საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პროდასავლურ ფრთაზე დაწყებულმა პოლიტიკურმა მიწისძვრამ, „თავისუფალი დემოკრატების“ შემდეგ, რესპუბლიკური პარტიაც ჩაიყოლა.
საქართველოს ყველაზე ძველი, 1978 წელს დაარსებული პარტია, საარჩევნო ფიასკოს (1,55%) შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, უკვე დატოვეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრიდონ საყვარელიძემ. ეს პროცესი კიდევ გრძელდება.
განხეთქილების მთავარი მიზეზი, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო და პოსტსაარჩევნო სტრატეგია გახდა. პარტიაში დარჩენილები მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკელებს გაცილებით ადრე უნდა დაეტოვებინათ მმართველი კოალიაცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, სამთავრობო პორტფელები, რათა ელექტორატს, ისინი, ისევ ოპოზიციურ ძალად აღექვა. რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე ხათუნა სამნიძე კერძოდ ამბობს
ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად, ძალიან გვიან გამოვედით კოალიციიდან, ჩემი აზრით ეს იყო შეცდომა. რესპუბლიკური პარტიის მომხრეებმა ასოცირება გააკეთეს ქართულ ოცნებასთან და ჩვენი ამომრჩეველი დავკარგეთ“ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე
„არჩევნების შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის როლი კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა.
ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად, ძალიან გვიან გამოვედით კოალიციიდან, ჩემი აზრით ეს იყო შეცდომა. რესპუბლიკური პარტიის მომხრეებმა ასოცირება გააკეთეს ქართულ ოცნებასთან და ჩვენი ამომრჩეველი დავკარგეთ.“
რესპუბლიკელები - ერთ-ერთ მთავარ კოალიციურ პარტიონარად, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, 2011 წლის შემოდგომაზე აირჩია. მალევე, პარტიამ, რომელსაც მაშინ დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, სხვა კოალიციური მოკავშირეების მსგავსად, ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურებიდან დაფინანსების სახით - 1 100 000 ლარი მიიღო.
2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკელებმა პარლამენტში - 9 კაციანი ფრაქცია შექმნეს და რაც მთავარია, პირველად პარტიულ ისტორიაში, პარლამენტის თავჯდომარის პოსტი მიიღეს. ამას გარდა,, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ და შერიგების უპორტფელო მინისტრად ასევე რესპუბლიკელები დაინიშნენ.
2 წლის შემდეგ, როცა მმართველი კოალიციდან სკანდალურად წავიდნენ ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ რესპუბლიკელთა წონა შესამჩნევად გაიზარდა. 2015 წლის აპრილში, ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო; მაისში კი რესპები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრის პორტფელებსაც დაეპატრონენ.
რესპუბლიკელები ურთულეს სიტუაციაში 2016 წლის დასაწყისში, აღმოჩდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციური პარტნიორების ჩამოშორების პროცესი დაიწყო. უკვე აპრილში, პარტიამ უცნაური სტრატეგია აირჩია, განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდოდა, ანუ დაიწყო „ქართული ოცნების“ კრიტიკა, თუმცა, ივლისამდე მმართველ კოალიციაში მაინც დარჩა, მინისტრის პორტფელებისა და პარლამენტის თავჯდომარის პოსტის შენარჩუნების მიზნით.
საბოლოოდ, საპარლამენტო არჩევნებზე, რესპუბლიკურმა პარტიამ არსებობის 38 წლიანი ისტორიის მანძილზე, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენება - სულ 1,55% (27 264 ხმა) აიღო.
დავით უსუფაშვილი, რომელმაც პარტია 29 ოქტომბერს დატოვა, ამბობს, რომ კატასტროფულ შედეგზე პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს, თუმცა არ თვლის, რომ კოალიციაში 2016 წლის ზაფხულამდე დარჩენა შეცდომა იყო.
მე არ ვთვლი, რომ მაგალითად, თავდაცვის მინისტრს უნდა მიეტოვებინა სამინისტრო ვარშავის სამიტის წინ. რომ ეს იქნებოდა პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილება და ქართველი ხალხი ამას მეტად დაგვიფასებდა არჩევნებზე"დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
„თავისუფალი დემოკრატები“ 2014 წლიდან გაემიჯნენ კოალიაციას და ოპოზიციურ ფლანგზე იყვნენ, ჩვენზე უკეთესი შედეგი აჩვენეს 8 ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ ეს შედეგი არც პარლამენტში მოსახვედრად აღმოჩნდა საკმარისი და არც იმისთვის, რომ შემდგომი პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინათ. ამიტომ, ასე მარტივად, აი, მაშინ რომ გამოვსულიყავით და ეს ასე იქნებოდა, არ არის საქმე.
მე არ ვთვლი, რომ მაგალითად, თავდაცვის მინისტრს უნდა მიეტოვებინა სამინისტრო ვარშავის სამიტის წინ. რომ ეს იქნებოდა პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება და ქართველი ხალხი ამას მეტად დაგვიფასებდა არჩევნებზე.
ჩვენ ერთად მივაღწიეთ წარმატებას, 2012 წლის არჩევნებზე, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, ეს წარმატება ვისი დამსახურება უფრო იყო, ახლა, ამას ხომ არ ვწონით და ვზომავთ?! წარუმატებლობის დროს, არის ხოლმე ასე - თითის გაშვერა იქეთ-აქეთ.“
მერვე მოწვევის პარლამენტის თავჯდომარის თქმით, მას და კიდევ რამდენიმე ცნობილ „რესპუბლიკელს“, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდათ შემოთავაზება, რომ დაეტოვებინათ რესპუბლიკური პარტია, კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად ეყარათ ან სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა დაეკავებინათ, თუმცა ამაზე უარი თქვეს.
დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას 2017 წლის გაზაფხულისთვის ფიქრობს და ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად გამორიცხავს. უსუფაშვილი ამბობს, რომ ყველასთან ექნება კონსულტაცია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.