ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ შეცდა? პოლიტიკურ სკანდალში გადაზრდილი საზარელი მკვლელობა


გერის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძის დაკავება თელეთში
გერის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძის დაკავება თელეთში

თბილისში, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, 25 წლის ახალგაზრდა დედის თაკო გამრეკელაშვილის საზარელი მკვლელობის ფაქტი, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის, მორიგი პოლიტიკური სკანდალისა და მძიმე ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა, მოკლულის მამინაცვალმა 50 წლის ვეფხვია ბაქრაძემ, რომელიც უკვე იყო მსჯავრდებული (მეუღლეს თავში ქვა ჩაარტყა) როგორც აღმოჩნდა, 2017 წლის მაისში, ციხე ვადაზე ადრე შეწყალების საფუძველზე დატოვა. სასჯელი მას შეწყალების კომისიის რეკომენდაციით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაუნახევრა.

მოკლული თაკო გამრეკელაშვილი
მოკლული თაკო გამრეკელაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბუნებრივია ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, მკვლელობის გამო მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტისთვის დაეკისრებინა. ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომელიც მარგველაშვილს „საკუთარ ყველაზე დიდ პოლიტიკურ შეცდომად" მიიჩნევს მხარი შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებმაც აუბეს.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ხაზი გაუსვა რომ სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ („უდო“) 6-ჯერ უთხრა უარი პატიმარ ბაქრაძეს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, ვინაიდან იგი „გათავისუფლებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს“ არ აკმაყოფილებდა.

მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ საზოგადოებას პატიმარ ბაქრაძის დახასიათება გააცნო, რომელიც კომისიამ სწორედ სასჯელაღსრულების სამინისტროს ქვემდებარე, თბილისის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიიღო, სადაც ბაქრაძე სასჯელს იხდიდა:

„გამოგზავნილი დახასიათების თანახმად, რომელიც შეწყალების კომისიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან მიიღო, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში იცავდა დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებდა ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს, იყო თავაზიანი, არ იყო კონფლიქტური, აგრესიული. უყვარს კითხვა, ფილმების ყურება.. მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი და მასზე ზრუნვა“
ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის თავჯდომარე

„გამოგზავნილი დახასიათების თანახმად, რომელიც შეწყალების კომისიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან მიიღო, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში, არც დასჯილი ყოფილა და არც წახალისებული. იცავდა დაწესებულების დებულებას, დღის განრიგს და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებდა ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს, ადმინისტრაციისა და სხვა პატიმართა მიმართებაში იყო თავაზიანი, არ იყო კონფლიქტური და აგრესიული.

იგი ხშირად დადის ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა, სხვადასხვა ლიტერატურა, უყურებს ფილმებს, ვარჯიშობს. არის გარეგნულად მოწესრიგებული, მშვიდი და გაწონასწორებულია, არ ქმნის კონფლიქტს. გამომუშავებული აქვს დროის მართვის უნარი, მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი და მასზე ზრუნვა, ჰყავს ოთხი შვილი.“

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, ორშაბათს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეძრწუნებულია იმ შეცდომით, რომელიც "დავუშვით". მან განმარტა, რომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ბაქრაძემ პირველი ძალადობა 2014 წლის აგვისტოში ჩაიდინა, თუმცა იგი შსს-მ მხოლოდ 2014 წლის დეკემბერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააკავა და ბრალი ორივე საქმეზე წარუდგინა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და პრეზიდენტი
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და პრეზიდენტი

სასამართლოს განაჩენის შემდეგ, პატიმარმა ბაქრაძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ორჯერ მიმართა. 2015 წლის ივლისში მისი თხოვნა უარყოფილი იქნა. 2016 წლის ოქტომბერში კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

როგორც პრეზიდენტი, ისე შეწყალების კომისიის წევრები, პატიმარ ბაქრაძისთვის სასჯელის განახევრების გადაწყვეტილების მიღების დროს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გამოგზავნილ პატიმრის „უაღრესად დადებით“ დახასიათებას დაეყრდნენ, რომელსაც ხელს ციხის ადმინისტრაცია, სოციალური განყოფილება, ფსიქოლოგი და სამართლებრივი სამსახური აწერს. პარალელურად, პატიმრის შეწყალება, მისმა ოჯახმაც მოითხოვა, შვილებმა და ყოფილმა მეუღლემ, რომელზე ძალადობის გამოც ბაქრაძე ციხეში აღმოჩნდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ბაქრაძეს საპატიმრო დაწესებულება 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, თუმცა შეწყალების და სასჯელის განახევრების შემდეგ, მან ციხე 2017 წლის მაისის ბოლოს დატოვა.

პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე სვამენ შეკითხვას, თუ რა ამოძრავებდა სასჯელაღსრულების სამინისტროს როცა მსჯავრდებულ ბაქრაძეზე ჯერ დადებითი დახასიათება გასცა, ხოლო პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების შემდეგ, ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა?

