ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციელების მკვლელს უვადო პატიმრობა მიესაჯა


სურათზე: შალვა აბულაძე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო
სურათზე: შალვა აბულაძე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო

38 წლის ბორჯომელ შალვა აბულაძეს, რომელიც ორი პოლიციელის მკვლელობაში იყო ბრალდებული, ახალციხის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, 23 იანვარს, შეიარაღებულმა აბულაძემ ბორჯომის გარეუბან ლიკანში, მძიმედ დაჭრა პოლიციელები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბერუაშვილი 6 თებერვალს გარდაიცვალა, მახარაშვილი კი მას შემდეგ მკურნალობს.

4 აპრილს, შალვა აბულაძემ უკვე თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ისევ „გლოკის“ ტიპის პისტოლეტით, პოლიციელი ბექა მარგიშვილი მოკლა, მეორე პოლიციელი ვალერი გრძელიშვილი კი დაჭრა (მესამე - ვახტანგ გულიაშვილი სიკვდილს გადაურჩა) და ისევ მიმალვა შეძლო. მისი აყვანა შინაგან სამქეთა სამინისტროს სპეცრაზმმა მხოლოდ 10 აპრილს, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, სპეცოპერაციის შემდეგ მოახერხა.

ახალცახის მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა თბილისში, პოლიციელებზე თავდასხმის ეპიზოდებში შალვა აბულაძე დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება ლიკანში პოლიციელებზე თავდასხმას, მოსამართლემ ეს მუხლი მკვლელობის მცდელობის ბრალდებად შეცვალა და აბულაძეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების კიდევ ოთხ ეპიზოდზე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა) მსჯავრდებულს დამატებით 16 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს კანონმდებლობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. პროკურორმა დავით ნეფარიძემ განმარტა თუ რატომ მოითხოვა, სასჯელის უმაღლესი ზომა

„აბულაძის მიმართ მანამდე გამოყენებულმა ვადიანმა თავისუფლების აღკვეთამ, როგორც გამოჩნდა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნები. აქედან, გამომდინარე, მოცემულ საქმეში სასჯელის სიმძიმის გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ უვადო პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემაც გაიზიარა.“

შალვა აბულაძეს ჯერ კიდევ, 2006 წელს განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, იარაღის უკანონოდ ტარებისა და ნარკოტიკების მომხმარებისთვის, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მან საპატიმროში მხოლოდ 7 წელი გაატარა და 2013 წელს, მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე, ციხე დატოვა.

ამ კომისიის ყოფილი წევრი, აბულაძის ბავშვობის მეგობარი, პარლამენტის ადამიანის უფლება კომიტეტის თავჯდომარე, ბორჯომელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე დღეს აღიარებს, რომ აბულაძის გათავისუფლებით უმძიმესი შეცდომა დაუშვეს.

„არანაირი ინფორმაცია არ იყო, რაც დაადასტურებდა რომ აბულაძე კრიმინალური სამყაროს ნაწილია. გასაუბრებების დროს თავი ძალიან კანონმორჩილად ეჭირა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მას სასჯელის ვადა სხვადასხვა ამნისტიების დროს საგრძნობლად შეუმცირდა. მხოლოდ ათი თვე ჰქონდა დარჩენილი და 2014 წლის აგვისტოში მაინც თავისუფლდებოდა. ჩვენი რეკომენდაციით, გათავისუფლდა 2013 წლის ნოემბერში.“

თავად შალვა აბულაძე ახალციხის სასამართლოში ბოლო სხდომებს საერთოდ აღარ დასწრებია და შესაბამისად, არც ჩვენება მიუცია. ბოლო სხდობაზე არც მისი ადვოკატი გამოცხადდა. მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადეს, შალვა აბულაძის მშობლებმაც. აბულაძე მხოლოდ იარაღის შეძენა-ტარების ფაქტს აღიარებს. ამტკიცებს, რომ წინასწარ პატიმრობაში აწამებდნენ. იგი დარწმუნებული იყო, რომ უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ და ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ საკუთარ წიგნზე მუშაობის დასრულებას აპირებს, რომელიც ბავშვთა აღზრდას ეხება.

შალვა აბულაძისგან განსხვავებით, მოსამართლის საბოლოო განაჩენის გამოცხადებას, ახალციხეში დაესწრო პოლიციელი გიორგი მახარაშვილი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა

„დამნაშავემ, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მიიღო ის სასჯელი, რომელიც მას ეკუთვნოდა.“

შალვა აბულაძისთვის უვადო პატიმრობის მისჯის შემდეგ, საქართველოს ციხეებში ამ კატეგორიის პატიმართა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. მათგან, 66 სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდის, 7 - ნარკოტიკული დანაშაულისთვის, 4 კი ტერორისტული აქტის მოწყობისთვის. უვადო პატიმართაგან ყველაზე დიდხანს სასჯელს, განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი გელაძე იხდის, იგი უკვე მე-19 წელია ციხეშია.

საქართველოს კანონმდებლობით, შალვა აბულაძეს მხოლოდ 15 წლის შემდეგ, ანუ 2030 წელს შეეძლება მოითხოვოს რომ მისი სასჯელი გადაიხედოს. იმ დროისთვის, იგი უკვე 53 წლის იქნება.

XS
SM
MD
LG