ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია-საქართველო: ჩხეიძეს და ძინძიბაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ


ნოდარ ძინძიბაძე (მარცხნივ) უმკაცრეს სასჯელს გერმანიაში, გიორგი ჩხეიძე კი საქართველოში მოიხდის
ნოდარ ძინძიბაძე (მარცხნივ) უმკაცრეს სასჯელს გერმანიაში, გიორგი ჩხეიძე კი საქართველოში მოიხდის

31 წლის გიორგი ჩხეიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიის მოქალაქის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ეს ინფორმაცია სასამართლომ დღეს გაავრცელა.

სასტიკი დანაშაული, რომელშიც ჩხეიძესთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 40 წლის ნოდარ ძინძიბაძეც ფიგურირებს, 2013 წლის 23 ივნისს, ქალაქ ნიურნბერგში მოხდა და მთელი გერმანია შეძრა.

ყაჩაღები ელზასის ქუჩაზე, 85 წლის ანელიზ მორხუტის ბინაში ღია აივნიდნენ შევიდნენ, პენსიონერ ქალბატონს სცემეს, გაკოჭეს, პირი აუკრეს და საბანი შემოახვიეს. სახლიდან 2500 ევროიანი „როლექსის“ საათი, ფული და ოქროულობა გაიტაცეს. პოლიციამ მოხუცი ორი დღის შემდეგ გაგუდული აღმოაჩინა.

მოკლული 85 წლის ანელიზ მორხუტი და მოპარული "როლექსი"
მოკლული 85 წლის ანელიზ მორხუტი და მოპარული "როლექსი"

კრიმინალურ შემთხვევას გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვინაიდან დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა ვერ მოხერხდა. ყაჩაღებს ბინაში ანაბეჭდები არ დაუტოვებიათ.

პოლიციამ მკვლელობის ადგილზე მხოლოდ ორი უცნობი მამაკაცის ნერწყვის კვალი გამოყო. დამნაშავეების სავარაუდო დნმ-ის ნიმუშით, ანაბეჭდების დადგენის მიზნით კი მასშტაბური ოპერაცია „ელზასი“ 2013 წლის ზაფხულშივე დაიწყო და ორი წელი გაგრძელდა. პოლიციამ ნიურნბერგის სამხრეთ ნაწილში, 20-დან 40 წლამდე ასაკის, 1000-ზე მეტი ადამიანის ნერწყვის ანალიზი შეამოწმა.

პარალელურად, სამართალდამცველებმა ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოდ ჯერ 5000 ევრო დააწესეს, მოგვიანებით კი ეს თანხა 10 000 ევრომდე გაზარდეს. კვანძი მხოლოდ 2015 წლის მარტში გაიხსნა, როცა ნიურნბერგში აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში, შვეიცარიის ეროვნული ბაზაში დაცულ ერთ-ერთ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა.

ეს საქართველოს მოქალაქის, 1976 წელს დაბადებულ გიორგი ჩხეიძის დნმ-ის ნიმუში იყო, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფარს ითხოვდა. მას პასპორტი ღვალაძის გვარზეც ჰქონდა, მისი დაკავება მაშინ ვერ მოხერხდა.

ჩხეიძის ახლო კავშირების შემოწმებამ კი გერმანიის პოლიცია, მეორე დამნაშავემდე, ნოდარ ძინძიბაძემდე მიიყვანა. იგი იმ დროს იტალიაში ქურდობისთვის უკვე დაკავებული იყო და სასჯელს ფლორენციაში იხდიდა.

გერმანიამ იტალიიდან ძინძიბაძის ექსტრადირება განახორციელა და 2016 წლის მაისში, სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ნიურნბერგის პოლიციის წარმომადგენელი ტილო ბახმანი ამბობს

წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს“
ტილო ბახმანი, ნიურნბერგის პოლიციის წარმომადგენელი

„დნმ-ის ნიმუშების დასადგენად, პოლიციამ დიდი სამუშაო გასწია, რამაც საბოლოოდ ნამდვილ დამნაშავეებამდე მიგვიყვანა. წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს.“

მკვლელობის მეორე მონაწილე - გიორგი ჩხეიძეზე გერმანიამ ძებნა ინტრეპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით გამოაცხადა. თუმცა მისი დაკავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, პოლიციის ცნობით, ჩხეიძე კონსპირაციულად გადაადგილდებოდა და ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. საბოლოოდ იგი 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

გიორგი ჩხეიძეს ქუთაისის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
გიორგი ჩხეიძეს ქუთაისის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს სპეცოპერაცია საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება იყო.

ჩხეიძის დაკავებამდე გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტს, რალფ მიჰელფელდერს საქართველოდან შსს ორი მაღალჩინოსანი შეხვდა.

ერთ-ერთი მათგანმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ განაცხადა, რომ გერმანიიდან უტყუარი მტკიცებულებები იქნა მოწოდებული:

ჩხეიძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვა ნივთებზე"
მიხეილ ძაგნიძე, შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი

„მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ჩხეიძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე.“

გერმანიის პოლიციამ დამნაშავეების დასადგენად უზარმაზარი სამუშაო გასწია
გერმანიის პოლიციამ დამნაშავეების დასადგენად უზარმაზარი სამუშაო გასწია

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ძინძიბაძის დაცვის მხარე, ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოში პროცესის დროს, კლიენტისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის მიღებას ცდილობდა და აცხადებდა, რომ ბოლომდე ნათელი არ იყო, თუ ვინ მოკლა 85 წლის ნიურნბერგელი პენსიონერი. გიორგი ჩხეიძე კი უკვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამბობდა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო.

თუმცა, როგორც გერმანელმა, ისე ქართველმა მოსამართლემ ძინძიბაძესაც და ჩხეიძესაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ მხოლოდ 15 წლის შემდეგ, ანუ 2031-32 წლებში შეეძლებათ სასჯელის გადახედვა მოითხოვონ.

გიორგი ჩხეიძის დაკავება თბილისში 18.11.2016
გიორგი ჩხეიძის დაკავება თბილისში 18.11.2016

Facebook Forum

XS
SM
MD
LG