ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანდრა რულოვსი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს


საქართველოს ყოფილი პირველი ლედი - სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

ყოფილი პირველი ლედი საპარლამენტო მარათონით დაინტერესებული არ არის და ამბობს, რომ პოლიტიკა "მძიმე საქმეა", რომელიც მას, ამ ეტაპზე, არ აინტერესებს.

„არ ვაპირებ ნამდვილად, ამ ეტაპზე. იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტები მაქვს ამჟამად. ჯანდაცვის სფეროში განათლება მივიღე, დიდი გამოცდილებაც მივიღე. მინდა რომ ჯანდაცვის სფეროს ბევრ დეფიციტურ პრობლემაზე ვიმუშაო საქართველოში. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც არა აქვს ხელმისაწვდომობა, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯგუფს ეკუთვნის და ვისაც არა აქვს მკურნალობის ან რეაბილიტაციის საშუალება საქართველოში.“

ახლა ძალიან ცოტა ქალია პარლამენტში, მაგრამ მე ნამდვილად არ შევდივარ

რულოვსს ასევე ვკითხეთ ქალთა კვოტირების შესახებ, იზიარებს თუ არა მისი მეუღლის, ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას ნაციონალური მოძრაობის მიმართ, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს საპარლამენტო სიის ნახევრის ქალებისთვის დათმობას სთავაზობს:

„ამას ნამდვილად მივესალმები და რომ არა მარტო ქალები, მე მგონი, ასევე უნდა იყოს ახალგაზრდები უფრო მეტი და ახალი პიროვნებები, უმცირესობების ჯგუფებიდანაც და, რა თქმა უნდა, ბევრი ქალი. ქალს მოაქვს სიმშვიდე, მოაქვს სხვანაირი მუხტი პარლამენტში, ახლა ძალიან ცოტა ქალია პარლამენტში, მაგრამ მე ნამდვილად არ შევდივარ.“

ყოფილი პირველი ლედი ვაშინგტონში გამართულ უკრაინის ფორუმში მონაწილეობდა, სადაც მან კონფლიქტის შემდგომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებაზე და ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე ისაუბრა.

ფორუმი უკრაინის პრეზიდენტმა - პეტრო პოროშენკომ დახურა

XS
SM
MD
LG