საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კენჭისყრის პროცესზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე ამერიკის ხმა საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსს- მაიკლ ჩეჩირეს ესაუბრა.
ამერიკის ხმა: მაიკლ, ინტერვიუს განმავლობაში თქვენს ბოლო სტატიას შევეხებით რომელიც „ფორინ პოლისიში“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ, და დამოუკიკდებლად იქ გაჟღერებული თემებისა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გკითხავთ. რას იტყოდით ამ პროცესებზე, იყო თუ არა, თქვენი აზრით, კენჭისყრა შერიგებისკენ გადადმული ნაბიჯი.
მაიკლ ჩეჩირე: თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ის არასდროს ზედაპირულად არ უნდა აღვიქვათ. რაც შეეხება კენჭისყრას, მიმაჩნია, რომ მთლიანობაში ეს პოზიტიური მოვლენა იყო და ამასთან, წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს თანამედროვე საპარლამენტო დემოკრატიად ჩამოყალიბების პროცესში. ძალიან კარგია, რომ ამ ცვლილებებმა პარლამენტის ხმათა უმრავლესობა მიიღო. განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის როლს როცა მან ყველაფერი გააკეთა, და სარეიტინგო კენჭისყრაზე წასვლით საბოლოო შედეგის ეფექტურობის უზრუნველყოფა შეძლო. თუმცა კენჭისყრამდე სიტუაცია საჭიროზე მეტად პოლიტიზირებული იყო, და ეს ყველამ დაინახა. უსუფაშვილმა შეძლო თავისი მიდგომით მხარეებს შორის არსებული განსხვავებები დაებალანსებინა.
საჯარო განხილვებსა და არასამთავრობო ჯგუფების რეკომენდაციებს რაც შეეხება-და თუ რამდენად იყო ისინი გათვალისწინებული საბოლოო პროექტში, ამაზე კომენტარის მოსმენა ისევ მათგან იქნება უპრიანი.
ამერიკის ხმა: და თქვენ ამბობთ, რომ ახლა კოჰაბიტაციის ახალ ფაზაში შედის ქვეყანა? რა მოლოდინი გაქვთ პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით?
მაიკლ ჩეჩირე: არავინ ფიქრობს, რომ დღეის შემდეგ ყველაფერი უფრო გლუვი და მშვიდობიანი იქნება. მეც ამ აზრის ვარ. იმიტომ, რომ [ტონალობა] აქამდე პოლიტიკურ მხარეებს შორის მართლაც ძალიან შემტევითი გახლდათ გაადვილებულ თანამშრომლობას არც მომავალში უნდა ველოდოთ. თუმცა ყველაზე ცუდი ალბათ წარსულშია. კოჰაბიტაციას აქამდე მტრული, წინააღმდეგობრივი რიტორიკა ახასიათებდა. მაგრამ მაშინ, როცა უსუფაშვილი და ბაქრაძე შეხვდნენ, გამოჩნდა კარგი ინდიკატორი რომ დიალოგი მართლაც არსებობდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პრეზიდნეტის გამოსვლის ტონი, ჩემი აზრით, არ იყო შესატყვისი, ის [მხოლოდ] თავისი გუნდის წევრებს მიმართავდა, და მოწინააღმდეგეები ლამის რუს განგსტერებად შეაფასა. ეს არ არის ძალიან მომგებიანი ქვეყნისთვის.
ამერიკის ხმა: „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ხოტბას ასხამთ საქართველოს ახალ იუსტიციის მინისტრს. და მაინც, რას აფუძნებთ თქვენს შეფასებებს როცა მასზე საუბრობთ? და კიდევ ერთი: არაერთხელ ახსენებთ ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავების შემთხვევებს და დღევანდელი სამინისტროს ძალისხმევას ამ პროცესში. მაგალითად მოგყავთ ეუთოს/ოდირის ოფისის მონიტორინგი, თუმცა მათ მონიტორინგის შედეგები ჯერ არ დაუდიათ. თქვენ პირადად როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს და რას ელით მონიტორინგის ჯგუფიდან?