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ შეწყალების კომისიას არ ჰქონდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის („უდო“) უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ:

გვიჩნდება კითხვა, თუ უარყოფითად ხასიათდებოდა ეს მსჯავრდებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე ასე დადებითად რატომ დახასიათდა? და რატომ მოგვივიდა ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების სამინისტროდან, ეს განგებ გააკეთეს?“

„თუ სასჯელაღსრულების სამინისტროდან ჩვენთან მოდის პატიმრის უარყოფითი დახასიათება, ასეთი პატიმრის საქმე შეწყალების კომისიაზე საერთოდ არ გამოდის, ანუ ავტომატური უარია. ამ შემთხვევაში მოვიდა დადებითი დახასიათება და პრეზიდენტმა პატიმარი შეიწყალა. როდესაც პრეზიდენტმა ბაქრაძეს სასჯელი გაუნახევრა, საპატიმრო ვადის მოსახდელად 7 თვე დარჩა, მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ უკვე ერთი თვის შემდეგ მიემართა ე.წ უდოს კომისიისთვის.

ეს ექვსი უარი ნიშნავს იმას, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ვეფხია ბაქრაძემ „უდოს“ კომისიას 6-ჯერ მიმართა და ყველა ჯერზე ეთქვა უარი. როგორც მოვისმინეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტება, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას.

მაშინ გვიჩნდება კითხვა, თუ უარყოფითად ხასიათდებოდა ეს მსჯავრდებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე ასე დადებითად რატომ დახასიათდა? და რატომ მოგვივიდა ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების სამინისტროდან, ეს განგებ გააკეთეს?“

პრეზიდენტისა და შეწყალების კომისიის კრიტიკის საპასუხოდ, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულ ბაქრაძისთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის დროს, ისინიც თბილისის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოსულ დახასიათებას დაეყრდნენ, რომელიც მათი აზრით, არც დადებითია, არც უარყოფითი და მსჯავრდებულის ქცევის ობიექტური აღწერაა“. სასჯელასრულების მინისტრი კახი კახიშვილი ამბობს:

გათავისუფლების პროცესში შესწავლილი უნდა იყოს ყველა ობიექტური გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმ რისკს, რომ ამ ადამიანმა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. შეწყალება ურთულესი პროცესია, ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ სწორია გადაბრალდება, რომ ან იმის ბრალია ან ამის"
კახი კახიშვილი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი

"შეიძლება ადამიანმა ჩაიდინა განაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვთქვათ მოკლა 5 ადამიანი და ინანიებს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების საფუძველი. ის, რომ მსჯავრდებული კარგად იქცევა დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, არ არის საკმარისი არგუმენტი მის შესაწყალებლად. ​

გათავისუფლების პროცესში შესწავლილი უნდა იყოს ყველა ობიექტური გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმ რისკს, რომ ამ ადამიანმა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. შეწყალება ურთულესი პროცესია, ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ სწორია გადაბრალდება, რომ ან იმის ბრალია ან ამის."

პოლიტიკურ სკანდალში გადაზრდილ საზარელი მკვლელობის შემდეგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის აპრილამდე 4038 მსჯავრდებული შეიწყალა (უმრავლესობა შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე), მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტოს, რათა მომავალში ასეთი „უმძიმესი შეცდომები“ აღარ განმეორდეს. პრეზიდენტი მარგველაშვილი ადრე უკვე იყო მკაცრი კრიტიკის ობიექტი, როცა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული საკუთარი ცოლისძმა მიხეილ მგალობლიშვილი შეიწყალა.

მკვლელობის ადგილი ბარნოვზე
მკვლელობის ადგილი ბარნოვზე

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 50 წლის მამინაცვალმა ვეფხია ბაქრაძემ მის გერს 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს (ყოფილი მეუღლის ნათია გობაძის ქალიშვილს) ყელი 13 აპრილს გამოჭრა და ეს გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გააკეთა. მკვლელობას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის.

საზარელ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ნათია გობაძე და თაკო გამრეკელაშვილი პოლიციაში იმყოფებოდნენ და დაცვა ითხოვეს, რადგან ვეფხია ბაქრაძე მათ სიკვდილით გამუდმებით ემუქრებოდა. პოლიციამ შემაკავებელი ორდერი კი გამოწერა, მაგრამ 25 წლის ქალის დაცვა ვერ შეძლო. პოლიციიდან უკან სახლში მიბრუნებული მამინაცვალმა იგი უსასტიკესი წამებით მოკლა. „სისტემამ დაანონსებული მკვლელობა ვერ აღკვეთა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიმალვაში მყოფი ვეფხვია ბაქრაძე მეორე დღეს თელეთში დააკავეს, მას უვადო პატიმრობა ელის. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია ბაქრაძის მეგობარი, რომლის სახლშიც ბრალდებული იმალებოდა.

მოკლულის დედა ნათია გობაძე
მოკლულის დედა ნათია გობაძე

შეწყალების კომისიის წევრები

ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე

თეოდორე - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი

ნონა გაფრინდაშვილი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში

რევაზ კიკნაძე - ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი

ლია მუხაშავრია - იურისტი

კოტე ჯანდიერი – მწერალი

გივი შაჰნაზარი - მწერალი

ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფოსი

ეკა გიგაური - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი

ბასა ჯანიკაშვილი - მწერალი

XS
SM
MD
LG