ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი კარუსელი მთავრობაში


პრემიერი გილაური და უკვე ელჩი იაკობაშვილი
პრემიერი გილაური და უკვე ელჩი იაკობაშვილი

საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ახალი ელჩი ეყოლება. პრეზიდენტმა პარლამენტს თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა უკვე წარუდგინა.

იაკობაშვილი დღემდე ვიცე პრემიერი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, როცა "სტრაგეტიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის", აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ეგზიტ პოლების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, რის გამოც ოპოზიციის მწვავე თავდასხმების ობიექტი გახდა.

პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალ დანიშვნასთან დაკავშირებით კერძოდ თქვა:

„თემურ იაკობაშვილი მოგეხსენებათ იქნება საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა შედგენილი მისი მინისტრობის დროს.

ეს არის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი რეინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომელმაც ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამ სტრატეგიით გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას თემურის წასვლის შემდეგ.“

იაკობაშვილი დიპლომატიურ სამსახურს უბრუნდება, ის თერთმეტი წლის მანძილზე, 1990-2001 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. ირაკლი მენაღარიშვილის მინიტრობის დროს კი, სამი წელი სამინიტროს ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

43 წლის იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ ელჩობის შემოთავაზება მისთვის მოულოდნელი იყო, და ეს საკადრო ცვლილება არ ნიშნავს, რომ მისი წინამორბედი ბათუ ქუთელია ცუდად მუშაობდა.

„მე არა მგონია, რომ ელჩის შეცვლა ამ შემთხვევაში უკავშირდებოდეს იმას, რომ ბათუ ქუთელია ცუდად ართმევდა თავის სამსახურს თავს. ვფიქრობ, რომ ის მშვენივრად მუშაობდა და კარგი ელჩი იყო.

უბრალოდ, მას შემდეგ, რაც გაიმართა პირველი კონსულტაციები ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში, მოხდა სააკაშვილის და ობამას უმაღლესს დონეზე შეხვედრა, აირჩა ახალი საკანონმდებლო ორგანო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამოჩნდა მთელ რიგ საკითხებში პრიორიტეტები, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეგზავნა ამერიკაში უკვე სხვა რანგის, სხვა გამოცდილების ადამიანი.

ჩემს შემთხვევაში, როგორც მითხრეს, იქ საჭირო იყო არა უბრალოდ ელჩის და დიპლომატის ყოლა, არამედ საჭიროა ამერიკაში სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობების გაზრდა“.

იაკობაშვილის ადგილზე გადმოვიდა ეროვნული უშიშროების საბჭოს უკვე ყოფილი მდივანი ეკა ტყეშელაშვილი. უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი კი საგარეო საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გახდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამერიკიდან ბათუ ქუთელიას გამოწვევა სწორედ გიგა ბოკერიას მოთხოვნა იყო. ქუთელია უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გახდება. დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ გიგა ბოკერიამ მეტი სამოქმედი სივრცე მიიღო.

„გიგა ბოკერიას ეძლევა მეტი სივრცე თავისი პროფესიონალიზმის, ინტელექტის და ყველა სხვა დადებითი მონაცემის რეალიზაციისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის მოადგილე იყო, ძირითადად, პირველი პირი მაინც მინისტრი იყო. ხოლო უშიშროების საბჭოში, ეს მსოფლიო პრაქტიკაა, საბჭოს მუშაობას მთლიანად მდივანი წარმართავს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს თავჯდომარე ოფიციალურად პრეზიდენტია.

