ზუსტად ერთი თვის შემდეგ, საქართველოს მომავალი პარლამენტის წევრების ვინაობა უკვე ცნობილი იქნება. წინასაარჩევნო ფუსფუსი, რასაც ამ ეტაპზე აქვს ადგილი კი ქაოტურად უფრო შეგვიძლია შევაფასოთ, ვიდრე სისტემურად. თუკი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, საარჩევნო რეგულაციების გათვალისწინებით შეიძლებოდა მრავალპარტიული პარლამენტის პროგნოზირება, ახლა საპარლამენტო მრავალფეროვნების პერსპექტივები და კოალიციური მთავრობის შესაძლებლობები ნაკლებად იკვეთება. პარლამენტში გამსვლელი პარტიებისა და პოლიტიკური ბლოკების რკალი თანდათან ვიწროვდება. თუ ერთი თვის წინ ერთ–ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია პაატა ბურჭულაძის გახლდათ, რომლის მიმართაც ნდობის მაღალ ხარიხს საქართველოს მოქალაქეები მაშინაც კი აფიქსირებდნენ, როდესაც ამ უკანასკნელს პოლიტიკური ამბიციების თაობაზე გაცხადებული საერთოდ არ ჰქონდა და მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობით შემოიფარგლებოდა, ახლა სხვა ვითარებაა. ორგანიზაციამ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და განაწყენებული წარმომადგენლები შემოიკრიბა „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად, რასაც წესით ის უნდა გაეძლიერებინა, თუმცა ამასობაში თავად ბურჭულაძის ირგვლივ შეკრულმა ბირთვმა იწყო დაშლა.
დღეს ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მისმა აქტიურმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ ხმაურით დატოვა. „პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, პარტიის სტრუქტურები, პარტიის წევრები და ლიდერები, ისევე როგორც საკუთარი ამომრჩეველი. საარჩენო სიაში პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან სამი ადამიანია მხოლოდ წარმოდგენლი. დანარჩენი დაკომპლექტებულია ყოფილი ნაციონალებით და ასევე სია შედგენილია კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების მნიშვნელოვანი ზეწოლის შედეგად,”- განაცხადა მან.
ხათუნა ლაგაზიძე პირველი არაა, ვისაც ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ იმედები გაუცრუა. ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ანალოგიური ნაბიჯი უკვე გადადგმული ჰქონდა. ამერიკის ხმასთან საუბრისას ის ამბობს, რომ მას სურდა ყოფილიყო ისეთ გუნდში, რომელიც ქართველ ამომრჩეველს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნებისგან განსხვავებულ, უფრო პროგრესულ ხედვას შესთავაზებდა. „მე წავედი პოლიტიკაში, რადგან მინდოდა მესამე ალტერნატივა, ახალი ძალა არსებულიყო. იმ პერიოდში, როდესაც ეს წინადადება მივიღე, სახეები, ვინც ჩანდა პარტიიდან. იგივე პაატა, გიორგი რუხაძე, დავით ჯანდიერი, არ ასოცირდებოდნენ არც ნაციონალებთან და არც ოცნებასთან და ცოტა სხვანაირად ჩანდა ყველაფერი. შემდეგ, განვითარდა ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელად: როდესაც პარტია ყოფილ ნაციონალებთან გაერთიანდა, ახალი ძალის იმედი დავკარგე. ახლანდელი ვითარება კი აჩვენებს, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ორგანიზაციას რეიტინგი თუ არ უმცირდება, არ ეზრდება, ამგვარ მდგომარეობაშია თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელებს კი პულსი საერთოდ არ ესინჯებათ, ჯერ–ჯერობით. მოკლედ, ყველა სხვა პარტია არის ბარიერის გადალახვა–ვერ–გადალახვის ზღვარზე. დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ პარლამენტი იყოს მხოლოდ ორპარტიული: ქართული ოცნებით და ნაციონალური მოძრაობით. ეს, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას სჭირდებოდა ახალი ძალები“,– ამბობს მერაბ მეტრეველი, რომელიც ქართველ ამომრჩეველს ისევ ცუდსა და უარესს შორის დილემის წინაშე ხედავს.
„ახლა ქართველ ამომრჩეველს კვლავ ტრადიციულ მარათონში ჩაბმა მოუწევს, როდესაც ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ ორი მსხვილი მოთამაშე იდგება: ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება და არ იქნება სხვა, უფრო ჯანსაღი ალტერნატივა,“– დასძენს მერაბ მეტრეველი.
პაატა ბურჭულაძის პარტიის კიდევ ერთმა, საკმაოდ ავტორიტეტულმა წევრმა პოლიტოლოგმა გიორგი რუხაძემ კი განაცხადა, რომ დღეს სათქმელი არაფერი აქვს. „დაწვრილებით ალბათ მომავალში ვისაუბრებთ. დღეს რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ, პირადი მოსაზრებებით ვთქვი უარი პარტიულ სიაში ყოფნაზე. სატალევიზიო კომენტარებზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ,“– წერს ის სოციალურ ქსელში.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, პოლიტიკური ძალები, მათ მიერვე წარმოებული შიდა პარტიული კულტურით ამომრჩეველთა განხიბვლის საქმეს თავს შესანიშნავად ართმევენ.