ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსუფაშვილმა კაპიტნის სამკლაური სამნიძეს გადასცა


ხათუნა სამნიძე და თინა ხიდაშელი რესპუბლიკელების ყრილობაზე
ხათუნა სამნიძე და თინა ხიდაშელი რესპუბლიკელების ყრილობაზე

საქართველოს ყველაზე ძველ პოლიტიკურ პარტიას ქალი უხელმძღვანელებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:35 0:00
ბმული

35 წლის ხათუნა სამნიძე პირველი ქალია, რომელიც საქართველოს ყველაზე ძველ პოლიტიკურ პარტიას, 35 წლის უკან, 1978 წელს დაარსებულ - რესპუბლიკურ პარტიას უხელმძღვანელებს. კვირას, რესპუბლიკელების რიგით მე-15 პარტიულ თავყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხათუნა სამნიძის არჩევას, განახლებული ეროვნული კომიტეტის 35 წევრიდან 32-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო.

რესპუბლიკურ პარტიას აქამდე მხოლოდ მამაკაცი ლიდერები ჰყავდა. პირველმა თავჯდომარემ ვახტანგ ძაბირაძემ ყველაზე დიდხანს - 16 წლის მანძილზე უხელმძღვანელა პარტიას (1979-1995); შემდეგ იყვნენ - ივლიანე ხაინდრავა (1995-2000), დავით ბერძენიშვილი(2000-2005) და დავით უსუფაშვილი(2005-2013). ხათუნა სამნიძემ სწორედ პარლამენტის მოქმედი თავჯდომარე დავით უსუფაშვილი შეცვალა, რომელმაც კერძოდ აღნიშნა:

"ხათუნა სამნიძე იქნება ყველაზე მაგარი თავჯდომარე რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ის პირველი ქალი თავჯდომარეა, მაგრამ ამ ნიშნით არ შეგვირჩევია.

ის შეირჩა იმიტომ, რომ იქნება საუკეთესო თავჯდომარე და დარწმუნებული ვარ, როცა ორი წლის შემდეგ ,ისევ შევიკრიბებით მორიგ ყრილობაზე - ძალიან ბევრი სასიკეთო სასაუბრო გვექნება.“

ბათუმისა და მაგდებურგის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ხათუნა სამნიძე დიდ პოლიტიკაში „რესპუბლიკელების“ ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის, შემდეგ კი დაუძინებელი ოპონენტის „ნაციონალების“ მეშვეობით მოხვდა.

2004 წლის აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე, სამნიძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა. საარჩევნო ბლოკ "სააკაშვილი - გამარჯვებული აჭარა“-ს პარტიულ სიაში იგი მე-14 იყო. თუმცა, 2005 წლიდან სამნიძე „რესპუბლიკელთა“ ბანაკში გადადის.

სამნიძე ასევე იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გენდერის პროგრამის კოორდინატორი. გენდერის საკითხებზე ორი გახმაურებული პროექტის: „CEDAW ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტი - თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა“ და „50 ქალი საქართველოდან“ ერთ-ერთი ავტორი.

2013 წლიდან, სამნიძე „რესპუბლიკელების“ საორგანიზაციო მდივანია, ასევე მონაწილეობს პარტიის გენდერული ხედვის შემუშავებაში, რაც პოლიტიკაში ქალის როლის მნიშვნელობისა და ზოგადად პოლიტიკურ პარტიებში მეინსტრიმის გაზრდას გულისხმობს. ჯერ კიდევ, საორგანიზაციო მდივნის რაგნში ხათუნა სამნიძე ამბობდა, რა მნიშვნელობა აქვს ქალის როლის გაზრდას პოლიტიკაში:

„მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ეს თემა, ქალის როლის გაზრდა პოლიტიკაში, გავხადოთ მნიშვნელოვანი ჯერ პარტიაში. შემდეგ კი უკვე საზოგადოებაში.

მე ასე ვხედავ რომ პარტიაში, თუ გახდება ეს თემა მნიშვნელოვანი და მერე საზოგადოებაში ამის გატანა, იმუშავებს იმ სტერეოტიპზე, რომ პოლიტიკური პარტიები ამ თემებზე ნამდვილად მუშაობენ.“

რესპუბლიკური პარტია დღეს მმართველი კოალიციის მნიშვნელოვანი და ბევრი დასავლელი ექსპერტის აზრით, ერთ-ერთი პროგრესული პოლიტიკური ჯგუფია. პარტია პარლამენტში 9 კაციანი ფრაქციით არის წარმოდგენილი.

პირველად საქართველოს ისტორიაში „რესპუბლიკელია“ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარე; რეინტეგრაციის საკითხებში უპორტფელო სახელმწიფო მინისტრიც ამ პარტიის წევრია. მათი ყოფილი წევრია უშიშროების საბჭოს მომავალი მდივანიც.

თუმცა, რესპებს პერიოდულად სერიოზული პრობლემებიც აქვთ. ზაფხულში, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაატოვებინეს დავით ზურაბიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პარტიაზე განხორციელებული დარტყმა იყო; სექტემბერში, კი ახმეტაში იმპიჩმენტი მოუწყვეს საკრებულოს თავჯდომარე რესპუბლიკელ ზაქარია ქინქლაძეს.

ამის მიუხედავად, რესპების ყრილობაზე გამოსვლისას, პოლიტიკიდან მიმავალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე ძველი ქართული პარტიის მიმართ დითირამბები არ დაიშურა:

„რესპუბლიკური პარტია ჩემთვის არის სამაგალითო პარტია საქართველოში. თქვენ ხართ ყველაზე ბრძენი, თანმიმდევრული პარტია. 35 წელი ისტორიისთვის არ არის ბევრი, მაგრამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს ძალიან ხანგრძლივი დროა.

გყავთ ძალიან ბევრი ვარსკვლავი. ძალიან სტაბილური პარტიაა, მართლაც რომ მისასლმებელია ეს და მართლაც ყველაზე სტაბილური პარტიაა ჩვენს უახლოეს ისტორიაში.“

რესპუბლიკური პარტია საბჭოთა საქართველოში არალეგალურად 1978 წლის 21 მაისს დაარსდა. 1979 წელს პარტიის მიერ, ასევე არალეგალურად გამოცემულ ჟურნალ „სამრეკლოს“ პირველ ნომერში ვკითხულობთ - „მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს სრული ეკონომიკური და კულტურული განვითარების საშუალება“.

1983-84 წლებში, საბჭოთმა სუკ-მა რესპუბლიკელების ოთხი დამფუძნებელი - ვახტანგ ძაბირაძე, ძმები ლევან და დავით ბერძენიშვილები და ვახტანგ შონია „ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდისა და ანტისაბჭოთა ორგანიზაცია ე.წ რესპუბლიკური პარტიის შექმნისთვის“ დააპატიმრეს და გაასამართლეს. ქართველმა დისიდენტებმა სასჯელი მორდოვეთის და პერმის საბჭოთა ბანაკებში მოიხადეს.
XS
SM
MD
LG