43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის ბიჭის კეილების სასტიკი მკვლელობის გამო, საქართველოს მოქალაქეს 19 წლის მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, დუშეთიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ხადის ხეობაში მოხდა.
სოფელ წკერეს სიახლოვეს, აშშ-ისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმიტების ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა და კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი მათთან 4 ივლისს გაწყდა.
ადგილობრივების ცნობით, 4 ივლისის დილას, სმიტები, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის - ხადისწყლის ხეობაში ჩანჩქერის სანახავად წასულან, რომელსაც მთიულები „წკერეს ჩანჩქერს“ ეძახიან. მათი მეგზურობა 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს უთავია.
გამოძიებით დადგინდა, რომ მწემსმა პირველი რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი სავარაუდოდ, გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი მკვლელმა ზვავში დამალა.
კობაურმა, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან დევნილია, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სოფელ წკერეს მცხოვრებლებს თავად შეატყობინა, რომ ქალის ცხედარი იპოვა. თავდაპირველი ვერსია, რომ ამერიკელები შესაძლოა, უბედურ შემთხვევას შეეწირნენ სწორედ მწყემსმა გაავრცელა.
ორი დღის მანძილზე, მწყემსი მაშველებთან ერთად რაიან და კეილებ სმიტების ცხედრების ძებნის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. გუშინ, დაპატიმრების შემდეგ, იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის გვამი გადამალა, კობაურმა პოლიცია თავად მიიყვანა.
შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მალხაზ კობაურმა სასტიკი დანაშაული უკვე აღიარა, თუმცა მწყემსის ადვოკატი და ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფენ:
ეს საზარელი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება“მამუკა ჭელიძე, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი
„სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. ეს საზარელი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.“
ამერიკელები რაიან და ლორა სმიტები საქართველოში, კერძოდ ქალაქ მარნეულში, 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. კალიფორნიაში დაბადებული რაიანი პროექტ Rewoven-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალებში ხალიჩის ქსოვის მივიწყებული ტრადიციის აღორძინებას ემსახურება.
რაიანმა, რომელიც 2002-2005 წლებში აზერბაიჯანში ცხოვრობდა და აზერბაიჯანულ ენას კარგ ფლობდა, Millennium Relief and Development Services-ის დახმარებით, Rewoven პროექტში, 20-ზე მეტი ხალიჩის მქსოველი ქალი დაასაქმა და საქართველოში დამზადებულ ხალიჩებს საერთაშორისო ბაზარზე ყიდდა.
ლორა სმიტი განათლების სამინისტროს პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მარნეული N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა და ქმრის ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული.
ლორამ და რაიანმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს „საგამონაკლისო წესით“ მიიღეს. ბოლო თვეების მანძილზე სმიტები საკუთარი სახსრებით, მარნეულში ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობისთვის იბრძოდნენ, სოციალური ქსელით აქტიური კამპანია აწარმოეს, მოსახლეობასთან და მერიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს, თუმცა მარნეულის მერიამ მიწის გამოყოფაზე მაინც უარი უთხრა.
სმიტების ოჯახმა ქვემო ქართლსა და კახეთში მოქსოვილი ხალიჩების გამოფენა რამდენჯერმე თბილისშიც მოაწყო, „ევროპის სახლსა“ და „ახურნდოვის სახლის“ არტ გალერეაში.
“ახუნდოვ ჰაუსის” წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ, რომელიც სმიტებთან ოჯახით მეგობრობდა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მომხდარი მკვლელობით შეძრწუნებულია:
არ მჯერა რომ ეს ტრაგედია ნამდვილად მოხდა. ვერ წარმომიდგენია რა შელაპარაკება შეიძლება მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე გაიმეტო. საოცრად კულტურული, განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი იყო რაიანი, ასეთივე იყო ლორაც"ლელა მოწონელიძე, სმიტების ოჯახის მეგობარი
„ხალიჩების გამოფენის შემდეგ, რომელსაც „ახურნდოვის“ არტ გალერეაში დიდი წარმატება ჰქონდა. დავმეგობრდით, რაიანი ჩვენთან ოჯახში მოდიოდა მეუღლესთან და ბავშვთან ერთად. იმდენად დადებითი და კარგი ოჯახი იყო არ მჯერა, რომ ეს ტრაგედია ნამდვილად მოხდა.
უკიდურესად აღშფოთებული ვარ, ვერ წარმომიდგენია რა შელაპარაკება შეიძლება მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე გაიმეტო. საოცრად კულტურული, განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი იყო რაიანი, ასეთივე იყო ლორაც.“
ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა მოკლული რაიან და ლორა სმიტების ხალიჩების ბიზნესს, რომელშიც რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. გადაწყვეტილება ბიზნესისა და სმიტების დაკრძალვის ადგილის შესახებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ, რომლებიც აშშ-დან საქართველოში აგვისტოს ბოლომდე ჩამოვლენ.
ბოლო ორი წლის მანძილზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოში აშშ-ის მოქალაქეს კლავენ. 2016 წლის აგვისტოში, თუშეთისკენ მიმავალი გზაზე, 41 წლის ამერიკელი მოგზაური ფრიტზ ვოლფგანგ მუსერი საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჭინჭარაულმა შელაპარაკების დროს დანით მოკლა. მკვლელს თელავის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
9 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი დაიწყო.
Facebook Forum