ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოცნებამ“ არჩევნების წინ „სისხლი გადაისხა“


საარჩევნო სიაში "ოცნების" პირველი ნომერი - პრემიერი კვირიკაშვილია
საარჩევნო სიაში "ოცნების" პირველი ნომერი - პრემიერი კვირიკაშვილია

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თითქმის 70 პროცენტით, განაახლა საარჩევნო სია. 155 კაციან სიაში მთავარი გამწევი ძალა და პირველი ნომერი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.

2012 წლის არჩევნებზე, „ოცნების“ პირველი ნომერი კი ამჯერად სიაში - მეორეა. ენერგეტიკის უკვე ყოფილი მინისტრმა და საარჩევნო შტაბის მეთაურმა კახი კალაძემ, მმართველ პარტიაში მნიშვნელოვანი პოზიციები შეინარჩუნა. რასაც ვერ ვიტყვით, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდზე, 2016 წლის სიაში მხოლოდ ღარიბაშვილის ყოფილი თანაშემწე სავალან მირზოევი მოხვდა.

დაშლილი კოალიციიდან ახალ სიაშია - კონსერვატიული (ძიძიგური), სოციალისტური (ჟორჟოლიანი), მწვანეთა (გაჩეჩილაძე) და ქალთა (მაღრაძე) პარტიის ლიდერები, ასევე - მოქმედი პარლამენტის 36 წევრი. მათგან ოთხი (ოქრიაშვილი, მკოიანი, ენუქიძე, ბოლქვაძე), 2012 წლის პარლამენტში - „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა. ვალერი გელაშვილი კი "რესპუბლიკური პარტიის" ქვოტით.

ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში ამჯერად "ქართულმა ოცნებამ" წამოეყენა. იგი 1999-2016 წლებში, დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირიდან" და "ნაციონალური მოძრაობიდან" იყო
ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში ამჯერად "ქართულმა ოცნებამ" წამოეყენა. იგი 1999-2016 წლებში, დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირიდან" და "ნაციონალური მოძრაობიდან" იყო

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ არ აშინებთ არჩევნების წინ, დიდი რაოდენობით „სისხლის გადასხმა“. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ, შიდა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ოცნებას“ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა აქვს:

ჩვენ გვაქვს, პროცენტულად, ზუსტად იმხელა მხარდაჭერა, რაც ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ვამბობთ ძალიან ხშირად, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში შეძლებს, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვებას"
ირაკლი კობახიძე, "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი

“ჩვენ გვაქვს, პროცენტულად, ზუსტად იმხელა მხარდაჭერა, რაც ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ვამბობთ ძალიან ხშირად, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში შეძლებს, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვებას ანუ ზუსტად იმდენივეს, რასაც აიღებს ყველა დანარჩენი პოლიტიკური გაერთიანება. თუმცა, ამით არ შემოიფარგლება ჩვენი ამბიცია, „ოცნების“ ამოცანა გახლავთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდაჭერა და ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.“

თავად „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც კვირიკაშვილთან და კალაძესთან ერთად პასუხისმგებელი იყო პარტიული სიის ფორმირებაზე, სიაში მესამეა.

მმარველი პარტიის სხვა ახალი სახეებიდან აღსანიშნავია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2013-14 წლებში, პრემიერ ივანიშვილის თანაშემწე იყო; ბიზნესმენები ილია წულაია, კახა კუჭავა და თემურ გოცირიძე.

ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, სასჯელაღსრულებისა მინისტრის ყოფილი მოადგილეები თამარ ხულორდავა და პაატა მხეიძე; ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ორი ვარსკვლავი - გიორგი მოსიძე და ირინა ფრუიძე, სოლიდარობის ფონდის დირექტორი მარიამ ჯაში და ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია კი მარტვილი-აბაშაში მაჟორიტარადდ იყრის კენჭს.

„ოცნების“ სიაში კვლავ არიან კინოს, მწერლობის, შოუ ბიზნესისა და სპორტის წარმომადგენლები: ემიგრაციიდან დაბრუნებული პოეტი, როკ ჯგუფ „ვაკის პარკის“ ლიდერი, ყოფილი ალპინისტი (ქაშაკაშვილი), მოჭიდავეები (ხაბარელი, ხაბელოვი, ხუბულური, ვახტანგაძე, თოთლაძე, მეტრეველი, ნავერიანი), რაგბისტები (აბუსერიძე, გეგიძე) და ფეხბურთელები (კობიაშვილი, ყაველაშვილი).

ამის გამო, მმართველი პარტიის სია მკაცრად გააკრიტიკა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა:

სიაში ამდენი ფეხბურთელის წინააღმდეგი ვარ ნამდვილად. ადრე პარლამენტში, ოლიმპიური ჩემპიონებები მაინც გვყავდა და ახლა, საქართველოს წარუმატებელი ნაკრების ფეხბურთელები შემოგვთავაზეს“
ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია

„საჭიროა თუ არა პარლამენტში, ოდნავ მაინც კვალიფიკაციასთან მიახლოებული პოლიტიკური ძალა? თუ საჭირონი არიან ფეხბურთელები, მომღერლები და კინო რეჟისორები? პარლამეტში ძირითადად არის სამუშაო და არა სათამაშო გარემი. ამდენი ფეხბურთელის წინააღმდეგი ვარ ნამდვილად, ადრე პარლამენტში, ოლიმპიური ჩემპიონებები მაინც გვყავდა და ახლა, საქართველოს წარუმატებელი ნაკრების ფეხბურთელები შემოგვთავაზეს.“

ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან სიაში მოხვდნენ: არჩილ ხაბაძე „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილი მმართველი და აჭარის ავტონომიის ყოფილი თავჯდომარე; გრიგოლ ლილუაშვილი „ქართუ ბანკის“ ყოფილი დირექტორი და თბილისის მერის მოადგილე; გურამ მაჭარაშვილი - „ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე; ირაკლი ზარქუა - 2012 წელს, “ბანკი ქართუს” დროებითი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დავით მათიკაშვილი - „ბანკი ქართუს“ სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი და ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი, რომლისთვისაც 2014 წელს, ივანიშვილი ბანკის მიყიდვას გეგმავდა.

შსს-ს ყოფილი მინისტრი ნარჩემაშვილი "ოცნებამ" მაჟორიტარად ქუთაისში დააყენა
შსს-ს ყოფილი მინისტრი ნარჩემაშვილი "ოცნებამ" მაჟორიტარად ქუთაისში დააყენა

ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდის მთავრობის წევრებიდან „ქართული ოცნების“ სიაშია: ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, მშენებლობისა და სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი რევაზ არველაძე და გენერალური პროკურატურის საგამოძიები ნაწილის პროკურორი ისკო დასენი, რომელიც ბოლო წლებში, საქართველოში მოლდოვის საპატიო კონსული იყო.

XS
SM
MD
LG