გერმანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ კიოლნში, ახალი წლის ღამის ზეიმის დროს მომხდარი სექსუალური თავდასხმების და ძარცვების სერია, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების მიერ კოორდინირებული მცდელობის ნაწილი იყო.
პოლიციის ცნობით, დაახლოებით ათასი მამაკაცი, რომელთა უმრავლესობა „არაბული და ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის“ იყო, დაახლოებით შუაღამეს, კიოლნის რკინიგზის მთავარ სადგურთან შეიკრიბა და მაშხალებს ისროდა. მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერია და ხმაურიანი გართობა შეაჩერა. მამაკაცების მცირე ჯგუფებმა ამ ადგილზე გამვლელი ქალების ალყაში მოქცევა დაიწყო. ისინი ქალებს ხელს ავლებდნენ, აწუხებდნენ და პირად ნივთებს სტაცებდნენ.
სამოქალაქო ტანსაცმლიანმა პოლიციელმა ქალმა თქვა, რომ ისიც მათ შორის აღმოჩნდა, ვისაც თავს დაესხნენ.
დაახლოებით 90-მა ადამიანმა სისხლის სამართლის ხასიათის საჩივარი შეიტანა, მათ შორის ერთი გაუპატიურების შესახებ.
სააგენტო DPA იუწყება, რომ სამი ეჭვმიტანილის საქმეს იძიებენ.
იუსტიციის მინისტრმა ჰეიკო მაასმაც და კანცლერმა ანგელა მერკელმაც, თავდასხმები დაგმეს და დანაშაულის ჩამდენთა დასჯისკენ მოუწოდეს.
გერმანიის ქალაქებში-ჰამბურგში და შტუტგარტში პოლიციამ განაცხადა, რომ ახალი წლის ღამეს მსგავსი დანაშაულებრივი აქტები იქაც იქნა ჩადენილი, თუმცა უფრო ნაკლები რაოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილთა ეროვნება და საცხოვრებელი ადგილის სტატუსი ცნობილი არ არის, ამ თავდასხმებმა გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკის გარშემო დებატების გაცხოველება გამოიწვია.
2015 წელს, გერმანიაში დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა.