ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სმიტების მკვლელ მწყემსს უვადო პატიმრობა მიესაჯა


მწყემსი მალხაზ კობაური გორის სასამართლოში, "ინტერპრესსნიუსის" ფოტო
მწყემსი მალხაზ კობაური გორის სასამართლოში, "ინტერპრესსნიუსის" ფოტო

20 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს, რომელმაც ხადის ხეობაში ამერიკის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმიტების ოჯახი განსაკუთრებული სისასტიკით ამოწყვიტა, გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დღეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ორი დღით ადრე, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ, კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მწყემსს ბრალად სს კოდექსის 137-ე და 109-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენა ედებოდა: 43 წლის რაიანის, 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის ვაჟის კეილების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა და ლორა სმიტის გაუპატიურება.

ერთი-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი 5 თვე გაგრძელდა, წინასასამართლო სხდომა თავდაპირველად მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, შემდეგ კი საქმე გორის სასამართლოს გადაეცა.

მოკლული რაიან, კეილებ და ლორა სმიტები
მოკლული რაიან, კეილებ და ლორა სმიტები

საბოლოოდ, როგორც ნაფიცმა მსაჯულებმა, ისე მოსამართლემ სრულად გაიზიარეს პროკურატურის მტკიცებულებები და მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეეფარდა. გორის სასამართლოში განაჩენის გამოცხადებისას სმიტების ოჯახს საქართველოში აშშ-ს კონსული ჯენეტ რებერი წარმოადგენდა, მან განაჩენს სამართლიანი უწოდა:

შემიძლია ვთქვა, რომ მტკიცებულებები რაიმე ეჭვისთვის სივრცეს არ ტოვებს. ჩვენ გვჯერა რომ ეს იყო სამართლიანი პროცესი და გადაწყვეტილება. ლორას და ბრაიანის ოჯახის წევრებიც ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს"
ჟენეტ რებერი, საქართველოში აშშ-ს კონსული

„დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით სასამართლო პროცესს და შემიძლია ვთქვა, რომ მტკიცებულებები რაიმე ეჭვისთვის სივრცეს არ ტოვებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო სამართლიანი პროცესი და გადაწყვეტილება. ლორას და ბრაიანის ოჯახის წევრებიც ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს.“ - აღნიშნა რებერმა.

შემზარავი ტრაგედია 2018 წლის 4 ივლისს, ხადის ხეობაში, დუშეთიდან 70 კილომეტრით მოშორებულ სოფელ წკერეს თავზე დატრიალდა. სმიტებმა, რომლებიც მთიულეთში დასასვენებლად ავიდნენ, მწყემსი ხადისწყლის ხეობაში ჩანჩქერებისკენ მიმავალ გზაზე გაიცნეს. კობაურმა მათი მეგზურობა ითავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სანადირო თოფით შეიარაღებულმა მწყემსმა, რომელიც ნასვამი იყო, გზაში ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა. ამ მიზნით, კობაურმა რაიან სმიტი და მცირეწლოვანი კეილები ჩანჩქერისკენ გაიტყუა.

კობაურმა შვილის თვალწინ ჯერ მამა მოკლა, შემდეგ კი თავში მიბჯრით ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს. მისი ცხედარი ზვავში გადამალა. უკან დაბრუნებულმა განსაკუთრებული სისასტიკით ლორა სმიტი გააუპატიურა და შემდეგ ხადისწყალში დაახჩო.

ფოტო მკვლელობის ადგილიდან
ფოტო მკვლელობის ადგილიდან

დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელმა სოფელ წკერეს მაცხოვრებლებს თავად აცნობა, რომ ქალის ცხედარი იპოვა და თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა. მწყემსი ორი დღის მანძილზე სმიტების ძებნის ოპერაციაშიც მონაწილეობდა.

კობაურმა პოლიცია იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის გვამი გადამალა. მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ მიიყვანა. თავდაპირველად მწყემსმა დანაშაული სრულად აღიარა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა და ნაფიც მსაჯულთა წინაშე ამტკიცებდა, რომ სმიტები არ მოუკლავს. პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს:

ბრალდებულმა არა თუ არ მოინანია დანაშაული, იგი ბოლო წუთამდე ცდილობდა სასამართლოს და ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანას. მის ერთადერთ მიზანს სასჯელისგან თავის დაღწევა წარმოადგენდა"
ზაზა დათუკიშვილი, პროკურორი

„ბრალდებულმა არა თუ არ მოინანია დანაშაული, იგი ბოლო წუთამდე ცდილობდა სასამართლოს და ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანას. მის ერთადერთ მიზანს პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან თავის დაღწევა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ადექვატური სასჯელი თავისუფლების უვადო აღკვეთა იყო.“ - აღნიშნა პროკურორმა.

აშშ-ის მოქალაქეები რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. რაიანი მარნეულში პროექტ Rewoven-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალებში ხალიჩის ქსოვის მივიწყებული ტრადიციის აღორძინებას ემსახურებოდა. Rewoven პროექტში, 20-ზე მეტი ხალიჩის მქსოველი ქალი იყო დასაქმებული. ქვემო ქართლსა და კახეთში დამზადებული ხალიჩები საერთაშორისო ბაზარზე იყიდებოდა.

ლორა სმიტი განათლების სამინისტროს პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. ოჯახმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს „საგამონაკლისო წესით“ მიიღო. სმიტები პროტესტანტი ქრისტიანები იყვნენ, მათი ცხედრები აშშ-ში გადაასვენეს და არიზონის შტატში მიაბარეს მიწას.

სმიტების დაკრძალვა არიზონაში, 2018
სმიტების დაკრძალვა არიზონაში, 2018

უვადო პატიმრობამისჯილი მალხაზ კობაური ოკუპირებული ახალგორიდან დევნილთა ოჯახიდან არის. 2008 წლის ომის შემდეგ, იგი დედ-მამასთან და ხუთ დედმამიშვილთან ერთად, სოფელ წილკნის დასახლებაში-საძეგურაში იზრდებოდა. ვინაიდან წილკნის საჯარო სკოლაში არ იარა, მოსწავლის სტატუსი შეუჩერეს და საშუალო განათლება არ მიუღია. კობაური თავს მწყემსობით ირჩენდა.

კობაურების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, მწყემსის მამა წარსულში მეუღლის დაჭრისთვის იყო გასამართლებული და ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დედა მარიამ მათიაშვილი ცუდად გახდა. მოგვიანებით, მალხაზ კობოურის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასჯელს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქართველოს კანონმდებლობით, მალხაზ კობაურს მხოლოდ 15 წლის შემდეგ, ანუ 2034 წელს შეეძლება მოითხოვოს, რომ მისი სასჯელი გადაიხედოს. იმ დროისთვის, იგი 35 წლის იქნება.

მალხაზ კობაური
მალხაზ კობაური

ლორა და რაინ სმიტები
ლორა და რაინ სმიტები

კეილებ სმიტი
კეილებ სმიტი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG