ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰერმანი: "საქართველოში ანტი-დასავლური ძალების გამარჯვება უდიდესი იმედგაცრუება იქნება"


ინტერვიუ “ფრიდომ ჰასუსის” ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ჰერმანთან.

ამერიკის ხმა: რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში “ფრიდომ ჰაუსი” ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება ანტი-დასავლური ძალები წარმოჩინდნენ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

რობერტ ჰერმანი: ჩვენ ვხედავთ ამომრჩევლების ნაწილის უკმაყოფილებას, იგივე ხდება რეგიონის სხვა ქვეყნებში, საქართველოში მმართველი “ქართული ოცნების” და ყოფილი სამთავრობო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მხარდაჭერამ იკლო. ეს ადგილს უთავისუფლებს უფრო პატარა პარტიებს, მათ შორის მათ, ვინც ახლა პარლამენტში წარმოდგენილი არაა. ვფიქრობ, აშკარად არსებობს შანსები, რომ ანტი-დასავლური, პრო-რუსული ძალები უფრო მეტად წარმოჩინდებიან. ზუსტად ვერ ვიტყვი თუ რამდენად გაიზრდება მათი როლი, მაგრამ საამისო კლიმატს ვხედავთ, ნაწილობრივ ამომრჩეველთა უკმაყოფილების გამო, რომლებმაც შესაძლოა მხარი ახალ ძალებს დაუჭირონ.

ამერიკის ხმა: რას დააკვირდებით ამ არჩევნებზე?

რობერტ ჰერმანი: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს მსგავს ნახევრად თავისუფალ ქვეყნებში, ყველგან სადაც არჩევნები ტარდება, სადაც არის დემოკრატიისთვის დამახასიათებელი სისტემები, მაგრამ ინსტიტუტები ისევ სუსტია, ჩვენ ვხედავთ რომ ყოველთვის არსებობს ცდუნება ოპოზიციური პარტიებისთვის სამოქმედო სივრცე შეიზღუდოს, ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ხდება შეკრებების და პროტესტების შეზღუდვა. ეს ზოგადად დემოკრატიის ამ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.

აქ არ ვგულისხმობ სრულად კონსოლიდირებულ დემოკრატიებს, ახლა ბევრი ავტორიტარული რეჟიმიც კი საჭიროდ მიიჩნევს არჩევნების გამართავს, რადგან ამის აუცილებლობას გრძობენ, მაშინაც კი, როცა ასეთ ქვეყნებში შედეგები წიანსწარ განსაზღვრულია.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მთავარ თავისუფლებებს - ეს იქნება შეკრების, გაერთიანების და გამოხატვის უფლებები. საერთაშორისო ორგანზიაციებთან ერთად არჩევნებს ადგილობრივი არასამთავრობოები დააკვირდებიან, საქართველო მდიდარია ძლიერი სამოქალაქო სექტორით.

ამერიკის ხმა: ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ ვხედავთ რუსული პროპაგანდის მზარდ ძალისხმევას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. როგორ უმკლავდებიან მას მთავრობები?

რობერტ ჰერმანი: ნამდილად, იგივე ხდება ბალტიისპირეთშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც.

მზარდ რუსულ პროპაგანდასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია დემოკრატიულმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ორი რამ გაითვალისწინოს, პირველი ის, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ზომები უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებს და სტანდარტებს.

მეორე - მთავრობამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და ყველაფერი გააკეთოს იმ სენტიმენტების შესამცირებლად, რომლისკენაც რუსული პროპაგანდაა მიმართული. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დემოკრატიული გზებით მოხდეს. თუ პროპაგანდას არადემოკრატიული მეთოდებით ვუპასუხებთ, ჩათვალეთ რომ პროპაგანდამ მიზანს მიაღწია.

ამერიკის ხმა: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს. როგორ მოქმედებს "არაფორმალური მმართველობის" მინიშნება ან ხშირად, სხვადასხვა ანგარიშებით გამყარებული რეალობა, საქართველოს ამ მისწრაფებაზე?

რობერტ ჰერმანი: არაფორმალური მმართველობა პრობლემური საკითხია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გვინახავს ყოფილი მმართველების გავლენა პოლიტიკაზე.

არაფორმალურ მმართველობას კანონით ვერ შეზღუდავ.

მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ამომრჩევლები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომ მათ ექნებათ გაცნობიერებული ხმა მისცენ ისეთ ადამიანებს, ვინც არამხოლოდ გარკვეულ თანამებობაზე იქნება, არამედ ვისაც ძალუძს ეს ფუნქცია რეალურად შეასრულოს.

არაფორმალური მმართველობა ძირს უთხრის საჯარო ინსტიტუტებში მოსახლეობის ნდობას.

ამერიკის ხმა: თქვენ ამბობთ, რომ მოსალოდნელია საპარლამენტო არჩევნებზე არა-ლიბერალური, პრო-რუსული ძალები უკეთ წარმოჩინდნენ ქართულ პოლიტიკაში. რას ნიშნავს პრო-რუსული ძალების დაწინაურება საქართველოსთვის, რომელსაც აქამდე მკვეთრად დასავლური ორიენტაცია აქვს?

რობერტ ჰერმანი: საბოლოო ჯამში საქართველოს ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. საქართველოში ანტი-დასავლური ძალების გამარჯვება უდიდესი იმედგაცრუება იქნება. როგორც ჩვენს ბოლო ანგარიშში ვთქვით, ნაკლებია იმის შანსები, რომ არალიბერალური, პრო-რუსული ძალები უმრავლესობაში მოვიდნენ.

უნდა ითქვას, რომ ჩვენ მთელს რეგიონში ვხედავთ პოლიტიკის ცვლილებას და მერყეობას ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ კონსოლიდირებული დემოკრატიები გვეგონა. მაგალითად, ვნახეთ როგორი უკუსვლა აქვს უნგრეთს. ეს ყველასთვის იმის მაგალითია, რომ დემოკრატიისთვის დიდი შრომაა საჭირო და ეს ხანგრძლივი პროცესია. ეს შრომა დემოკრატიის მიღწევით არ სრულდება, მას შენარჩუნება სჭირდება.

XS
SM
MD
LG