„ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი ბერკეტი ვიზალიბერალიზაცია იქნება“ - ასეთი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მესიჯი დღეს, წვიმიან ბერლინში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელმაც ევროპესიმისტთა მოსაზრებით, გაურკვეველი დროით, „დაამუხრუჭა“ ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ისტორიული პროცესი, ევროოპტიმისტთა აზრით, კი ეს მხოლოდ „დროებითი შეყოვნებაა“.
ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ახალ პოზიციასთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, უშუალოდ, გერმანიის პოლიტიკური ელიტისგან მიიღო ინფორმაცია. ქართველი პრემიერი, პირველ რიგში, გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პოლიტიკოსს, ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამერტს შეხვდა, რომელიც უკვე 11 წელია რაც გერმანიის პარლამენტს ხელმძღვანელობს.
შუადღით, კი კვირიკაშვილი ბერლინის, ვილი ბრანდტ შტრასეს პირველ ნომერში, ახალ ფედერალურ კანცელარიაში, ანგელა მერკელმა მიიღო, რომელიც ასევე 11 წელია გერმანიის კანცლერის თანამდებობას იკავებს.
ანგელა მერკელმა განმარტა, რომ გერმანიის ახალი პოზიციაა ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ზოგადად, „უკანონო მიგრაციის შეჩერების მექანიზმის“ კონტექსტში განიხილოს და ეს, საქარვთველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას პრობლემას არ შეუქმნის. თუმცა, რამდენს ხანს გაჭიანურდება ეს პროცესი, ამაზე კანცლერს არაფერი უთქვამს.
"გერმანია არ შეეწინააღმდეგება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესს"ანგელა მერკელი
ჩვენ ვიზალიბერალიზაციას დღეს განვიხილავთ სწორედ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს საქართველოსთან უშუალო კავშირი. თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც ეს, შარშან, სირიის შემთხვევა იყო - ამის განმეორება არ გვინდა.“
არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიაზე, საბერძნეთისა (250 000) და ესპანეთის (30 000) შემდეგ, გერმანია მესამე ქვეყანაა, სადაც ყველა დიდი ქართული სათვისტომო ცხოვრობს, დაახლოებით - 25 000 ადამიანი, მათგან, ნაწილი არალეგალურად. თუმცა, ზოგიერთი გერმანელი ექსპერტის მოსაზრებით, ეს ციფრი არ არის ზუსტი და შესაძლოა, 2-ჯერ ან სულაც, 3-ჯერ მეტი იყოს, დახლოებით 50 000-60 000-ის ფარგლებში.
შიდა ევროპული მიგრაციის ხარჯზე და გერმანიაში უპრობლემოდ გადადიან არალეგალი ქართველები მეზობელი საფრანგეთიდან (20 000), ბელგიიდან (20 000), იტალიიდან (15000), ავსტრიიდან (10 000), ბრიტანეთიდან (15 000), შვეიცარიიდან (2000), ასევე, სკანდინავიის, პირენიისა და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან.
ბოლო პერიოდში, როცა საქართველოსთვის ვიზალიბელალიზაციის მინიჭების თემა განსაკუთრებით გააქტიურდა, როგორც გერმანულ მედიაში, ისე საზოგადოებაში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ „ეთნიკურად ქართულ“ კრიმინალურ ჯგუფებს და უკანონო მიგრანტებს საქართველოდან.
გერმანულ გამოცემებს მოჰყავთ, გასხვავებული სტატისტიკური მონაცემები, რომ ეს „ეთნიკური კრიმინალური ჯგუფები“ ბინების ძარცვის კუთხით მთელი გერმანიის მასშტაბით „ლიდერობენ“. გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია ამბობს, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა, განწყობები გერმანული მედიაში გადაჭარბებულია.
საქართველოს პრემიერმა კვირიკაშვილმა ოთხშაბათს, ბერლინში, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ განიხილეს ეს მტკივნეული საკითხიც და ვიზალიბერალიზაციის პროცესს ეს ხელს ვერ შეუშლის.
„ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შსს სამინისტროებს შორის, განვათავსეთ გერმანიის პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში. ჩემთან ერთად აქ იმყოფება შინაგან საქმთა მინისტრი, ეს წელს, მისი მეორე ვიზიტია გერმანიაში. მარტში, საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი.
"მე მქონდა კანცლერთან კრიმინალის თემაზე საუბარი. აღვუთქვი ჩემი პირადი მხარდაჭერა რათა ევროპამ თავი იგრძნოს დაცულად"გიორგი კვირიკაშვილი
მე მქონდა კანცლერთან ამ თემაზე საუბარი და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ევროპამ თავი იგრძნოს დაცულად, მაშინ როცა საუბარია უვიზო მიმოსვლაზე საქართველოდან“.
პრემიერ კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტს გერმანიაში, პოლიტიკურის გარდა, ბუნებრივია ეკონომიკური დღის წესრიგიც ჰქონდა. საქართველოს პრემიერი, 130-მდე ქართველ და გერმანელ ბიზნესმენთან ერთად, ბერლინში დაესწრო გერმანია-საქართველოს ბიზნესს ფორუმს, რომლის სახელმწოდებაც იყო „ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად“.
ბოლო 10 წლის მანძილზე, გერმანია-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებიდან საუკეთესო 2012 წელი, იყო, როცა გერმანული პირდაპირი ინვესტიციების წილმა, საქართველოში განხორციელებულ მთლიან ინვესტიციებში -15 პროცენტს გადააჭარბა. სამწუხაროდ, 2012 წელი იშვიათი გამონაკლისი გამოდგა. ბოლო სამი წლის მანძილზე - გერმანული ინვესტიციების წილმა, ინვესტიციების მთლიან ნაკადში ჯერ 2,3%-დან ჯერ 0,2%-მდე იკლო, შემდეგ კი უმნიშვნელოდ - 1,2%-მდე გაიზარდა. ბოლო წლებში, გერმანია-საქართველოს შორის განახევრდა სავაჭრო ბრუნვაც, 2012 წლის - 578 მილიონი დოლარიდან, 2015 წლის - 271 მილიონ დოლარამდე.
ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავების „დიდი ფუნდამენტი“ არსებობს და ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ გზაზე, არის, ის რომ „გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ“. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი დასკვნის სახით აღნიშნა, რომ „არ თვლის, რომ გერმანიამ იმედები გაგვიცრუა“.