ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების ოცნებისა და ოქროს ხანის დასასრული


თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს
თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს

„რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა დღეს უკანასკნელად მიიღეს მონაწილეობა საქართველოს მთავრობის მუშაობაში და უახლოეს მომავალში, ისინი მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ. ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის ბოლო შეხვედრაზე იქნა მიღებული.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე, თინა ხიდაშელს სავარაუდოდ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შეცვლის. ხოლო, პაატა ზაქარეიშვილის ადგილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის უპორტფელო მინისტრის პოსტზე, ასევე სავარაუდოდ, მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაიკავებს.

მინისტრის პოსტის გამო გიგლა აგულაშვილმა პარტია გამოიცვალა
მინისტრის პოსტის გამო გიგლა აგულაშვილმა პარტია გამოიცვალა

გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე დარჩა, უკვე ყოფილი რესპი, გიგლა აგულაშვილი, მან რესპუბლიკური პარტია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ქართულ ოცნებაში გაცვალა. მარტის ბოლოდან, ცნობილია, რომ ოცნებაც და რესპუბლიკელებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად წარსდგებიან.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ დამოუკიდებლად რესპუბლიკებს ძალიან გაუჭირდებათ:

"რესპუბლიკელებს დიდი რეიტინგი არასდროს ჰქონიათ და ამიტომ მგონია, რომ ეს გაყრა იყო იძულება ქართული ოცნების მხრიდან“
გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

„ეს არის ძალაუფლების გაყოფა ქვეყნის შიგნით, ანუ ვის რა გავლენის სფეროები აქვს და ვის რა უნდა. სწორედ ამის გამო ჯერ, ირაკლი ალასანია გამოეყო ქართულ ოცნებას და ახლა - რესპუბლიკელები. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალასანია მიუხედავად, შიგნიდან იძულებისა, ბოლოს მაინც თავისით წამოვიდა, რადგან წამოსვლის დღიდან ვხედავთ, რომ მას აქვს რეიტინგი და შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა. რესპუბლიკელებს დიდი რეიტინგი არასდროს ჰქონიათ და ამიტომ მგონია, რომ ეს გაყრა იყო იძულება ქართული ოცნების მხრიდან.“

38 წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ყველაზე ძველმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც 1978 წელს, საბჭოთა კავშირში არალეგალურად დაარსდა, დამოუკიდებლად, საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ორჯერ, 1995 და 2008 წლებში მიიღო მონაწილეობა: 1995 წელს, ხმების - 1,65 პროცენტი (35 000 ხმა) დააგროვა, 2008-ში - 3,78 პროცენტი (67 000 ხმა) და პარლამენტს მიღმა დარჩა.

რესპებს ბარიერის გადალახვის პრობლემა საარჩვენო ბლოკში ყოფნის დროსაც ჰქონდათ. 1999 წლის არჩევნებზე, მათ ეროვნულ-დემოკრატებთან და მრეწველებთან ალიანსში ხმების - 4,45 პროცენტი მიიღეს.

ბოლო 26 წლის განმავლობაში, რესპუბლიკური პარტია პარლამენტში ოთხჯერ შევიდა. 1990 წელს - 3 დამოუკიდებელი დეპუტატით, 1992 წელს, სამხედრო პუტჩის შემდეგ, როცა მხოლოდ მინიმალური პროცენტული ზღვარი იყო გადასალახი, ქართულ დას-თან და „თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან“ ალიანსში, უკვე 10 პარლამენტარით. (1995 და 2008 წლებში რესპებმა ერთი და ორი მაჟორიტარის გაყვანა შეძლეს - ზ.წ)

2004 და 2012 წლებში, როცა ძლიერი ლოკომოტივი ჰყავდათ -„ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით, რესპუბლიკელებმა პარლამენტში, შესაბამისად, 5 და 9 დეპუტატი გაიყვანეს.

ბოლო ოთხი წელი, ნამდვილი „ოქროს ხანა“ იყო რესპუბლიკელების 38 წლიან პარტიულ ისტორიაში. მათ პირველად მიიღეს - პარლამენტის თავჯდომარის და რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის პოსტი, ასევე, სამი სამინისტროს პორტფელი. რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მარტო ყოფნა არ აშინებთ:

"რესპუბლიკელებს, მარტო ყოფნა არ გვაშინებს, 1978 წლიდან მოყოლებული“
დავით ბერძენიშვილი

„ჩვენ ახლა ვართ რამდენიმე კონკურენტუნარიანი პარტიის შეჯიბრის პირობებში. აი, ეს 6-7 პოლიტიკური პარტია იქნება ძალიან საინტერესო, პოლიტიკური სივრცის შემქმნელი, უახლოეს თვეებში. ჩვენ, რესპუბლიკელებს, მარტო ყოფნა არ გვაშინებს, 1978 წლიდან მოყოლებული.“

38 წლიანი ისტორიის მქონე „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის ოთხი წლის პარტია „ქართული ოცნება“, საპარლამენტო არჩევნებში, დამოუკიდებლად ასევე, პირველად მიიღებს მონაწილეობას.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ახალი პარტიული სახეების პრეზენტაცია, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართა. სახელისუფლებო გუნდის გათვლით, ამ სახეებმა დაშლილი კოალიციის ცნობილი სახეები, იგივე რესპუბლიკელები უნდა ჩაანაცვლონ და მომავალ პარლამენტში, ახალი, ერთპარტიული უმრავლესობა შექმნან.

ოცნების ახალი სახეების პრეზენტაცია საგურამოში
ოცნების ახალი სახეების პრეზენტაცია საგურამოში

„ქართული ოცნების“ ახალი სახეებიდან აღსანიშნავია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავჯდომარე და პრემიერ ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი; შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი სოფო კილაძე; შსს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და ფსიქოლოგი ირინა ფრუიძე, რომელსაც საზოგადოება უფრო „რუსთავი 2“-ის ინტელექტუალური სატელევიზო პროექტიდან იცნობს. „ქართული ოცნების“ საბოლოო საარჩევნო სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG