საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ახალი მთავრობისა და ახალი პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარეების დაკომპლექტებისას, ბიძინა ივანიშვილმა, ჯერჯერობით ყველაზე მეტი, საკუთარი პარტიის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კადრები გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ივანიშვილი მის „მარჯვენა ხელს“ ირაკლი ღარიბაშვილს აბარებს. არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნება; კახი კალაძე - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად; სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩაიბარებს; გურამ ოდიშარია - კულტურის სამინისტროს.
ლევან ყიფიანი კი სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი გახდება. პარლამენტის თავჯდომარის მოადგილედ პარტიის თავჯდომარე მანანა კობახიძე იმუშავებს; პარლამენტის კომიტეტებს ასე ჩაიბარებენ „ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრები: ივანე კიღურაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, ნოდარ ხადური, თედო ჯაფარიძე, რესპუბლიკელებიდან სექტემბერში წამოსული ირინა იმერლიშვილი და ეკა ბესელია.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა კერძოდ აღნიშნა:
„პირველი, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, პოლიცია უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი პოლიტიკური დაკვეთებისგან. ყოველგვარი პოლიტიკისგან! არცერთი პოლიტიკური დაკვეთა არ უნდა იღოს მიღებული და შესრულებული პოლიციის მიერ. ეს არის ძალიან პრინციპული დავალება და ჩვენ ამ დავალებას აუცილებლად შევასრულებთ.
პოლიცია უნდა განთავისფლდეს ყოველგვარი წნეხისა და ზეწოლისგან რომელიც ხელისუფლებისგან მომდინარეობდა. ეს არის პირველი ამოვანა, რომელიც აუცილებლად წარმატებით განხორციელდება. და რაც მთავარია, ჩვენ გავაგრძელებთ შეურიგებელ ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ! ვერცერთი კრიმინალი ფეხს ვერ მოიკიდებს დემოკრატიულ საქართველოში.
ეხლა არის გარდამტეხი ისტორიული მომენტი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ჩანაცვლება დემოკრატიული არჩევნების გზით. ჩვენ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა გავუშვათ ხელიდან, არ უნდა დავუშვათ ქვეყნის სისტემის ჩამოშლა, ეს ასე არ მოხდება.“
მნიშვნელოვანი პორტფელები მიიღეს ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებმაც“. პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი გახდება; პოლიტიკური მდივანი - ალექსი პეტრიაშვილი ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრად დასახელდა; თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი იქნება; მაია ფანჯიკიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაიბარებს; „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონალური სამსახურის უფროსს კოტე სურგულაძეს კი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცებენ.
პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას მიიღებს პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ აბაშიძე, აღმასრულებელი მდივანი ვიქტორ დოლიძე კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარედ დასახელდა. გარემოს დაცვის კომიტეტს გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს.
პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობა კოალიციის ყველაზე „ბებერ“ პარტიას „რესპუბლიკელებს“ ერგოთ. დავით უსუფაშვილი, რომელიც 2005 წლიდან რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარეა, დამოკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარალემენტის რიგით მერვე სპიკერი გახდება.
პაატა ზაქარეიშვილი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იქნება, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძის სიძე დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუბრუნდება, სადაც 11 წლის უკან შევარდნაძის მთავრობის დროს მუშაობდა. თავად ვახტანგ ხმალაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს. პარლამენტის მომავალმა თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კერძოდ აღნიშნა:
„პირველი რიგის ამოცანაა ახალი პარლამენტის შეკრების უზრუნველყოფა. ბევრი პრობლემაა. უნდა ჩავიდეთ ქუთაისში და ვნახოთ რა მდგომარეობაშია ახალი შენობა, პარლამენტის აპარატი. საქართველოს პარლამენტი არ ფუნქციონირებს, იცით, რომ თბილისში პარლამენტის ძველი შენობის დემონტაჟი სასწრაფო წესით დაიწყეს.
დაწყებული ტექნიკური პრობლემებიდან დამთავრებული პარლამენტის თვითორგანიზებით, ჩამოსაყალიბებელია კომიტეტები, ფრაქციები, ახალ მთავრობასთან ერთად შესადგენია საკანონმდებლო საქმიანობის გეგმა და სწორედ ამით ვიქნებით დაკავებულნი.“
კოალიციაში შემავალმა კიდევ სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შემდეგი თანამდებობები მიიღეს: „ეროვნული ფორუმის“ წევრი ნოდარ ჯავახიშვილი 13 წლის შემდეგ ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. „ფორუმელი“ რევაზ შავიშვილი აუდიტის სამსახურს ჩაუდგება სათავეში, „ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ შესაძლოა პარლამენტში დიასპორების კომიტეტს უხელმძღვანელოს.
„კონსერვატორთა“ და „მრეწველთა“ ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობები მიიღეს. გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდება უპარტიო მაია მიმინოშვილი.
შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოც.უზრუნველყოფის სამინისტროს ასევე ძველი სახე, უპარტიო ამირან გამყრელიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ექს პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაშიც მუშაობდა.
უახლოეს დღეებში, ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის კიდევ შვიდ კანდიდატს დაასახელებს. წინასაარჩევნოდ შექმნილი დასაქმების სამინისტრო კი, სავარაუდოდ, გაუქმდება.