ქართული ალპინისტური სკოლის საუკეთო წარმომადგენლები: აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძე შემთხვევითობის წყალობით გადაურჩნენ ტერორისტულ თავდასხმას ჩრდილოეთ პაკისტანში, 8126 მეტრიან მწვერვალ - ნანგა პარბატის კალთებზე.
შემზარავი ტრაგედია 22 ივნისს გვიან ღამით გილგით-ბალტისტანის მხარეში მოხდა. ადგილობრივი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჯუნდულაჰის“ ბოევიკები, რომლებიც პაკისტანელი თალიბების ერთ-ერთ განაყოფს წარმოადგენენ, სრულიად მოულოდნელად ალპინისტების საბაზო ბანაკს დაესხნენ თავს.
ტერორისტებმა პაკისტანელ მზარეულთან და გიდთან ერთად, ადგილზე დახვრიტეს: ორი ჩინელი, ერთი ჩინური წარმოშობის ამერიკელი და ერთი ლიტველი ალპინისტი ერნესტას მარკშაიტისი. ასევე სამი უკრაინელი მთამსვლელი: იგორ სვერგუნი, დიმა კონიაევი, ბადავი კოშაევი და ორი სლოვაკი: ანტონ დობეში და პეტერ შპერკა.
ორი ქართველი აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძე სწორედ უკრაინულ-სლოვაკურ-ქართული - ათ კაციანი საერთაშორისო ექსპედიციის წევრები იყვნენ. ექსპედიციას გამოცდილი ხარკოველი იგორ სვერგუნი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ორჯერ ჰქონდა დაპყრობილი ევერესტი. სვერგუნს, ისევე როგორც სხვა დახვრეტილებს, ჯერ სახეში ესროლეს, შემდეგ კი მოკლულები პირწმინდად გაძარცვეს.
საბედნიეროდ. თავდასხმის მომენტში, ქართველები კიდევ სამ უკრაინელთან ერთად მესამე ბანაკში, 6100 მეტრზე იმყოფებოდნენ. თავდასხმა კი 4100 მეტრზე მდებარე საბაზო ბანაკში ფეირი მიდოუზში მოხდა.
ინფორმაციას თავდასხმის დეტალების შესახებ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, თბილისში მყოფი ვაჟის მეშვეობით, თავად ბიძინა გუჯაბიძე ავრცელებდა:
„საბაზოში საშინელი ტრაგედია მოხდა, დეტალები არ ვიცით! ჩვენ მეორე ბანაკში ვართ!“ - ეს შეტყობინება 21 საათის წინ გავრცელდა.
„ყველა ექსპედიცია შეწყდა! მოვხსენით მარშუტიდან ყველამ ყველაფერი! საბაზო ბანაკში 11 კაცია დახვრეტილი...მთელი დღე ვერტმფრენები დაფრინავენ! ვბრუნდებით ყველანი!" - ეს უკვე გუშინ გავრცელებული შეტყობინებაა.
ბოლო ინფორმაცია კი ასეთია - „გილგითში ვართ, სამხედრო ბაზაზე! ნაწილს ხვალ გამოიყვანენ! მანამდე კი სამხედროები იცავენ!“
საერთაშორისო ექსპედიცია ნანგა პარბატის დასალაშქრად 6 ივნისს დაიწყო. ქართველი ალპინისტები უკრაინელ და სლოვაკ კოლეგებს 9 ივნისს, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შეუერთდნენ. შემდეგ კი ერთად გაემგზავრნენ, ჩრდილოეთში პატარა ქალაქ ჩილასში.
უკვე 13 ივნისს, ექსპედიციის ათივე წევრმა 4100 მეტრს მიაღწია, სადაც საბაზო ბანაკი იყო მოწყობილი; 15 ივნისს გუჯაბიძემ და გიგანმა ორ უკრაინელთან ერთად 4800 მეტრზე პირველი ბანაკი მოაწყვეს; 17 ივნისს, 5300 მეტრზე, მეორე ბანაკში 80 კილოგრამი ტვირთი აიტანეს;
უკვე, 20 ივნისს, ზვავის შემდეგ, დაიწყეს მესამე ბანაკის მარშრუტის დამუშავება, 5800 მეტრზე თოკების დაკიდება. ექსპედიციის დანარჩენი ექვსი წევრი მათ საბაზო ბანაკში ელოდა. 22 ივნისს, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტებმა ყველა მათგანი დახვრიტეს.
სულ საზარელ თავდასხმას 11 ადამიანი შეეწირა. სასწაულებრივ გადარჩა ერთი ჩინელი ალპინისტი, რომელიც დაიჭრა, თუმცა გაქცევა მოახერხა.
ცნობილი ქართველი ალპინისტი ავთანდილ ცინცაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გუჯაბიძესთან და გიგანთან ერთად, ასევე მონაწილეობდა პაკისტანის ექსპედიაციაში, ამბობს, რომ ქართველები სიკვდილს შემთხვევითობის წყალობით გადაურჩნენ:
„საბედნიეროდ ჩვენები იყვნენ მაღლა 6200 მეტრზე და ამან პრაქტიკულად გადაარჩინა ისინი. ჩვენები ნახევარი თვის წინ წავიდნენ და ერთ თვეში აპირებდნენ დაბრუნებას. ეს ექსპედიციები დიდ დროს მოითხოვს. ექსპედიცია პაკისტანში, როგორც წესი, ორ თვეს გრძელდება ხოლმე.“
8126 მეტრიანი ნანგა პარბატი, ძველ ინდურ, სანსკრიტულ ენაზე „საშინელებათა შიშველ მთას“ ნიშნავს, თუმცა მას კიდევ „მკვლელ მთასაც“ უწოდებენ. 1895 წლიდან მოყოლებული, 58 წლის განმავლობაში, ამ ულამაზესი მწვერვალის დაპყრობა, თითქმის სამმა ასეულმა მთასვლელმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. სიკვდილის მთამ ამ პერიოდში 32 ალპინისტი შეიწირა.
ნანგა პარბატი ადამიანს მხოლოდ 1953 წლის 3 ივლისს დანებდა. ამ დღეს მწვერვალზე მარტო ავიდა, ლეგენდარული ავსტრიელი ალპინისტი ჰერმან ბული.
1970 წელს კი ნანგა პარბატზე დაიკარგა გიუნტერ მესნერი, ალპინიზმის კიდევ ერთი ლეგენდის, იტალიელი რეინჰოლდ მესნერის ძმა. თავად ლეგენდა გაყინვას სასწაულად გადაურჩა, მოგვიანებით მას ფეხზე შვიდი თითის ამპუტაცია დასჭირდა.
ნანგა პარბატი, ანაპურნასთან და K2-თან ერთად მიჩნეულია მთასვლელებისთვის ყველაზე სახიფათო და საშიშ მთად. 2012 წლის მონაცემებით, ქაშმირის ჰიმალაების უმაღლესმა მწვერვალმა თითქის 70 ალპინისტი შეიწირა.