საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტია ახალ ცხოვრებას იწყებს. მას შემდეგ რაც, წინა პარასკევს, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, მან ავტომატურად დაკარგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის პოსტიც. ეროვნული კანონმდებლობით, უცხოეთის, ამ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს, არ აქვს უფლება საქართველოში პოლიტიკური საქმიანობას ეწეოდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მისი უპირობო ლიდერის სააკაშვილის ხელმძღვანელობით, 9 წლის განმავლობაში (2003-2012) საქართველოს მმართველი ძალა იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან, როცა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, პარტია ოპოზიციაში გადავიდა. სააკაშვილმა კი ქვეყანა, ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა და სამშობლოში აღარ ჩამოსულა. 2015 წლის 30 მაისს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის გუბერნატორად დაინიშნა.
საქართველოში არყოფნის მიუხედავად, სააკაშვილი დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარედ და ბოლო ორი წელი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის მართვაში. მისი ხელმძღვანელობით, „ნაცმომ“ დაიწყო „განახლების“ პროცესი, რის ფონზეც წააგო 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოუცხადა 2015 წლის შუალედურ არჩევნებს.
რა იქნება 2016 წელს? პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიუხედავად, სააკაშვილი ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ყველანაირად ეცდება შეინარჩუნოს გავლენა პარტიაზე, რაც თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან დიდი პრობლემა იქნება, განსაკუთრებით, საარჩევნო სიის ფორმირების დროს
„დღეს მიხეილ სააკაშვილი არის, შეიძლება ითქვას დაუძლეველი პრობლემა ნაციონალური მოძრაობისთვის. თუმცა, როგორც ვხდები, ამ პრობლემასთან ერთად, არის პარტიის ფინანსური წყაროც. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ რაოდენობით დეპუტაციას ვერ გაიყვანს 2016 წელს პარლამენტში, ამიტომ, როგორც ყველა ოპოზიციურ პარტიაში, არჩევნების წინ დგება პრობლემა - გამსვლელ სიაში ვინ მოხვდება? როგორც კი ეს პრობლემა დგება, იმავე წუთში იწყება დაპირისპირება, რაც დღეს, ამ პარტიაშიც სახეზე გვაქვს.
ჩემი აზრით, ნაციონალების პარტიას არ ექნებოდა ეს პრობლემები, მიხეილ სააკაშვილს ცოტა შორს რომ გაეხედა და მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა. ბოლო, გინდა საპრეზიდენტო, გინდა თვითმმართველობის არჩევნებზე სააკაშვილი ფარულად უნდა ჩახსნოდა თავის პარტიას ანუ ფარული კომუნიკაცია უნდა შეენარჩუნებინა, მაგრამ პოლიტიკიდან გასვლა უნდა დაეწყო. აეღო 4-5 წლიანი პაუზა და ამის შემდეგ, ასე 2020 წლისთვის მას შეეძლო მოტრიალებულიყო ქართულ პოლიტაში.“
მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სამართლებრივად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კონტროლი დაკარგა, პარტიაში ახალი თავჯდომარის არჩევა არ ისურვეს.პარტიის მართვას პოლიტიკური საბჭო გააგრძელებს, სადაც 60 ადამიანია გაერთიანებული. მათ შორის, არიან პარტიის გენერალური მდივანი, შსს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომლებიც სასჯელს იხდიან.
პოლიტიკურ საბჭოს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი კი დეპუტატი სერგო რატიანია. მან ამ პოსტზე, ივნისში, ზურაბ ჯაფარიძე შეცვალა, რომელმაც პარტია რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, სწორედ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი - „გირჩი“ დაარსა.
ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული შიდა განხეთქილებაა, ახლახანს გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერიც ადასტურებს. კულტურის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი გოკა გაბაშვილი ძმასთან საუბრისას ღიად ამბობს, რომ სააკაშვილი საკუთარი გუნდით, პარტიაში, გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას ჯგუფებს ღიად უპირისპირდება (იხილეთ http://uarevo.in.ua/67429328.html).
სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ფიქრობს, რომ შიდა ბრძოლები სერიოზულად იმოქმედებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე:
„ბოლო წლებში, ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი, მისი რეიტინგი 10%-12%-ის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო კვლევის მონაცემებით, რომელიც ერთ-ერთ რეგიონში ჩატარდა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი - ამ პარტიას 7%-ზე მეტი რეიტინგი არ ჰქონდა. ამის შემდეგ კი კიდევ გაფუჭდა სიტუაცია.“
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში 65 დეპუტატის გაყვანა შეძლო.თუმცა, ბოლო სამი წლის მანძილზე, საპარლამენტო უმცირესობა 19 დეპუტატმა დატოვა, ერთი კი გარდაიცვალა და პარტიას დღეის მდგომარეობით, 45 დეპუტატი დარჩა.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 403 000 ხმა მიიღო. თბილისთან ერთად კი, დანარჩენი - 11 თვითმმართველი ქალაქის არჩევნებიც წააგო.
ექსპერტების აზრით, უახლოეს მომავალში გამოიკვეთება, დარჩება სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ უკვე არაფორმალურ ლიდერად, პარტია განაგრძობს განახლებას თუ მისი კიდევ უფრო დანაწევრება მოხდება. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს, ოპოზიციური პარტიის შედეგს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.