ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების აზრით, ნატო დიდი ალბათობით, არ გაითვალისწინებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებას თავდაცვითი ხარჯების მასობრივი გაზრდის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ დათანხმდება, რომ გასცდეს ამჟამინდელ მიზანს.
ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა სკეპტიციზმი გამოხატეს ტრამპის წინადადების მიმართ. 9 იანვარს, გერმანიაში უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მინისტრებმა თქვეს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდებით გამოთვლილ პროცენტულ დანახარჯზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, შეუძლიათ თუ არა ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ამოცანების დაკმაყოფილება. "ძლიერი მშპ-ის [მქონე ქვეყნის] 2% შესაძლოა ბევრი იყოს და სუსტი მშპ-ის 3.5% შეიძლება ძალიან ცოტა იყოს" - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა 7 იანვარს განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსის წევრებმა მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 5% უნდა დახარჯონ თავდაცვაზე. ეს მოცულობითი ზრდაა ამჟამინდელი 2%-იანი მიზნიდან. გარდა ამისა 2%-იანი მაჩვენებელიც, მხოლოდ მიზანია და მას ამჟამად ნატოს ბევრი ქვეყანა ვერ აღწევს.
ტრამპის კომენტარები ამასთან დაკავშირებით, ერთგვარი შეხსენება იყო მის მუქარაზე, რომელიც გულისხმობდა, რომ ამერიკა არ დაიცავს იმ მოკავშირეებს რომლებიც ვერ მიაღწევენ მიზანს.
ნატოს ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯები კიდევ უნდა გაიზარდოს, მაგრამ არ დაუჭირეს მხარი 5%-იან მაჩვენებელს. ანალიტიკოსების თქმით, ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად შეუძლებელი იქნება თითქმის ყველა წევრისთვის. ამას დასჭირდება ასობით მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება.
დანახარჯების ახალი სამიზნე, სავარაუდოდ, ნატოს სამიტზე, ივნისში, ჰააგაში დაწესდება. ახლა არსებობს შიში, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყნებსაც შეუტიოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღია კითხვები კი ახლა ისაა, თუ რა იქნება ეს ახალი სამიზნე და იქნება თუ არა ის საკმარისი ტრამპის დასაკმაყოფილებლად.
ზოგიერთი მოელის, რომ ნატოს 32 წევრი დიდი განხილვის შემდეგ დათანხმდება მშპ-ის დაახლოებით 3%-ის მიზანს. მაგრამ ესეც კი ბევრისთვის ძალიან ამბიციური გეგმა და რთულად შესასრულებელი მიზანი იქნება.