საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ დატოვებს როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ თანამდებობებს და გადაინაცვლებს სამოქალაქო საზოგადოებაში, რათა ხელი შეუწყოს „ეფექტური, პასუხისმგებლობის მქონე, ევროპული ტიპის საზოგადოების“ მშენებლობას.
გუშინ ქართული საზოგადოებისთვის გაგზავნილ 15 გვერდიან ღია წერილში, ივანიშვილმა მის მიერ დასახულ ახალ ამოცანას - „ეპოქალური გამოწვევაც“ კი უწოდა.
ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2011 წლის 7 ოქტომბრის პირველ საჯარო მიმართვაში განაცხადა, რომ მხოლოდ 2-3 წელი აპირებს პოლიტიკაში დარჩენას: რათა მოიგოს საპარლამენტო არჩევნები, გახდეს პრემიერი, ჩამოაყალიბოს მთავრობა, დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, გააღრმავოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მოიზიდოს ინვესტიციები, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, ააღორძინოს სოფლის მეურნეობა, განათლება და დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე მუშაობა.
გუშინდელ წერილში, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ჰყავს „მაქსიმალურად ეფექტური მთავრობა“. ამავე დროს, გუშინ ივანიშვილს არაფერი უთქვამს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ინვესტიციებზე, სასამართლოზე, ეკონომიკაზე, რუსეთსა და დასავლეთზე.
ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი „ბავშვებს სახლში მარტო ტოვებს“, რაც, მისი აზრით, სარისკოა, თუმცა, საზოგადოების განვითარებისთვის შეიძლება პოზიტიური ნაბიჯიც გამოდგეს.
„რისკები დაახლოებით იგივეა, როცა დატოვებ ბავშვებს სახლში მარტო. ნუ, მგონი ბავშვები აღარ არიან, მოზრდილება არიან და რაღაც ეტაპზე მაინც მოგიწევს დატოვო მარტო.
თუ გახსოვთ, თავის დროზე, ჯერ ერთ პრეზიდენტს გამოვეტირეთ, მერე მეორეს დავუჩოქეთ, მერე მესამემ, რა ქნა, ყველამ ვიცით და ისევ იგივე სიტუაცია მეორდება. ასე, რომ საზოგადოების განვითარებისთვის ეს ნორმალური პროცესი უნდა იყოს.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ ივანიშვილი მართლა წავა პოლიტიკიდან რა გარემო იქნება საარჩევნოდ. პირველად ცხოვრებაში, ჩვენ დავიწყებთ პროგრამების მოსმენას, და არა იმით არჩევას, ვიღაც ადამიანი მიყვარს, არ მიყვარს, მომწონს-არ მომწონს.
პრაგმატული მიდგომა აკლია ხალხს არჩევნების დროს. ადამიანები ელოდებიან ვინ შეუყვარდებათ, რომ მერე ის ლიდერად აირჩიონ. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება.“
ივანიშვილის წასვლა ახალი პოლიტიკური მიწისძრის ტოლფასი შეიძლება აღმოჩდეს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთელი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ახალ პრემიერს, რომელმაც პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს, პარლამენტმა კი ეს შემადგენლობა დაამტკიცოს.
ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან ჩანს, რომ იგი დარწუნებულია, საქართველოს საპრეზიდენტო მომავალ არჩევნებში, მისი ფავორიტის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში.
მას, უკვე აქვს ნაფიქრი, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. „ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს“ - წერს ივანიშვილი.
თუმცა, ამავე დროს, ივანიშვილი თავს იზღვევს და აფრთხილებს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სუბიექტებს, (რომელთაც არაერთი მილიონი დაახარჯა - ზ.წ) რომ კოალიციის დატოვება, „შეცდომა იქნება, რომელიც მათ თავად დააზარალებს“. რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ამბობს:
„პოლიტიკური სივრცე ივანიშვილის გარეშე ბუნებრივია ნიშნავს, კოალიციის სუბიექტებზე მეტი პასუხისმგებლობის გადანაწილებას. ეს მოცემულობაა, ეს მისი გადაწყვეტილებაა.
ჩვენ ამოვდივართ აქედან, რომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიცია და საქართველოს ახალი ხელისუფლება, ძალიან მომზადებული შეხვდეს ივანიშვილის გარეშე ქვეყნის მართვას.“
როდის წავა პრემიერ-მინისტრი? ბიძინა ივანიშვილს ზუსტი თარიღი არც ახლა დაუსახელებია. 2011 წლის პირველ ეპისტოლეში ნახსენები 2-3 წელით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის რომ ივანიშვილი შესაძლოა 2013 წლის ბოლომდე გადადგეს.
ამ დროისთვის საქართველოში უკვე არჩეული იქნება ახალი პრეზიდენტი, ასევე დასრულებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათ შორის თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევნები.
პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, თუმცა ამის წინააღდეგია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა - „ქართული ოცნება“, ისე უმცირესობა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კი ივანიშვილის „ეპოქალურ გამოწვევას“ გადადგეს, მაგრამ „აქვე“ დარჩეს, ერთი-ორად აიოლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თანამდებობას მალე დატოვებს
თბილისი —