ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი პროდასავლურ ფრთაზე: ალასანია წავიდა


ირაკლი ალასანიამ უკომენტაროდ დატოვა შეკითხვა - სად მიდის?
ირაკლი ალასანიამ უკომენტაროდ დატოვა შეკითხვა - სად მიდის?

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2017 წლის ივლისში, პარტიის დაარსების 8 წლისთავი უნდა იზეიმონ, თუმცა, დღეს, ამ პროდასავლური პოლიტიკური ძალის მომავალი ბურუსით არის მოცული. მთავარი მიზეზი - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგია - ირაკლი ალასანიას პარტიამ, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 81 368 ხმა მიიღო (4,62%) და ბარიერის გადასალახად 0,38 % დააკლდა.

გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, თავად „თავისუფალ დემოკრატების“ ლიდერმა (4756 ხმა) მართალია, აჯობა ასევე ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს (4252 ხმა) და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ალექსი გოგლიძეს (3903 ხმა), თუმცა, მნიშვნელოვნად ჩამორჩა „ქართული ოცნების“ წევრ იოსებ მაკრახიძეს (8268 ხმა).

ირაკლი ალასანია ჭიათურელ თემურ გაფრინდაშვილთან ერთად, ერთადერთი იყო, პარტიის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, რომლებმაც არჩევნების მეორე ტურში გადასვლა შეძლეს, თუმცა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება აღარ ისურვა. მან თავისუფალი დემოკრატების თავჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან გავიდა.

ვინაიდან ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ მე და ჩემმა პარტიამ აქტიურად მოვახდინოთ გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“
ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი

„4 წელი, რომლითაც აირჩიეს ეს პარლამენტი არის ძალიან დიდი დრო. ვინაიდან ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ მე და ჩემმა პარტიამ აქტიურად მოვახდინოთ გავლენა ქვეყანაში და პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან.“

ალასანია, როგორც დამოუკიდებელი ლიდერი, ქართულ პოლიტიკაში 2008 წლის ბოლოს გამოჩნდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, იგი პრეზიდენტ სააკაშვილს დაუპირისპირდა და გაეროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, რომელსაც 2006 წლიდან იკავებდა.

მანამდე, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას ვაჟი, ცნობილი იყო, როგორც მზარდი სახელმწიფო მოხელე. იგი მუშაობდა უშიშროების, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებში, აშშ-ს საელჩოსა და უშიშროების საბჭოში. ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში მნიშვნელოვან ანტიტერორისტულ ოპერაციას. 2004-06 წლებში ეკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ღიად მხარს უჭერდა სამშვიდობო პოლიტიკას.

გამოკვეთილი, პროდასავლური კურსის პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ალასანიამ 2009 წელს დაარსა. რესპუბლიკელებთან, ახალ მემარჯვენეებთან და საქართველოს გზასთან ერთად, ახალმა პარტიამ ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ შეკრა და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მეორე ადგილი დაიკავა. თავად ალასანია, თბილისის მერის არჩევნებში გიგი უგულავასთან დამარცხდა და ოპოზიციური ალიანსიც ამით დაიშალა.

2011 წელს, პოლიტიკაში შემოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოალიციური პატრინიორად აირჩია. 2012 წლის საპარლამენტი არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ალასანიამ თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა, მისმა პარტიამ კი დამატებით სამი მინისტრის პორტფელი მიიღო.

თუმცა, 2014 წლის ნოემბერში, „კაბელების საქმის" გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რასაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრება მოჰყვა, პრემიერმა ღარიბაშვილმა ალასანიას პოსტი დაატოვებინა, „თავისუფალი დემოკრატები“ კი ოპოზიციაში გადავიდნენ.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 8 ოქტომბრის არჩევნებში, გამოკვეთილი პროდასავლური პარტიების სერიოზულ მარცხს, საქართველოში ევროსკეპტიკოსთა ზრდას უკავშირებს:

ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება, ვერ ხედავს დასაყრდენს ამ პარტიებში, და ის, რომ ევროსკეპტიკური განწყობები იზრდება ჩვენს საზოგადოებაში, ამანაც იმოქმედა, რომ პროდასავლურმა პარტიებმა ასეთი მცირე მხარდაჭერა მიიღეს“
ზაალ ანჯაფარიძე, ექსპერტი

„ის სოციოლოგიური კვლევები, რომელიც აჩვენებს, ბოლო წლებში, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებების ცვლილებას, ჩემი აზრით, შეიცავს იმის ახსნას, თუ რატომ ჰყავთ, ამ პროდასავლურ პარტიებს ასეთი მწირი ელექტორატი.

ეს სიტუაცია სრულ დისონანში მოდის, სოციოლოგიური კვლევის შედეგებთან, რომელიც ჩვენი ევროპული ორიენტაციის 70%-იან მხარდაჭერას აჩვენებს. ამ დროს, პროდასავლური პარტიები ღებულობენ ასეთ დაბალ მხარდაჭერას.

ჩემი აზრით, თავად ქართული საზოგადოება, ვერ ხედავს დასაყრდენს ამ პარტიებში, და ის, რომ ევროსკეპტიკური განწყობები იზრდება ჩვენს საზოგადოებაში, ამანაც იმოქმედა, რომ პროდასავლურმა პარტიებმა, მოულოდნელად, ასეთი მცირე მხარდაჭერა მიიღეს.“

„თავისუფალ დემოკრატები“ ირაკლი ალასანიას გარდა, ასევე დატოვა: პარტიის გენერალურმა მდივანმა, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. მან თბილისის 4-ე მაჟორიტარულ ოლქში, მხოლოდ 1 848 ხმა მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა წავიდეს, რომლებიც პარტიის გამგეობის წევრები არიან.

დღეის მდგომარეობით, ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ მნიშვნელოვან პოსტებს იკავებენ საქართველოს მთავრობაში: მათ შორის არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

XS
SM
MD
LG