მაიკლ ჩეჩირე: თეა წულუკიანზე სტატიაში რამდენიმე კუთხით ვილაპარაკეთ და მასზე აქცენტი გავაკეთეთ როგორც იუსტიციის მინისტრზე, რომელიც კანონის უზენაესობის [სიტუაციას] განაგებს. ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სფეროა. ახლანდელი მინისტრის განსხვავებები ამჟამინდელ პრეზიდენტისგან, რომელიც წარსულში იუსტიციის მინისტრი იყო, აშკარაა მრავალ ფლანგზე. ქალბატონი წულუკიანის შემთხვევა რამდენიმე ფაქტორს აერთიანებს და დასავლურ განათლებას, სამუშაო გამოცდილებას, მის სარეფორმო ინიციატივებსა და მიმდინარე პროცესების ხელმძღვანელობას უთავსებს ერთმანეთს.
თუმცა პირადად, ამერიკელებისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს ის სტენფორდში სწავლობდა, თუ ჭიათურაში. მთავარია როგორი საჯარო მოხელე, და იუსტიციის მინისტრია.
ამასთან ერთად, დასავლეთისთვის მას რათქმა უნდა შთამბეჭდავი განათლება აქვს მიღებული და ასევე იმედისმომცემია მისი სარეფორმო გეგმა. და მაინც, უნდა ითქვას რომ მნიშვნელოვანია, რომ ჯერ საკმაოდ შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს ამ მოვლენების შესაფასებლად, თუმცა ის რაც ვნახეთ-თუ როგორი წინდახედული, ფრთხილი მიდგომით ჩაუდგა ის სათავეში ძალიან წინააღმდეგობრივ საკითხებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის [ინიციატივას], ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებისა და გამოძიების შემთხვევებს, თუნცაც საკუთარი დიპლომის დაცვის საკითხს-უკვე ბევრისმთქმელია. თეა წულუკიანზე სტატიაში ვთქვით, რომ ძალიან კარგია, როცა ეუთოს შეთავაზება გაეგზავნა პროცესების მონიტორინგისთვის. ჩემი მხრიდან ეუთოს დასკვნის პროგნოზირება არ იქნება მართებული, პირველ რიგში იმიტომ რომ მათ უფრო დიდ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა ვიდრე მე და არც ის შემიძლია განვსაზღვრო თუ რამდენად დეტალური იქნება მათი დასკვნა. საგამოძიებო პროცესები, ჩემი შეხედულებით, (დაკავებების ფაქტებს ვგულისხმობ) საკმაოდ მშვიდად წარიმართა. დასავლეთში გვესმოდა, თითქოს დაკავებას შედეგად გულაგის ტიპის ტუსაღობა მოსდევდა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საპატიმროში დღეს ცოტა ადამიანია, და საქმე მასშტაბურ წმენდასთან არ გვაქვს.
ამერიკის ხმა: ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების სპექტრში, რამდენად პროგნოზირებადი, სანდო და ან უკეთესი პარტნიორია საქართველო ამ ეტაპზე დასავლეთის თვალში?
მაიკლ ჩეჩირე: ამ კითხვაზე ორი პასუხი მაქვს: პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ საქართველო პარტნიორებისთვის გასულ პერიოდთან შედარებით არ არის განსხვავებული პარტნკიორი. მესმის რომ დასავლეთის სხვადასხვა დედაქალაქში ჯერ კიდევ იყოს ერთგვარი თავდაჭერილობა ახალი მთავრობის მიმართ. მაგრამ ამას პრაქტიკული გამოხატულება არ ექნება. საქართველო რჩება აქტიურ პარტნიორად ევროატლანტიკური გაერთიანებისთვის. ახალმა მთავრობამ პრო დასავლური ორიენტაცია არაერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა. და ამასთან ერთად ვიტყვი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობამ ხალხს თავისუფლად ამოსუნთქვის საშალება მისცა. ამ პირობებში დასავლეთში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კონსენსუსი ყალიბდება რომ ახალი მთავრობის არ უნდა ეშინოდეთ.
„პროგნოზირებადზე“ აქ გაგცემთ პასუხს: საქართველოში შიდა მდგომარეობა არ არის მშვიდი, კოჰაბიტაციაც საკმაოდ სუსტია, მაგრამ დროის განმავლობაში თუ ახალი მთავრობა დაამტკიცებს რომ დემოკრატიულ ინსტიტუციებზე და პოზიტიურ პოლიტიკურ შედეგებზეა აქცენტირებული, დასავლეთში უფრო მეტად გაიზრდება ნდობის ფაქტორი.“