მაგალითად, მსოფლიომ თავის დროზე გაიგო, რომ იგივე ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანი შეიძლება უაღრედად გავლენიანი და ქმედითი პოლიტიკური ფიგურა იყოს, როცა ამ თანამდებობაზე ჰენრი კისინჯერი დაინიშნა. იგივე მოხდა შემდეგ, როცა მდივანი ზბიგნევ ბჟეზინსკი გახდა. ამიტომ აქ პიროვნული ფაქტორი უფრო მეტ როლს ასრულებს, მინისტრის მოადგილე მაინც მოადგილეა.“

გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს ისტორიაში მეთერთმეტე მდივანი იქნება, ეს ორგანო 1995 წელს შეიქმნა. ყველაზე დიდხანს, შვიდი წლის მანძილზე მას ნუგზარ საჯაია ხელმძღვანელობდა, სანამ 2002 წლის თებერვალში საკუთარ კაბინეტში სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კი უშიშროების საბჭოში ეს უკვე მეშვიდე ცვლილებაა. თავის მხრივ, ეკა ტყეშელაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში რიგით მეხუთე მინისტრია. რეორგანიზაციამდე, ამ თანამდებობას სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ერქვა. სოსო ცინცაძე ამბობს

„ტყეშელაშვილი შეიძლება უფრო ნაყოფიერი იყოს ამ თანამდებობაზე, თუმცა, თავად ეს რეინტეგრაციის სამინისტრო ურთულესი სამინისტროა, ვინაიდან მის წინაშე მდგომი ამოცანის შესრულება, განჭვრეტ მომავალში, უაღრესად რთული შესასრულებელი იქნება, გარკვეულ მიზეზთა გამო შეიძლება აშშ-ში ნაყოფიერი იყოს იაკობაშვილის მუშაობაც.“

პარლამენტის თანხმობის შემდეგ, თემურ იაკობაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით მეექვსე ელჩი გახდება.

ამერიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 23 აპრილს დამყარდა. პირველი ელჩი პეტრე ჩხეიძე კი ვაშინტონში მუშაობას 1993 წლის აგვისტოში შეუდგა.

ყველაზე დიდხანს, თითქმის რვა წლის მანძილზე, ვაშინტონში ელჩის მოვალეობას თედო ჯაფარიძე ასრულებდა. იაკობაშვილამდე ეს თანამდებობა ასევე ეჭირათ ლევან მიქელაძეს, დავით სიხარულიძესა და ბათუ ქუთელიას.

უცნობია, აღნიშნულ საკადრო გადაადგილებებს მოჰყვება თუ არა კიდევ ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. ჯერჯერობით, ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

საქართველოს ელჩები აშშ-ში (1993-2010)

თემურ იაკობაშვილი 2010 ნოემბრიდან

ბათუ ქუთელია 2008 დეკემბერი - 2010 ნოემბერი

ვასილ(დავით) სიხარულიძე 2006 მარტი - 2008 დეკემბერი

ლევან მიქელაძე 2002 მარტი - 2006 აპრილი

თედო ჯაფარიძე 1994 ივლისი - 2002 13 მარტი

ზურაბ(პეტრე) ჩხეიძე 1993 აგვისტო - 1994 ივნისი

სახელმწიფო მინისტრები რეინტეგრაციის საკითხებში (2004-2010)

ეკა ტყეშელაშვილი 2010 ნოემბრიდან

თემურ იაკობაშვილი 2008 იანვარი - 2010 ნოემბერი

დავით ბაქრაძე 2007 ივნისი - 2008 იანვარი

მერაბ ანთაძე 2006 ივლისი - 2007 ივნისი

გოგა ხაინდრავა 2004 თებერვალი - 2006 ივლისი

უშიშროების საბჭოს მდივანები (1995-2010)

გიგა ბოკერია 2010 ნოემბრიდან

ეკა ტყეშელაშვილი 2008 დეკემბერი - 2010 ნოემბერი

ალექსანდრე ლომაია 2007 ნოემბერი - 2008 დეკემბერი

კოტე კემულარია 2005 დეკემბერი - 2007 ნოემბერი

ლევან ჭოლაძე 2005 ნოემბერი - 2005 დეკემბერი

გელა ბეჟუაშვილი 2004 ივნისი - 2005 ოქტომბერი

ვანო მერაბიშვილი 2004 იანვარი - 2004 ივნისი

ჯემალ გახოკიძე 2003 ნოემბერი 2004 იანვარი

ანზორ ბალუაშვილი 2003 ნოემბერი

თედო ჯაფარიძე 2002 მარტი - 2003 ნოემბერი

ნუგზარ საჯაია 1995 – 2002 თებერვალი

XS
SM
MD
LG