარა.
2001 წელს, სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, ვერულაშვილი ახლად ჩამოყალიბებული „ნაციონალურო მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი ხდება; 2002 წლიდან უკვე თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მიხეილ სააკაშვილის პრეს მდივანია;
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ვერულაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილი თანაშემწედ ინიშნება. 2004, 2008 და 2012 წლებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით, ზედიზედ სამჯერ გახდა პარლამენტის დეპუტატი. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ 2005 წელს მომზადებულ კვლევაში "საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ" დეპუტატ ვერულაშვილზე კერძოდ წერია:
"პარლამენტის ყველაზე ხშირი წარმომადგენელი საპრეზიდენტო ვიზიტებისას, დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. იგი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, მუდამ თან ახლავს ქვეყნის პირველ პირს.
აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერულაშვილის მისია ვიზიტების დროს ბუნდოვანია და როგორც წესი, დღის წესრიგში, მას ფორმალურადაც კი არ აქვს ფუნქცია მინიჭებული"
ბოლო ინფორმაციით, ვერულაშვილი პარლამენტში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. მას საჯაროდ არ აუხსნია თუ რატომ დატოვა საპარლამენტო უმცირესობა. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა კი განაცხადა
„მან მიიღო თავისი მეუღლისა და მისი ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტია. იმის გარანტია, რომ პროკურატურა მის მეუღლეს არ დევნის და არ დააპატიმრებს.
სწორედ ასეთი სახის ზეწოლას ჰქონდა მარიკაზე ადგილი, მისი ოჯახის წევრებისა და მეუღლის მიმართაც; მარიკამ უღალატა საკუთარ პრინციპებს, მაგრამ მოიპოვა საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება.“
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 12 იანვარს განაცხადა, რომ მარიკა ვერულაშვილსა და მის მეუღლეზე ახალი ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.
ვერულაშვილის მეუღლე ბიზნესმენი სოსო ჩხაიძეა, რომელიც უკრაინასა და რუსეთში რესტორნებს ფლობს, საქართველოში კი მისი ინტერესები ტრანსპორტისა და ღვინის ბიზნესშია წარმოდგენილი.
სოსო ჩხაიძეს სამართალდამცველებთან პრობლემები ადრეც ჰქონდა. 2011 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია მისი და მისი ბიზნეს პარტნიორის დაკავების შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ აღნიშნა
„ჯერ მარიკა აიძულეს და საერთოდ პარლამენტში არ დადიოდა. წავიდა უცხოეთში და არჩევნების შემდეგ თითქმის ორი თვე იქ იყო. შემდეგ დაბრუნდა და ოჯახის ერთი წევრი, რომლიც მიფრინავდა მოხსნეს საზღვრიდან და დააკავეს;
მისი მეუღლე გუშინ რამდენიმე საათის მანძილზე ჰყავდათ დაკითხვაზე. აშკარად მძიმე სტრესის და ზეწოლის ქვეშ იმყოფება და მისი რეაქცია იყო, რომ საერთოდ წავალ პარლამენტიდანო. მაგრამ უთხრეს, არა არ წახვალ! დარჩები! გამოხვალ ფრაქციიდან და ხმას მისცემ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
იაშა შერვაშიძეს, ქედის დეპუტატს შვილი დაუჭირეს ნარკოტიკებზე, გაჩუმდა და ასე წყნარად მოაგვარა სიტუაცია და გაუცვალა ნაციონალური მოძრაობიდან გასვლაზე. რითაც, პირდაპირ ვიტყვი - უღალატა ქედის მოსახლეობას, იმიტომ რომ იგი ამისთვის არ აურჩევიათ “
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 65 დეპუტატი გაიყვანა. უკვე 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებაზე უარი თქვეს: დმანისის მაჟორიტარმა - კახა ოქრიაშვილმა, ხობის მაჟორიტარმა - გოდერძი ბუკიამ, ლენტეხის მაჟორიტარმა - გოგი ლიპარტელიანმა, ცაგერის მაჟორიტარმა - სერგო ხაბულიანმა და ნინოწმინიდის მაჟორიტარმა - ენზელ მკოიანმა.
29 ოქტომბერს, საპარლამენტო უმცირესობა დატოვა ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა. ამ ექვსმა დეპუტატმა პარლამენტში „უპარტიო, დამოუკიდებელ მაჟორიტართა“ ფრაქცია შექმნა. ნოემბერში უმცირესობიდან წავიდა წალკის მაჟორიტარი რევაზ შავლოხაშვილიც, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებს“ შეუერთდა.
დეკემბერში კი უმცირესობა ამბროლაურისა და ქედის მაჟორიტარებმა: გოჩა ენუქიძემ და იაშა შერვაშიძემ დატოვეს.
„ნაციონალებიდან“ წასულ არცერთ დეპუტატს საჯაროდ არ განუმარტავს თუ რა გახდა მათი გადაწყვეტილების მიზეზი. თავად პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალების“ დეპუტაციაზე ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს
„ჩვენ, როგორც უმრავლესობა არაფერ დახმარებას არ ვსაჭიროებთ მათგან და არავითარ ვაჭრობაზე არ მივდივართ. არავითარი ხმების მოგროვებას არ ვაპირებთ.“
დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობაში მხოლოდ 55 დეპუტატი დარჩა. ქედის, ამბროლაურისა და ყვარლის მაჟორიტარები პარლამენტში მოღვაწეობას დამოუკიდებლად აგრძელებენ.
თუმცა, როგორც დეკემბერში, ამნისტიის კანონის ირგვლივ არსებულმა ვნებათაღელვამ აჩვენა, საპარლამენტო უმრავლესობამ, სადაც ამჟამად, ოფიციალურად, 83 დეპუტატია გაერთიანებული, „ნაციონალებიდან“ წამოსული დეპუტატების ხმების წყალობით, უპრობლემოდ მოახერხა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
პრეზიდენტის ვეტო მაშინ 91 ხმით, 24-ის წინააღმდეგ დაიძლია. დამატებით - 2 ხმა „ქართულ ოცნებას“ სენაკისა და გარდაბნის მაჟორიტარებმა გურამ მისაბიშვილმა და გიორგი ფეიქრიშვილმაც შემატეს, რომლებიც დღემდე უმცირესობის წევრებად ითვლებიან.
ეს ფაქტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის რღვევის მასშტაბები იმაზე დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა ახლახანს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ასი ხმა უკვე აქვს
„ჩვენ არ გვეშინია ახალი საპარლამენტო არჩევნების და პარლამენტის დათხოვნის. ჩვენ უკვე გვაქვს ორი მესამედი. ასი დეპუტატი გვყავს, რომელიც ხმას მისცემს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.“
ასი დეპუტატის ანუ ასი ხმის შემთხვევაში, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“, პარლამენტში გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
საპარლამენტო უმრავლესობას ასი ხმა საკონსტიტუციო ინიციატივის გასატანად სჭირდება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ერთმევა უფლება დანიშნოს ახალი მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ კი პარლამენტი მის დამტკიცებაზე უარს იტყვის.
ახალი ხელისუფლების აზრით, არსებული სისტემით, რომლის არქიტექტორიც თავად პრეზიდენტი სააკაშვილია - მთავრობა პრეზიდენტის მხრიდან დათხოვნის მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება.
P.S მასალა ეთერისთვის უკვე მზად იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმცირესობა გარდაბნის მაჟორიტარმა გიორგი ფეიქრიშვილმაც დატოვა. შესაბამისად, "ნაციონალების" დეპუტაცია პარლამენტში 54 დეპუტატამდე შემცირდა.