რამ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ქართული პოლიციის „პრესტიჟსა და ავტორიტეტს“, ზოგადად, ხელისუფლებას, სასამართლოს და გნებავთ, ყბადაღებულ „ქართულ სახელმწიფოებრიობას“, ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ სამწუთიანმა გარეპვამ, რომელსაც tsl shavi zeda ჰქვია, თუ ორი სრულიად უდანაშაულო რეპერის ექვსდღიანმა პატიმრობამ და დღეს, მათი 70 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებამ? ეს შეკითხვა უკვე რიტორიკულია.
„რეპერების საქმემ“ ნათლად აჩვენა, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეხუთე წელს, პოლიციის მხრიდან, ნარკოტიკების (იარაღის თუ ასაფეთქებელი ნივთიერების) ჩადება ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ეს „ნაციონალების“ „9 წლიანი მმართველობის“ პერიოდში ან უფრო ადრე იყო.
ისევ ძალაშია შერჩევითი სამართალი და არაფორმალური მმართველობა, რომელიც ფიქციად აქცევს ყველაფერს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.
ყოფილი პრემიერის ივანიშვილის ვაჟის, რეპერი ბერას ერთი პოსტი „ტვიტერში“ - „თქვენთან ვარ ბიჭებო“ საკმარისი აღმოჩნდა, რომ შსს-ში „დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმე“ „დროებით“ თაროზე შემოედოთ; „ბირჟა მაფიას“ რეპერები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია კი, რომლებსაც, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელით, გლდანის ციხიდან გირაოთი გამოსულიყვნენ.
სამი დღის წინ, იმავე პროკურატურის მოთხოვნით, იმავე სასამართლომ, გირაოზე უარი თქვა და რეპერებს როგორც, „საშიშ დამნაშავეებს“ 55 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურა მაშინ ამტკიცებდა, რომ განთავისუფლების შემთხვევაში მუსიკოსები „მიიმალებოდნენ.“ დღეს ციხიდან გამოსულმა რეპერმა მიხეილ მგალობლიშვილმა კერძოდ თქვა:
...ამ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულებაა“მიხეილ მგალობლიშვილი, "ბირჟა მაფიას" რეპერი
„ძალიან დიდი მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, ფანებს, კოლეგებს, ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა მე გვერდში. სირცხვილი ყველას, ვინც ამ ამბის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება სცადა, რადგან ამ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულებაა.“
„ბირჟა მაფია“ 2015 წლიდან არსებობს: მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გარდა ჯგუფში აკაკი ჭანკურიძეც რეპავს. ორი წლის განმავლობაში, „მაფიამ“ ექვსი კლიპი ჩაწერა. ქართველ თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარული ბითებია: Done, Tovlis Babu, Gamzarde და Xlapushka.
„ბირჟა მაფიას“ ბითი-ლირიკა tsl shavi zeda, „იუთუბზე“ 2017 წლის 4 ივნისს აიტვირთა. ჯგუფის სამივე წევრი და ფანებიც აღიარებენ, რომ ეს არ იყო „ბირჟას“ საუკეთესო ნამუშევარი, თუმცა კლიპმა მაინც მიიქცია ყურადღება, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
„სულ ახალი კეტები და თესლი შავი ზედა, დახეული ჯინსები შიგ შარვალში ბერეტა, არაფერი მევასება მოსაწევზე მეტად, კრიჭას ვეღარ გამიხსნიან უცებ თუ გადამეკეტა. არ მევასება ძაღლი თუ არ შეუძლია ყეფა, მუღამს ვერ ვუჭერ ვერავის, ვინც პატრულში დარეკა...თანამშრომელს პროსტა უნდა ქრთამი და მანამდე თუ ყვიროდა ახლა ჩუმად არის..“
ამ გარეპვის გარდა, პოლიციის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია კლიპში, პოლიციელის სახემ, რომელიც ჯაჭვით იყო დაბმული და პირში ძვალი ედო. მუსიკოსების წინააღმდეგ აგრესიის პირველი ტალღა იმით დასრულდა, რომ „ბირჟა მაფიის“ წევრებმა კლიპში პოლიციელი დაბლარეს, თუმცა მოთხოვნაზე საერთოდ აეღოთ ინტერნეტიდან კლიპი უარი თქვეს, როგორც მათ, ისე კლიპის დამკვეთმა, კომპანია Adjaranet-მა.
6 ივნისს კი პოლიციამ მგალობლიშვილი და ქებურია „დიდი ოდენობით ნარკოტიკის -MDMA-ს შეძენა-შენახვას ბრალდებით“ დააკავა. მგალობლიშვილი სამსახურთან, ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ახლოს აიყვანეს. 11 ივნისს გამოჩნდა, რომ პოლიციას სხვებთანაც „უმუშავია“: კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელმა მსახიობმა გიორგი გაგუამ „საქციელი“ საჯაროდ მოინანია.
დღეს გათავისუფლებული გიორგი ქებურია ამბობს, რომ მისთვის ნარკოტიკი ჯიბეში არც ჩაუდიათ, პოლიციელებმა ეს ყველაფერი საბუთებში გააფორმეს და შემდეგ აიძულეს „დანაშაული ეღიარებინა.“
ნარკოტიკული საშუალება არც გვქონია, არც არავის ჩაუდია, თვალითაც არ გვინახავს ანუ არ მომხდარა ფიზიკურად ჩვენს ჯიბეში ჩადება. ეს ყველაფერი უბრალოდ საბუთებში გააფორმეს, მე ვაღიარე იმიტომ, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩემზე იყო ფსიქოლგიური ზეწოლა"გიორგი ქებურია, "ბირჟა მაფიას" რეპერი
„მე ვარ უდანაშაულო, ჩემი დაკავება არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ნარკოტიკული საშუალება არც გქონია, არც არავის ჩაუდია, თვალითაც არ გვინახავს, ანუ არ მომხდარა ფიზიკურად ჩვენს ჯიბეში ჩადება. ეს ყველაფერი უბრალოდ საბუთებში გააფორმეს, მე ვაღიარე იმიტომ ,რომ პოლიციელთა მხრიდან ჩემზე იყო ფსიქოლგიური ზეწოლა.
კლიპმა გამოწვია პოლიციის გაღიზიანება, ეს არც დაუმალავთ, რადგან მათი აზრით, პოლიცია იყო გაშარჟებული და ამიტომ, ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით, დიდი მადლობა ბერას, მთელ საზოგადოებას და ყველა ადამიანს.“
მას შემდეგ, რაც თბილისში და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში, მუსიკოსების განთავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, სლოგანით - #არაჩადებას#, ხელისუფლებამ გარკვეულწილად უკან დაიხია, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია, აპირებს თუ არა მთავრობა საკუთარი რიგებიდან ვინმეს დასჯას.
პროკურატურაში დღეს „რეპერების“ სკანდალური საქმის პარალელურად, გამოძიება „პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზეც“ მიმდინარეობს.
Facebook Forum